„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, თსსუ- ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, სეზონური ვირუსების გავრცელების პიკი გადავლილია.
როგორც ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მიუხედავად მთლიანობაში ინფიცირების მაჩვენებლის შემცირებისა, გრიპი ჯერ კიდევ ყველაზე უფრო მეტად იდენტიფიცირებულ ვირუსად რჩება.
“ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვაა – გადავიარეთ, თუ არა პიკი? როდესაც სეზონურ გავრცელებაზე ვსაუბრობთ, მხედველობაში გვაქვს ნოემბრიდან მარტის ბოლომდე რესპირაციული ვირუსული ინფექციების ცირკულაციის მაღალი დონე, რაც, გარკვეულწილად, პროგნოზირებადია. ყოველთვის, როდესაც ამ სეზონურობას ვაფასებთ, აქცენტი პიკზე გვაქვს, თუ როდის ველოდებით ყველაზე მაღალ მაჩვენებელს. ის სტატისტიკა, რასაც “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი” გვაძლევს, დეკემბერ-იანვრის თვეზე უფრო მეტად მიგვითითებს და ცირკულაციის მაღალი მაჩვენებელი უხშირესად ამ პერიოდში არის ხოლმე. პირველ რიგში, რა თქმა უნდა გრიპი და გრიპისმაგვარი დაავადებები გვაქვს. წლევანდელი წელი ცოტათი განსხვავებული იყო, ვინაიდან არა მკაფიო, მაგრამ მაინც პიკი კალენდარული წლის მეშვიდე კვირაზე მოვიდა, ანუ ეს თებერვლის მეორე ნახევარია. თებერვლი მეორე ნახევრიდან დაწყებული, უკვე მარტის მეორე კვირაა და ყოველკვირეულად მცირდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციებით არიან ინფიცირებულები. ასე რომ, შეგვიძლია, თქმა – პიკი უკვე გადასულია და ეს პიკი თებერვლის მეორე ნახევარზე მოვიდა.
თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია მეორე საკითხი: იმ ვირუსებს შორის რომელია ყველაზე მეტად გავრცელებული. ამ კითხვის უკან, პირველ რიგში, აქცენტი იმაზე უნდა გავაკეთოთ, რჩება, თუ არა გრიპი ყველაზე ხშირად იდენტიფიცირებულ ვირუსად. მიუხედავად მთლიანობაში ინფიცირების მაჩვენებლის შემცირებისა, გრიპი ჯერ კიდევ ყველაზე უფრო მეტად იდენტიფიცირებულ ვირუსად რჩება. ანუ ის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები, რაც “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის”
მონაცემებით გვაქვს, მიუთითებენ, რომ გრიპი დღესაც ყველაზე მეტად გავრცელებულ ვირუსს წარმოადგენს (და ეს ბოლო ოთხი-ხუთი კვირის განმავლობაში ასეა). თუმცა, აქაც გარკვეული ტენდენცია ფიქსირდება, მაგალითად, თუ მარტის პირველ კვირას გრიპის სხვადასხვა ვარიანტების ჯამური მაჩვენებელი 85% იყო, ახლა ეს მაჩვენებელი 79%-მდე შემცირდა. თუმცა, მაინც მაღალია და აქედან გამომდინარე, ის შემთხვევები, როდესაც კლინიკურად ფიქსირდება მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, ხველა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ჯერ კიდევ გრიპის ზეგავლენით უნდა აიხსნას.
მეორე თავისებურება, რაც მიმდინარე სეზონს აქვს შემდეგია: სეზონის დასაწყისში უფრო მეტად A ტიპის ვირუსი იყო, ახლა B ტიპის ვირუსი სჭარბობს. არის ისეთი მოსაზრება, რომ B გრიპი ნაკლებად საშიშია, უფრო ნაკლებად აგრესიულია. თუმცა, ეს არასწორია, როგორც B, ისე A ტიპის ვირუსი ეს კლინიკურად ერთნაირად მიმდინარე დაავადებაა. არანაირი განსხვავება არ არსებობს, თქვენ B ტიპით ხართ ინფიცირებული, თუ A ტიპის გრიპის ვირუსით. ეს უფრო ვირუსოლოგებისა და ეპიდემიოლოგებისათვისაა საჭირო, საინტერესო ინფორმაცია. მოსახლეობისთვის მთავარია, იცოდეს, რომ მას გრიპის ვირუსი აქვს. ეს განსაზღვრავს გართულებებს, მკურნალობას. ეს ასევე პროგნოზს განსაზღვრავს”- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მისივე თქმით, მომდევნო კვირების განმავლობაში გრიპის შემთხვევების სიხშირის შემცირება და სხვა ტიპის ვირუსების მატებაა მოსალოდნელი.
