ვის ეკუთვნის შენობა თვალჭრელიძის ქუჩაზე, საიდანაც დევნილების გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს?

დღეს, 24 ივლისს თბილისში თვალჭრელიძის ქ. N1-ში იძულებით გამოსახლების პროცესი დაიწყო.

საქმე ისაა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ცნობით, საუბარია ამორტიზებული შენობა-ნაგებობაზე, სადაც 150-მდე ოჯახი, მათ შორის დევნილები ცხოვრობენ. პროცესი მათი ნაწილის უკიდურესი პროტესტის პარალელურად მიმდინარეობს.

დღესვე, დედაქალაქის მერმა თქვა, რომ მერია არაფერ შუაშია, რადგან შენობა კერძო საკუთრებაა.

“ეს შენობა არის კერძო საკუთრება, ძალიან ბევრი ბრალდება გაჟღერდა და დედაქალაქის მუნიციპალიტეტი არაფერ შუაშია – ამ შენობა-ნაგებობაში შეჭრილი იყო ადამიანების გარკვეული რაოდენობა, ის ავარიულია და შესაბამისად, საჭიროა მისი გამოთავისუფლება”, – განაცხადა კალაძემ.

BM.GE დაინტერესდა, ვის ეკუთვნის შენობა “ისტ-ფოინთის” მიმდებარედ. როგორც აღმოჩნდა, თვალჭრელიძის პირველ ნომერში მდებარე შენობა-ნაგებობები კომპანია შპს “ბლექ სი ფროფერთიმ” 2022 წელს შეიძინა. კომპანიას შპს ორიენტბილდ ისთეით-ი ფლობს, რომლის 100%-იც თავის მხრივ აზერბაიჯანის მოქალაქის აბულფაზ მელიკოვის საკუთრებაა.

ოფიციალური ინფორმაციით, შენობა კომპანიამ საინვესტიციოდ შეიძინა. თუმცა ინვესტორსა და შენობაში მცხოვრებ მოსახლეობას შორის შეთანხმება ვერ შედგა.

“კომპანიამ შენობაში შეჭრილები ფართის დატოვებაზე წერილობით და სიტყვიერად არაერთხელ გააფრთხილა, თუმცა უშედეგოდ. სწორედ ამიტომ, 2023 წლის 8 ნოემბერს, “ბლექ სი ფროფერთიმ” საკუთრებაში შეჭრილი პირების გამოსახლების თაობაზე სასამართლოს მიმართა”, – ამბობდნენ კომპანიაში.

თბილისის საქალაქო სასამართლო, 2024 წლის 8 აპრილს დააკმაყოფილა “ბლექ სი ფროფერთის” ყველა სასარჩელო მოთხოვნა, დაადგინა შენობებში შეჭრილი პირების გამოსახლება და ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კომპანიისთვის გადაცემა. საბოლოოდ პროცესი რამდენჯერმე გადაიდო.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ცნობით, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები კრედიტორ მხარესთან, რომელიც ასევე მზად იყო, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ჩართულიყო უკანონოდ მცხოვრები ოჯახების დროებით ქირით უზრუნველყოფის საკითხში, რაზეც ოჯახების ნაწილმა უარი განაცხადა.