„ვისურვებდი, ათჯერ უფრო მეტად იყოს ფასები გაზრდილი და ათჯერ მეტი იყოს ხელფასები“- შოთა ბურჯანაძე

„საქსტატის“ ცნობით, 2024 წლის სექტემბერში საქართველოში ინფლაცია 0.6%-მდე შემცირდა, რაც 2024 წლის მარტის შემდეგ ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მათივე ინფორმაციით, ფასების შემცირებაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა სურსათის ფასების წლიურმა კლებამ, რადგანაც გასულ წელთან შედარებით ფასები 0.3%-ით არის შემცირებული.
თუმცა, მიუხედავად ამისა, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.5 პროცენტით, რაც წლიურ ინდექსზე 0.25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაზრდილია როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე (11.1 პროცენტი), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (6.4 პროცენტი).
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის თქმით, ამის მიზეზი ის სტანდარტიზაციის პროცესია, რომელიც სტუმარმასპინძლობის სფეროში დაიწყო. ასევე, სარესტორნო ბიზნესში ხელფასების ზრდაც.
„,საქსტატის მონაცემები თუ არის, რომ გაძვირებულია ფასები, დავეყრდნოთ ამ მონაცემებს. თუმცა, მე ამაში დიდ პრობლემას ვერ ვხედავ. პრობლემა ის უფროა, ჩვენ მსყიდველუნარიან მოქალაქეები რამდენად გვყავს. გაძვირება არასდროს არ არის პრობლემა, თუ მსყიდველუნარიანი მოსახლეობა გყავს, რომელსაც გარკვეულწილად შეუძლია გადახდა.
ფასების გაზრდის მიზეზი ისაა, რომ სარესტორნო სფეროში სტანდარტიზაცია და განვითარება მიმდინარეობს. ის, რაც რესტორატორის მხოლოდ კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული მომხმარებელთან მიმართებით, ახლა კანონის ჩარჩოშია და შესაბამისად, საჭიროა, ყველა ამ ვალდებულების დაცვა, რათა მომხმარებელმა დაცულად იგრძნოს თავი.
ჩვენ ყველა, რესტორატორი თუ მეპატრონე, პირველ რიგში, მომხმარებელი ვართ და სადაც არ უნდა შევიდეთ, დაცულები უნდა ვიყოთ, რომ იქ მომზადებული კერძი ჯანსაღი იქნება. ამ სტანდარტიდან, ასევე სამუშაო საათებიდან და სახელფასო ბიუჯეტის გაზრდიდან გამომდინარე, ყველაფერი ცვალებადია. კოვიდამდე რომელიმე თანამშრომლის ხელფასი თუ იყო X, დღეს 2.5X არის.
ის, რომ რაღაც პროცენტზე 0.2 თუ 2%-ით გვაქვს გაძვირება, ინფლაციასთან ერთად, განვითარებასთან ერთად, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა“,- ამბობს ბურჯანაძე.
ბურჯანაძის აზრით, ფასების ზრდაზე აპელირება არასწორია, რადგან მაგალითად, ხინკალზე ფასის ცვლილება პრობლემას არ წარმოადგენს. მთავარი პრობლემა დაბალი ხელფასები და პენსიებია, რომელიც საქართველოს მოქალაქეს არ აძლევს საშუალებას გაძვირებული პროდუქტი შეიძინოს.
„ვისურვებდი, რომ ათჯერ უფრო მეტად იყოს ფასები გაზრდილი და ათჯერ მეტი იყოს ხელფასები. ეს ჩვენს ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედებს, თუ გვინდა, ტურისტული ქვეყანა ვიყოთ და ტურიზმი განვითარდეს. ტურისტი როცა შემოდის, მან ბევრი თანხა უნდა დატოვოს და არა 100$ გადაახურდაოს და ერთი კვირა იცხოვროს.
ჩვენ რაღაც „კლიშეში“ ვართ მომწყვდეული – ფასები არის გაძვირებული და ფასებს ებრძვიან პოლიტიკოსები. ფასებს კი არ უნდა ებრძოდეს, ხელფასების გაზრდაზე უნდა იყოს ორიენტირი და ამაზე უნდა იყოს მსჯელობა.
ჩვენ მუდმივად იმის ფიქრში თუ ვიქნებით, რომ ხინკალი ორი, ხუთი თუ ათი პროცენტით გაძვირდა, ცხოვრების დიდ და მნიშვნელოვან ნაწილს დავკარგავთ. ჩვენი მსჯელობის ორიენტირი უნდა იყოს, რომ ხელფასები იყოს გაზრდილი.
ჩემს სფეროში, დამერწმუნეთ, რომ ხელფასები ნამდვილად გაზრდილია. ეს ფასების ზრდაც, სტანდარტიზაციის გარდა, აისახება ხელფასებში და იმაზე, რაზედაც ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ.
ტურისტულ ქვეყანაში თუ ყველაფერი იაფი იქნება, მით უმეტეს ასეთ პატარა ქვეყანას თუ იაფი ტურისტული მომსახურება გვექნება, რომ მივიღებთ 15 მილიონ ტურისტი, თუ იმან არ დატოვა შესაბამისი თანხა, რა თქმა უნდა წარმატებას ვერ მოიტანს. მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვი საკმაოდ კარგად ჟღერს“,- ამბობს ბურჯანაძე.
შოთა ბურჯანაძემ ,,კომერსანტის დილასთან“ საუბარში თბილისში ჩატარებული ტურიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაც შეაჯამა. მისი აზრით, მსგავსი ღონისძიებები საქართველოს მიმართ ინტერესს გაზრდის, რაც შესაძლოა, პირდაპირი ფრენების წამახალისებელი გახდეს სხვადასხვა ქვეყანასთან.
,,ეს იყო ის ფორუმი, სადაც საქართველო დაინახეს იმ კუთხით, რა კუთხითაც უნდა დაენახათ. ეს ადამიანები, გარკვეულწილად გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან თავიანთ ქვეყნებში. ეს ქვეყნები ხშირ შემთხვევაში მდიდარ ქვეყნებს არ წარმოადგენენ, თუმცა ასეთებიც იყვნენ, მაგალითად .
უნდა აღინიშნოს ზურაბ პოლიკაშვილის ღვაწლი და ტურიზმის დეპარტამენტის ღვაწლი. ეს მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ არა მხოლოდ სტუმარი მივიღეთ და გავაკვირვეთ ჩვენი გასტრონომიით, არამედ იმ კუთხითაც, რომ აი, ეს ჩამოსული ხალხი იღებს გადაწყვეტილებას და ეს ყველაფერი დაეხმარება ჩვენს ქვეყანას, პირდაპირი ფრენების მიმართულებით. ანუ, თუ ისინი დაინტერესდებიან და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, ეს დაინტერესებისა და მიზიდულობის ძალა გადაკონვერტირდება პირდაპირ ფრენებში, რომელიც მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისთვის.
სწორედ ასეთი ტიპის ფრენებია მნიშვნელოვანი ტურიზმის ზრდისთვის. ჩვენ ბევრი მიმართულება გვაქვს ტურიზმში, არა მხოლოდ დასვენება და ღამის გათევა და უნდა ვიზრუნოთ ამ მიმართულებების განვითარებაზე, იქნება ეს გასტროტურიზმი, ღვინისადმი ინტერესი თუ ასე შემდეგ“,- ამბობს შოთა ბურჯანაძე.
ქრისტინა კვაჭანტირაძე

ასევე დაგაინტერესებთ