ისტორიული სასახლეები, მიწის ნაკვეთები, ხელოვნების 5000-მდე ნიმუში, ძვირადღირებული ავტოპარკი და ა.შ. – ვის დარჩება ზურაბ წერეთლის 2 მილიარდად შეფასებული ქონება?
მოქანდაკე ზურაბ წერეთელი 22 აპრილს, ღამით გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მომენტში მის გვერდით იყვნენ შვილები და შვილიშვილები. სწორედ მათ მოუწევთ ახლა მრავალმილიარდიანი მემკვიდრეობის გაყოფა.
წერეთელს რეალურად რა ოდენობის ქონება დარჩა უცნობია. ის 2010 წელს რუს მილიარდერთა სიაში ორი მილიარდი დოლარით მოხვდა. თუმცა თავად ქართული წარმოშობის მონუმენტალისტმა უარყო მედიაში გავრცელებული ეს ცნობა და გამოცემას სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.
მოკლედ, არაოფიციალური ინფორმაციით, ზურაბ წერეთლის სახელზე, დიდძალი ქონება ირიცხებოდა – ძვირადღირებული სპორტული მანქანები, 57 ათასი მ² უძრავი ქონება და ხელოვნების 5000 – მდე ნიმუში.
ცნობილია, რომ ბოლო წლებში მოქანდაკე მეორე მეუღლესთან, 46 წლით უმცროს ტატიანა კოჩემასოვასთან ერთად, სამოქალაქო, დაურეგისტრირებელ ქორწინებაში ცხოვრობდა. პირველი ქორწინებიდან წერეთელს ჰყავს ქალიშვილი ელენა (დაიბადა 1959 წელს), რომელსაც მამასთან მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდა, ყველაფერში ეხმარებოდა და მხარს უჭერდა. რაც შეეხება მეორე, არაოფიციალურ ქორწინებას, წყვილმა ორი ქალიშვილი – ლუდმილა და ტატიანა იშვილეს.
წერეთლის მემკვიდრეობაზე პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს მის ერთ ბიოლოგიურ და ორ ნაშვილებ ქალიშვილებს. ასევე სამ შვილიშვილს, ოთხ შვილთაშვილს და “სამოქალაქო“ ცოლს.
ცნობილმა მოქანდაკემ, მხატვარმა და არქიტექტორმა დატოვა არა მხოლოდ ცნობილი მონუმენტები, არამედ ათობით ათასი კვადრატული მეტრი უძრავი ქონება, რამდენიმე ბიზნესი, ასევე ელიტური ავტომობილების სოლიდური ავტოპარკი.
2021 წლისთვის მოქანდაკის ავტოპარკში ირიცხებოდა ხუთი Mercedes-ის, ერთი Bentley-ისა და ორი Rolls-Royce-ის ავტომობილი. გარდაცვალების მომენტში წერეთლის სახელზე იყო, სულ მცირე, 14 კომპანია. თანამედროვე ხელოვნების მოსკოვის მუზეუმის არაკომერციულმა კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდმა, რომლის პრეზიდენტიც წერეთელი იყო, 2024 წელს 14 მილიონი რუბლის წმინდა მოგება მიიღო.
წერეთელი ქალიშვილ ელენასთან ერთად ფლობდა შპს “არკა ჰოლდინგს“. გასულ წელს ფირმამ მხატვრის ოჯახს 24,1 მილიონი მოუტანა. მის საკუთრებაში გახლდათ ისტორიული სასახლეები მოსკოვის გულში, მას ასევე 56,9 ათასი კვადრატული მეტრი უძრავი ქონება დარჩა. მათ შორის ხუთი მიწის ნაკვეთი, ორი სახლი, ხუთი ბინა, ასევე 30 არასაცხოვრებელი ფართი.
