11 ოქტომბერს უეფა – ს ერთა ლიგის მორიგ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება. ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდება.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პირდაპირი ტრანსლაციის დაწყებამდე, გულშემატკივრის განწყობის ასამაღლებლად, ჰიპ-ჰოპის შემსრულებლების კონცერტი გაიმართება.
„11 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები უეფა – ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ შეხვედრას უკრაინასთან ჩაატარებს. თამაში პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება. ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქართველ გულშემატკივარს შესაძლებლობა მივცეთ, თამაშს პირველი რესპუბლიკის მოედანზე უყუროს. ჩვენ დიდ ეკრანებს დავამონტაჟებთ და შევძლებთ, ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ასე რომ, ვისაც დიდ ეკრანებზე ყურების სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ მობრძანდეთ. ადგილზე კვების ობიექტები განთავსდება და იქნება ძალიან სასიამოვნო გარემო. თამაშის დაწყებამდე, განწყობის ასამაღლებლად, ჰიპ-ჰოპის შემსრულებლების კონცერტი გაიმართება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დაგეგმილი მატჩის გამო, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმუშავებს.
„მატჩის დასრულების შემდეგ, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება. კონკრეტული მარშრუტების შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიის ვებგვერდზე განთავსდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს