მამუკა მდინარაძე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და ტექნიკურ მისიას, რომელსაც ევროკავშირი გზავნის საქართველოში არჩევნებზე დარღვევების გამოსაკვლევად, გაუგებარ, კვაზიორგანოს უწოდებს.
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ამის შესახებ 19 ნოემბერს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა.
„რა ტექნიკური მისია? სადმე გაგიგიათ მსგავსი რაღაც? ვისთან უნდა ვითანამშრომლოთ, რა უნდა ვითანამშრომლოთ?! ჯერ გაგვარკვიონ, ვინ არის ეს ტექნიკური მისია, რა არის. ვინ ჩამოდის? კუბილიუსია ტექნიკური მისია? მასთან ვითანამშრომლოთ ობიექტურობის იმედით? ამ ჯაშუშების მესიჯ-ბოქსს რომ ახმოვანებს? ასეთი ხალხის მიერ შემდგარი თუ იქნება ტექნიკური მისია, რა უნდა ვქნათ. საგამოძიებო ორგანოა? სადამსჯელო სპეცრაზმია? შემრიგებელი კომისიაა, თუ რა ტექნიკური მისიაა?
არც თვითონ არ იციან ამ განცხადების ავტორებმა, რა იქნება ეს მისია“, — აცხადებს მდინარაძე.
მდინარაძის თქმით, საქართველოს არჩევნებთან მიმართებით საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა სუვერენიტეტის დარღვევაა და არჩევნების დარღვევები მხოლოდ ქართულმა უწყებებმა უნდა გამოიძიონ — შსს-მ და პროკურატურამ.
„ეს რაღაც კვაზიორგანოები ევროკავშირისა და საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოდან გასულია. თუნდაც ბორელი თუ იტყვის, რომ მან რაღაც უნდა გამოიძიოს. ეს არამხოლოდ არაკონსტიტუციურია, ასეთ რეგულირებას, არანაირი დოკუმენტი ევროკავშირსა და მსოფლიოში არ ითვალისწინებს“, — ამბობს მდინარაძე.
მდინარაძის ბრიფინგის პარალელურად, „ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მზად არიან ითანამშრომლონ საერთაშორისო პარტნიორებთან არჩევნების საკითხზე.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების გამოძიება უნდა ჩატარდეს.
„ჩატარებულმა არჩევნებმა დაადასტურა დემოკრატიული უკუსვლა. ოცნებამ დააშორა საქართველო ევროინტეგრაციას. ყველას გვინდა, საქართველო ევროპულ გზაზე დაბრუნდეს.
საქართველოში გავაგზავნით მისიას, განვიხილავთ დარღვევებს. არჩევნების გამოძიება უნდა ჩატარდეს. მთავრობამ კი ცვლილებები უნდა განახორციელოს. სხვაგვარად საქართველო ვერ შეძლებს ევროპულ გზაზე წინსვლას.
მოვიწვევთ ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, რათა მან წარუდგინოს ევროკავშირის წარმომადგენლებს თავისი ანგარიში.
მსურს ვუთხრა ქართველ ხალხს: ევროკავშირის კარი ღია იქნება, მაგრამ მთავრობის კურსი აშორებს საქართველოს ევროინტეგრაციისგან“, – აცხადებს იგი.
ბორელის თქმითვე, ტექნიკური მისიის მიზანი ადგილზე ვითარების გამოკვლევა იქნება.
“ქართული ოცნებისთვის” არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცია არცერთ საერთაშორისო პარტნიორს. პირიქით, ისინი ეთანხმებიან ოპოზიციის მოთხოვნას საერთაშორისო გამოძიების ჩატარების შესახებ.
არჩევნების შემდეგ პერიოდულად იმართება საპროტესტო აქციები. დღეს, 19 ნოემბრის დილას, პოლიციამ ძალადობრივად დაარბია ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე 2-დღიანი უწყვეტი აქცია. პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს აქციის მონაწილეებზე და ჟურნალისტებზე.