90-იან წლებში მოსკოვის ხელისუფლებამ ზურაბ წერეთელს უვადო სარგებლობაში გადასცა მიწები მოსკოვის ცენტრში, ბოლშაია გრუზინსკაიას ქუჩაზე, სადაც ორი ისტორიული სასახლე მდებარეობდა. იმ მომენტისთვის წერეთელი უკვე ამ შენობების მფლობელი იყო, ადრე ერთ-ერთ მათგანში გერმანიის საელჩო იყო განთავსებული, ახლა ამ შენობაში ზურაბ წერეთლის სახელოსნოა.
ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქალაქის ხელისუფლებამ მოქანდაკეს მიწები გადასცა. 1994 წელს მოსკოვის მთავრობამ უვადო სარგებლობაში გადასცა “სასწაულების საბავშვო პარკის ფონდს“, რომელიც წერეთელმა დააარსა, 330 ჰექტარი მიწა ნიჟნიე მნევნიკში. იქ “რუსული დისნეილენდის“ მშენებლობა დაანონსდა, მაგრამ არასოდეს აშენებულა. გასართობი პარკის ნაცვლად, ნაკვეთზე გაჩნდა რესტორანი “ერმაკი“, რომლის თანამფლობელიც ზურაბ წერეთელი იყო.
რესტორანი ცნობილი იყო იმით, რომ მას ქვეყნის პირველი პირები სტუმრობდნენ, მათ შორის ვლადიმერ პუტინიც. თუმცა, 2007 წელს წერეთელს მიწა ჩამოართვეს, ხოლო 2022 წელს “ერმაკი“ დაანგრიეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ზურაბ წერეთლის სახელზეა რეგისტრირებული ბინა 12-სართულიან კორპუსში, ბოლშაია იაკიმანკას ქუჩაზე. იქ მხოლოდ სამ და ოთხოთახიანი ბინებია, ხოლო წერეთელმა ორი მათგანი გააერთიანა. ასეთი ბინა ახლა სულ მცირე 150 მილიონი რუბლი უნდა ღირდეს. 2010 წელს საზოგადოებრივმა მოძრაობა “არხნაძორმა“ რამდენიმე წლის წინ წერეთელს მოსკოვის ზოოპარკთან ახლოს, ვოლკოვის შესახვევში სასახლე აღმოუჩინა. ისტორიულ შენობაში, გრაფი ზუბოვის სახლში, სავარაუდოდ, უკანონო რესტავრაცია მიმდინარეობდა.
გრაფ პლატონ ზუბოვის სასახლე 1840-იან წლებში აშენდა და ახლა მისი ფასადი მთლიანად სამშენებლო ბადით არის დაფარული.
ზურაბ წერეთლის უძრავი ქონების შესახებ არაერთხელ გახდა ცნობილი სასამართლო პროცესების გამო. კერძოდ, ზურაბ წერეთელი ფლობდა შენობებსა და ნაგებობებს, რომლებიც განლაგებული იყო 26,9 ათას კვადრატულ მეტრზე ავიამოტორნაიას ქუჩაზე. გარდა ამისა, 2010 წელს მხატვარს შენობა აღმოაჩნდა ტოვარიშჩესკის შესახვევში: მოსკოვის ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა 200 კვადრატული მეტრის უკანონო მითვისების გამო. მას ასევე რამდენიმე უძრავი ქონების ობიექტი აღმოუჩინეს ბრიანსკაიას ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ “ევროპის“ გვერდით: 2015 წელს ქალაქის ხელისუფლებამ მოითხოვა მხატვრისგან მის სახელოსნოებზე მიშენებული სავაჭრო ობიექტების დემონტაჟი.
სახლი პერედელკინოში, სადაც ბოლო წლებში დიდ დროს ატარებდა სააგარაკე ნაკვეთზე 2016 წელს გაიხსნა. მასზე განთავსებულია მუზეუმი მოქანდაკის ნამუშევრებით ღია ცის ქვეშ. შესვლა იქ უფასო იყო, ხოლო ექსპონატებით სავსე ბაღის კარს ზოგჯერ თავად წერეთელი აღებდა. სახლის შიგნით მისი სახელოსნო იყო, ტურისტები პერიოდულად აკვირდებოდნენ ფანჯრებიდან, თუ როგორ მუშაობდა მხატვარი ტილოებზე. თუმცა, პანდემიის დროს და მის შემდეგ, სტუმრების შეშვება შეწყდა.
