OpenAI-ში დიდი ამბებია — პირველი კამპანია ჩაუშვეს ChatGPT-ისთვის, რათა გვაჩვენონ, რამდენად გამოსადეგია AI პლატფორმა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამისთვის კი რამდენიმე 30-წამიან სიუჟეტს გვაცნობენ.
„დღეს ChatGPT-ის პირველ მასშტაბურ ბრენდის კამპანიას ვუშვებთ, რომელშიც ხაზგასმულია, თუ როგორ ხსნის ბრენდი ყოველდღიურ შესაძლებლობებს, ეხმარება ადამიანებს სწავლაში, რაღაცების შექმნასა და განვითარებაში. ყოველკვირეულად 700 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს ChatGPT-ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კამპანია კი სწორედ ამას ზეიმობს. ჩვენი მესიჯი ძალიან მარტივია. გვინდა, ვაჩვენოთ, როგორ იყენებენ ადამიანები ჩეტბოტს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რათა სხვებმაც მიიღონ შთაგონება“, — ამბობს ქეით რუჩი, OpenAI-ის მარკეტერი.
ეს არც მოგონილი ამბავია, National Bureau of Economic Research-ის ნაშრომის თანახმად, ჩეტბოტისთვის გაგზავნილი შეტყობინებების 70% პერსონალური გამოყენების იყო, რაც, თავის მხრივ, მიგვანიშნებს, რომ დიდი ენობრივი მოდელები ექსკლუზიურად მხოლოდ სამსახურებრივი დანიშნულებისთვის კი არ არის, არამედ ყოველდღიურადაც ჩვეულებრივ შეგვიძლია გამოვიყენოთ და ასე ცხოვრებაც გავიმარტივოთ.
უახლეს ვიდეოში ახალგაზრდებს ვხვდებით, სხვაგვარად რომ გითხრათ, მათ, ვინც ChatGPT-ის სამომხმარებლო ბაზის უმეტეს ნაწილს შეადგენენ… Dish გვაჩვენებს, როგორ იყენებს წყვილი ჩეტბოტს პაემანზე:
Pull Up-ში კი უკვე ახალგაზრდა კაცს ვეცნობით, რომელიც ChatGPT-ის დახმარებით აზიდვების გეგმას ასრულებს:
მესამე ვიდეოს Road Trip-ის სახელით ვხვდებით და ვხედავთ, როგორ უწყობს ძმა სიურპრიზს დას, რაღა თქმა უნდა, აქაც ჩეტბოტის რეკომენდაციებით:
როგორც გვეუბნებიან, მოცემულ სერიას მალე კიდევ რამდენიმე ვიდეო დაემატება, თუმცა როდის, ეს ჯერ უცნობია…
კამპანიაზე Isle of Any-ის შემოქმედებითმა გუნდმა იმუშავა.
marketer.ge
