“ვირის რძეზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია” – “სახე-დარის” დამფუძნებელი მიზეზებზე

ვირის რძეზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად მნიშვნელოვნად გაზრდილია, – ამის შესახებ ვირის ფერმის დამფუძნებელმა თემურ ლომიძემ BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მოთხოვნის ზრდა ვირის რძის სასარგებლო თვისებების შესახებ ცნობადობის ამაღლებამ განაპირობა.
„ადრე თუ წარმადობა სამ დღეში ერთხელ 5-10 ლიტრი მქონდა, ახლა 15 ლიტრი მაქვს დღეში. ყოველდღე 10-12 ლიტრი რძე იყიდება, ანუ 12 პაციენტი მაინც გვყავს. მოთხოვნის ზრდა განაპირობა ცნობადობის ამაღლებამ. ექიმები აგზავნიან ჩემთან პაციენტებს“, – აღნიშნა თემურ ლომიძემ და დასძინა, რომ ამჟამად საქართველოში ყივანახველას შემთხვევებია მომატებული, რის გამოც, ექიმები პაციენტებს, განსაკუთრებით ბავშვებს, სწორედ ვირის რძის მიღებას ურჩევენ.
რაც შეეხება ვირის რძის ფასებს, 1 ლიტრი 80 ლარი ღირს.
„6 თვეა ფასი 10 ლარით გავზარდეთ. ადრე 70 ლარი ღირდა. ფასის ზრდა ვირის საკვების გაძვირებამ განაპირობა“, – აღნიშნა თემურ ლომიძემ.
ვირების ფერმა „სახე-დარი“ 120 სული ვირისგან შედგება. ფერმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს. გარდა ვირის რძისა, „სახე-დარი“ მისგან დამზადებულ სხვადასხვა პროდუქტს, მათ შორის კოსმეტიკურ საშუალებებსა და საპნებსაც აწარმოებს.