ძოწის ქუჩაზე, ნუცუბიძის ფერდის მიმდებარედ მთას ჭრიან – კლდეს ანგრევენ იმ ფერდზე, რომელიც გეოლოგების თქმით, მეწყერსასშიში ზონაშია. ირკვევა, რომ ფერდზე ორი მრავალსართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს.
სპეციალისტების შეფასებით, ძოწის ქუჩაც მშენებლობისთვის საშიშ ტერიტორიად ითვლება. გეოლოგები თვლიან, რომ ღვარცოფ და მეწყერსაშიშ ადგილებში კლდე არ უნდა მოიჭრას, რადგან ეს მეწყრულ პროცესებს კიდევ უფრო ააქტიურებს.
მინდელის ქუჩის მიმდებარედ საცხოვრებელ კორპუსებს “თეთრი კვადრატი” აშენებს – სამშენებლო სამუშაოებს “ბიქეი ქონსთრაქშენი” ახორციელებს. დაგეგმილია 6 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, საიდანაც ორი 14 სართულიანი იქნება, ერთი 15, სამი კი 22 სართულიანი. იმ ფერდზე, რომელსაც ახლა ჭრიან, ორი საცხოვრებელი კორპუსი უნდა აშენდეს. ადგილზე მისულ “პირველებს” ეუუბნებიან, რომ ისინი პასუხისმგებლობას იხსნიან, რადგან მშენებლობაზე ნებართვა მერიამ და საკრებულომ გასცა. გარიგებას კახა კალაძეც უარყოფს.
თეთრი კვადრატის 50-პროცენტიანი წილის მფლობელი ქართული ოცნების დეპუტატი შოთა ბერეკაშვილია – ის კახა კალაძის ახლო გარემოცვის წევრია. როგორ მიიღეს მშენებლობის ნებართვა კლდეზე ? ხომ არ გამოიყენა თავის ნაცნობობა და რატომ აშენებენ საცხოვრებელ კორპუსებს მეწყერსაშიშ ზონაში? – ამ კითხვებზე პასუხს ბერეკაშვილი გაურბის და პრესსამსახურთან გვამისამართებს. თეთრი კვადრატის პრესსამსახურს კი ამ დრომდე “პირველებისთვის” გეოლოგიური დასკვნა დაპირების მიუხედავად არ გადმოუგზავნია.
ოპოზიციას რჩება შთაბეჭდილება, რომ გარიგების გამო ბერეკაშვილის კომპანია სრულად აკონტროლებს მშენებლობებს უნივერსიტეტიდან ნაფეტვრებისკენ მიმავალი ტერიტორიის ჩათვლით.