პერედელკინო – სააგარაკე დასახლება ვნუკოვოში, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებში გაჩნდა. აქ ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ XX საუკუნის გამოჩენილი მწერლები. სწორედ ამიტომაც მიიღო ამ ადგილმა სახელწოდება “მწერალთა დასახლება“.
ვის დარჩება მემკვიდრეობა?
ზურაბ წერეთელი დაქორწინებული იყო თავადის ასულ ინესა ანდრონიკაშვილზე, რომელიც 1998 წელს გარდაიცვალა და თბილისშია დაკრძალული. სწორედ იქ, დიდუბის პანთეონში, მეუღლის გვერდით დაკრძალავენ მხატვარსაც.
ზურაბ წერეთლის არაოფიციალური ქვრივი ტატიანა კოჩემასოვა მასზე ზუსტად ორჯერ უმცროსია. ის 46 წლისაა. გარდა ამისა, მხატვარი ზრდიდა ორ ნაშვილებ ქალისვილს – ლუდმილას და ტატიანას. ადვოკატ ვლადიმერ პოსტანიუკის თქმით, ის, თუ ვის დარჩება მოქანდაკის ქონება, ანდერძის არსებობაზე ან არარსებობაზეა დამოკიდებული. “თუ ის შედგენილია, მაშინ ქონება დოკუმენტის შესაბამისად გადანაწილდება. ამასთანავე, ძალაში შევა უკანასკნელად შედგენილი ვერსია. ქონების ანდერძით დატოვება შეიძლება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის. გარდაცვლილის ნება უპირობოდ შესრულდება“, – განმარტა ადვოკატმა.
ანდერძის არარსებობის შემთხვევაში, მთავარი მემკვიდრეები შვილები გახდებიან. ამასთანავე, იურისტის თქმით, ნაშვილებ გოგონებს აქვთ აბსოლუტურად თანაბარი უფლებები ბიოლოგიურ შვილთან ერთად. რაც შეეხება “სამოქალაქო“ ცოლს, ანდერძის გარეშე ამ სიტუაციაში მას ნაკლებად სავარაუდოა, რაიმეზე პრეტენზია ჰქონდეს.
ზურაბ წერეთელს არასოდეს უყვარდა პირადი ცხოვრებაზე საუბარი, თუმცა ინესა ანდრონიკაშვილზე 40 წელი იქო დაქორწინებული. ამ ქორწინებაში შეეძინა ქალიშვილი ელენა, რომელმაც მამამისის მსგავსად შემოქმედებითი გზა აირჩია და გახდა გრაფიკოსი, გამოფენის დიზაინერი და რუსეთის სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი. მოგვიანებით, ელენას შეეძინა სამი ვაჟი ვასილი, ვიქტორი და ზურაბი.
ახალგაზრდა მუზა
1998 წელს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მხატვარი დიდხანს იყო მარტო. მხოლოდ 2004 წელს გახდა ცნობილი მისი ახალი სიყვარულის შესახებ.
წერეთლის მუზა ხელოვნებათმცოდნე და მხატვარი ტატიანა კოჩემასოვა გახდა. ქალი ოსტატზე 46 წლით უმცროსი იყო. ზურაბი და ტატიანა ოფიციალურად არ იყვნენ დაქორწინებულები, მაგრამ ისინი ერთად იყვნენ მხატვრის სიცოცხლის ბოლო დღემდე.
ზურაბ წერეთელმა ტატიანას თავის მუზას უწოდა და ის მხატვარს ყველაფერში უჭერდა მხარს.