“თუ ნოემბრიდან მარტის ჩათვლით პერიოდს ავიღებთ, გარკვეულ კვირებში კორონავირუსი ფიქსირდებოდა, გარკვეულ კვირებში არ ფიქსირდებოდა. ჩვენ გვქონდა სამკვირიანი პერიოდი, როდესაც კორონავირუსის არცერთი შემთხვევა დადასტურებული არ იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი – მისი გავრცელების მაჩვენებელი 2-3%-ზე მეტი არ ყოფილა.
ახლა, ბოლო კვირის განმავლობაში, რაც მოსალოდნელია და პროგნოზირებადია, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსის პროცენტული წილი მატულობს. ბოლო მონაცემით, ის 9%-ში შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში გრიპის სიხშირის შემცირებას და სხვა ტიპის ვირუსების მატებას ველოდებით , მათ შორის რესპირაციულ-სინციტიური ვირუსისა და რინოვირუსისა. ეს
მრავალწლიანი სტატისტიკის შედეგად მიღებული დასკვნაა, რაც მართლაც გვაძლევს შესაძლებლობას, ჩავთვალოთ, რომ გრიპის ვირუსის შემცირების კვალდაკვალ ამ ნიშას სხვა ტიპის ვირუსები დაიკავებენ.
არცერთი ვირუსი, რომელიც დღეს ქვეყანაში ცირკულირებს, გრიპის ვირუსის გარდა, დაავადების მძიმე მიმდინარეობით , საავადმყოფოში მოხვედრის მაღალი რისკით, გართულებების მაღალი რისკით არ
ხასიათდება. თუმცა, ამ სხვა ტიპის ვირუსებს შორის გართულებების ალბათობით პირველ ადგილზე რესპირაციულ-სინციტიური ვირუსია. ეს არის ვირუსი, რომელიც ორ წლამდე ასაკის ბავშვებში ბრონქიოლიტის განვითარებას იწვევს. ბრონქიოლიტი წვრილი ბრონქების ანთებაა, რომელიც კლინიკურად ვლინდება მკვეთრად გახშირებული სუნთქვით, შეტევითი ხასიათის ხველით, მსტვინავი ხასიათის სუნთქვით. მცირე ასაკის ბავშვებში საავადმყოფოში მოხვედრის ალბათობა ძალიან მაღალია. 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში ამ ვირუსმა, შეიძლება, ფილტვების ანთება გამოიწვიოს. ამიტომ ეს ვირუსი მოსახლეობის გარკვეული ფენებისთვის (ორ წლამდე ასაკი და 65 წელს გადაცილებული ასაკი ) რისკის შემცველია. უმრავლეს შემთხვევაში ეს ე.წ. თვითლიმიტირებადი დაავადებაა, მას განსაკუთრებული მკურნალობა არ სჭირდება, ის თავისით გაივლის, თუ, რა თქმა უნდა, ის გართულებები არ არის, რაზეც აღვნიშნეთ”- განაცხადა ჩხაიძემ.
მისივე თქმით, სტაციონარებში მიმართვიანობა ჯერჯერობით მაღალი რჩება.
“მომართვიანობის მაჩვენებებელი როდესაც ფასდება სეზონის განმავლობასა და მთელი წლის განმავლობაში ჩვენ აქცენტი ორ ძირითად მიმართულებაზე გვაქვს: პირველადი ჯანდაცვა და სტაციონარი. ის სტატისტიკა, რომელსაც ასევე “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი” გვაძლევს, მიუთითებს სწორედ აი ამ ორი განსხვავებული მიმართვიანობის მხრივ 100 000 მოსახლეზე როგორი მონაცემია. იმის გათვალისწინებით, რომ გრიპის ვირუსი მაინც ჭარბია, უპირატესად მომართვიანობა სტაციონარებში ფიქსირდება. მომართვიანობა განსაკუთრებით პედიატრულ სტაციონარებში კვლავ მაღალი რჩება. როდესაც ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, გრიპის შემთხვევების სტაბილურ შემცირებაზე ვისაუბროთ, ამის პარალელურად სხვა ტიპის ვირუსები იქნება დომინანტური და მომართვიანობა უკვე პირველად ჯანდაცვის რგოლში გაიზრდება. პიკი მართლაც გადავლილია და ამის რიცხვებიც შემიძლია, მოვიყვანო, 100 000 ინფიცირებულზე მეშვიდე კვირას 322 შემთხვევა იყო, ახლა 200-ის ფარგლებშია. განსაკუთრებით პედიატრიული სტაციონარების დატვირთვაა, ვინაიდან პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა ხუთ წლამდე ასაკისაა, ამ ასაკობრივ ჯგუფში გრიპი უფრო მძიმედ მიმდინარეობს და შესაბამისად, ჯერჯერობით სტაციონარებში მიმართვიანობა მაღალი რჩება”, – განაცხადა ჩხაიძემ.
