ზოგიერთი კომპანია სერიოზულად განიხილავს მთვარეზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შესაძლებლობას. მაგრამ არსებობს თუ არა ამ პროცესის მარეგულირებელი წესები და ვის ეკუთვნის მთვარის სიღრმეებში არსებული საგანძური?
55 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც პირველმა ადამიანმა ნილ არმსტრონგმა მთვარეზე ფეხი დადგა.
“ეს არის ერთი პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, თუმცა გიგანტური ნახტომი კაცობრიობისთვის“, – თქვა იმ დროს ამერიკელმა ასტრონავტმა და ეს ფრაზა სლოგანად იქცა.
მას კოლეგა ბაზ ოლდრინიც შეუერთდა. როდესაც მთვარეზე დაფრენილი აპარატის, “იგლის“ კიბეებზე ჩადიოდა, გახედა უკაცრიელ ლანდშაფტს და წამოიძახა: “დიდი გვალვა“.
ეს ყველაფერი 1969 წლის ივლისში მოხდა. ასტრონავტები “აპოლო 11“-ის მისიის წევრები იყვნენ. ბოლოს ადამიანები მთვარეზე 1972 წელს დასხდნენ, თუმცა ეს ყველაფერი შეიძლება უახლოეს მომავალში მკვეთრად შეიცვალოს.
· რამდენიმე კომპანიამ უკვე გამოთქვა სურვილი, ჩაატაროს გეოლოგიური საძიებო სამუშაოები მთვარეზე და თუ შესაძლებელია, დაიწყოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება.
წლების წინ, ჩინური კოსმოსური ზონდი Chang’e-4 პირველივე ცდაზე უსაფრთხოდ დაჯდა მთვარეზე. სადგურმა ის მცენარის თესლები ჩაიტანა, რომლებიც მოგვიანებით აღმოცენდნენ. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ტესტების შედეგებს მთვარის ექსპერიმენტული ბაზის შესაქმნელად გამოიყენებენ.
გარდა ჩინურისა, დედამიწა-მთვარის სატრანსპორტო პლატფორმის შექმნას და მთვარის პოლუსებზე არსებულ კრატერებში მყარ მდგომარეობაში არსებულ წყალზე კვლევის ჩატარებას იაპონური კომპანია iSpace-იც გეგმავს.
· თუმცა საინტერესოა, შესაძლებელი იქნება თუ არა მთვარეზე წიაღისეულის მოპოვება და ვინ აკონტროლებს ამ პროცესს?
ვიდრე NASA მთვარეზე პირველი ასტრონავტების გაგზავნას გეგმავდა, გაერომ შეიმუშავა კოსმოსის შესახებ ხელშეკრულება, რომელსაც ხელი 1967 წელს მოეწერა. შეერთებული შტატები, საბჭოთა კავშირი და გაერთიანებული სამეფო იმ ქვეყნებს შორის იყვნენ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს შეთანხმებას.
დოკუმენტში ნათქვამია:
“კოსმოსი, მათ შორის მთვარე და სხვა ციური სხეულები, არ ექვემდებარება ეროვნულ მითვისებას სუვერენიტეტის პრეტენზიით, გამოყენებით, ოკუპაციით ან სხვა ნებისმიერი საშუალებით“.
“ალდენ ადვაიზერსის“ აღმასრულებელი დირექტორი ჯოან უილერი ამ შეთანხმებას კოსმოსის “მაგნა ქარტიას“ უწოდებს. მისი არსებობის გამო, მთვარეზე ეროვნული დროშის აღმართვა (რაც არმსტრონგმა და სხვა ასტრონავტებმა გააკეთეს) აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს, რადგან არავის – არც ადამიანს, არც კომპანიას, არც ქვეყანას – არ შეუძლია იქ კანონიერად “ტერიტორიის დაკავება“.
პრაქტიკული თვალსაზრისით, 1969 წლამდე მთვარეზე ტერიტორიების საკუთრების უფლებისა და მისი წიაღისეული რესურსების განვითარების საკითხი არარელევანტური იყო. თუმცა, ტექნოლოგიების განვითარების წყალობით, დედამიწის თანამგზავრზე კომერციული მოპოვება აღარ ჰგავს ფანტაზიას.
1979 წელს გაერომ მიიღო შეთანხმება “მთვარეზე და სხვა ციურ სხეულებზე სახელმწიფოების საქმიანობის შესახებ“, რომელსაც ასევე “მთვარის შეთანხმებას“ უწოდებენ. იგი ხაზს უსვამს მთვარის ექსკლუზიურად მშვიდობიანი გამოყენების პრინციპს და აცხადებს, რომ მთვარეზე სადგურების მშენებლობა, ადგილმდებარეობის არჩევა და სხვა პროცედურები უნდა იყოს კოორდინირებული გაეროსთან.
· დოკუმენტში ნათქვამია, რომ მთვარე და მისი მინერალური რესურსები მთელი კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობაა.
“მთვარის შეთანხმების“ მთავარი პრობლემა ის არის, რომ მხოლოდ 11 ქვეყანამ მოახდინა მისი რატიფიცირება. მათ შორის არიან საფრანგეთი და ინდოეთი. კოსმოსური პროგრამების მქონე სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა, შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა, არ მოაწერეს ხელი დოკუმენტს. დიდი ბრიტანეთიც გვერდზე დარჩა.
ამიტომ შეთანხმებებში მოცემული დებულებების შესრულების მონიტორინგი უკიდურესად რთულია.
2015 წელს აშშ-მა მიიღო “კომერციული კოსმოსური გაშვების კონკურენციის აქტი“, რომელიც ასტეროიდებიდან მინერალების მოპოვების შესახებ, მოქალაქეების უფლებაზე საუბრობს. ის მთვარეზე არ ვრცელდება, მაგრამ მისი მოქმედების მექანიზმი შეიძლება გაფართოვდეს.
2017 წელს ლუქსემბურგმა მსგავსი კანონი მიიღო. ის კოსმოსში აღმოჩენილი რესურსების საკუთრებას ითვალისწინებს.
წყარო: ambebi.ge
