“ვის თვლის სახელმწიფო მდიდრად? რა კრიტერიუმ(ებ)ი აქვს ამის განსასაზღვრად?” – ცვატა ბერძენიშვილი

სტატისტიკოსი, მონაცემთა ანალიტიკოსი, ცვატა ბერძენიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
ორიოდ სიტყვა მინდოდა მეთქვა ქონების გადასახადზე, თუმცა, ტრადიციულად, ცოტა მეტი გამოვიდა.
ქონების გადასახადი, თავისი არსით, არის მდიდრების გადასახადი – სახელმწიფო თავის მდიდარ მოქალაქეებს, სხვებთან შედარებით, დამატებით ბეგრავს. დაბეგვრის ობიექტია უძრავი ქონება, თვითმფრინავები, იახტები და, 2010 წლიდან, ავტომობილებიც.
საინტერესოა შეკითხვა – ვის თვლის სახელმწიფო მდიდრად? რა კრიტერიუმ(ებ)ი აქვს ამის განსასაზღვრად? საგადასახადო კოდექსის მიხედვით, თუ ოჯახის მიერ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი აღემატა 40 000 ლარს, მაშინ ქონების გადასახადის გადახდა უწევს. თან, ეს 40 000 ლარი დარიცხული ხელფასია.
ავიღოთ სტანდარტული ოჯახი – ცოლი და ქმარი ორი მცირეწლოვანი შვილით. თუ წყვილი დასაქმებულია, რამდენი უნდა იყოს მათი თვიური შემოსავალი, რომ მდიდრებად ჩავთვალოთ? მარტივი არითმეტიკით (საპენსიოს და საშემოსავლოს გამოკლებით) ვნახავთ, რომ თუ თითოეულის თვიური ხელზე ასაღები ხელფასი 1306 ლარზე მეტია, მაშინ მათ ვთვლით მდიდრებად.
ჰოდა ახლა თავად განსაჯეთ, ცოლ-ქმარს, 1300 ლარიანი ხელფასით, ორი ბავშვით და, ხშირად, ასაკოვანი მშობლებით (პენსია რომ, რეალურად, არაფერში ჰყოფნით ადამიანებს, ცხადია ეგ) ვთვლით მდიდარ ადამიანებად და დამატებით გადასახადს ვაკისრებთ?
თან ეს რიცხვი (40 000) პირველად საგადასახდო კოდექსში 2004 წლის დეკემბერში გამოჩნდა და მას მერე არ შეცვლილა.
საქსტატის ინფლაციის კალკულატორი გვეუბნება, რომ 2004 წლის დეკემბრიდან 2025 წლის ივლისამდე ინფლაცია 170.45%-ს შეადგენს და მაშინდელი 40 000 ლარი დღევანდელი 108 181 ლარია დაახლოებით, რაც, ორ ადამინაზე, თვიურად, ასევე დაახლოებით, 3534 ლარია ხელზე ასაღები შემოსავალი.
ვფიქრობ, არც ეს რიცხვია ის, რის გამოც ადამიანს შეგვიძლია “მდიდარი” ვუწოდოთ, მაგრამ, არსებულთან შედარებით, ცა და დედამიწაა.