ვინ შეიძლება გახდეს საფრანგეთის პრემიერმინისტრი

30 ივნისს და 7 ივლისს საფრანგეთის საპარლამენტო ორ რაუნდად ჩატარდა. პირველ ადგილზე გასულმა მემარცხენე კოალიციამ, ახალმა სახალხო ფრონტმა 188 მანდატი მოიპოვა, ს კოალიციამ – 161, ხოლო მარინ ლე პენის ნაციონალისტურმა ეროვნულმა ერთობამ, პირველ ტურში ლიდერობის მიუხედავად, 142. საბოლოო შედეგების მიხედვით მთავრობის ჩამოყალიბებას და პრემიერმინისტრის დანიშვნას დამოუკიდებლად ვერც ერთი კოალიცია ახერხებს. ამგვარ გადაწყვეტილებებს საპარლამენტო უმრავლესობა – 289 მანდატი სჭირდება, შესაბამისად ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ ვინ იქნება საფრანგეთის პრემიერმინისტრი მომდევნო ხუთი წლის მანძილზე.
ზოგიერთი შეფასებით ამ არჩევნებმა საფრანგეთი ჩიხში შეიყვანა, თუმცა საფრანგეთის საარჩევნო და ადმინისტრაციული სისტემა ქვეყნის მსგავსი ჩიხებიდან გამოყვანისთვისაა შექმნილი, რაც მეტ-ნაკლები წარმატებით უკვე ათწლეულებია მუშაობს. მიღებული საპარლამენტო მანდატების მიხედვით, უახლოეს დღეებში საფრანგეთის გენერალურ ასამბლეაში პარტიებსა და კოალიციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყება, სანამ საბოლოოდ პარტიების რომელიმე კონფიგურაცია მთავრობის ჩამოყალიბებას არ მოახერხებს.
საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეები ხმას ოლქებში ორ რაუნდად აძლევენ. მეორე რაუნდში გადადის ორი მოწინავე კანდიდატი და კიდევ ის კანდიდატები, რომლებიც 12,5%-იან ბარიერს გადალახავენ. ეროვნულ ასამბლეაში ადგილს მათ შორის მეორე რაუნდში გამარჯვებული იკავებს.
საფრანგეთის ახლანდელმა პრემიერმინისტრმა გაბრიელ ატალმა არჩევნების ეგზიტპოლების გავრცელებისთანავე თქვა, რომ მომდევნო დღეს რესპუბლიკის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით ოფიციალურად მიმართავდა. გაბრიელ ატალი ასეც მოიქცა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავრობის გადადგომა ერთგვარი პოლიტიკური ტრადიციაა, თუმცა მაკრონმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ქვეყნის სტაბილურობისთვის ჯერჯერობით პოსტზე დარჩენა სთხოვა.
ოფიციალურად არ არსებობს ფორმალური ჩარჩო, რა დროშიც საფრანგეთის პრეზიდენტმა მიმდინარე მთავრობას გადადგომა უნდა სთხოვოს, თუმცა მეორე მხრივ, პრეზიდენტს პოლიტიკური სიტუაციის სრული იგნორირებაც არ შეუძლია. საფრანგეთის კონსტიტუციის მე-12 მუხლის მიხედვით, არჩევნების დღიდან მეორე ხუთშაბათს ახალი გენერალური ასამბლეა უნდა შეიკრიბოს. ამ შემთხვევაში ეს თარიღი 18 ივლისია, აქამდე კი მოქმედი პარლამენტი და მთავრობა შეკვეცილი ელექტორალური ნდობით აგრძელებს ფუნქციონირებას.
კოჰაბიტაციის მდგომარეობაში, როცა პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი სხვადასხვა პოლიტიკური ფლანგებიდან იქნებიან წარმოდგენილი, პრემიერმინისტრის დანიშვნა კვლავ პრეზიდენტს შეუძლია, თუმცა მას არ აქვს უფლება არ გაითვალისწინოს გენერალური ასამბლეის უმრავლესობის აზრი. ემანუელ მაკრონი არ იქნება პირველი პრეზიდენტი, რომელსაც ამ გადაწყვეტილების აღსრულება მოუწევს. 1986 და 1993 წლებში ფრანსუა მიტერანმა და 1997 წელს ჟაკ შირაკმა დანიშნეს პრემიერმინისტრები, რომლებიც მათ პოლიტიკურ ოპოზიციაში იყვნენ.
პოლიტიკური ტრადიციის მიხედვით, ემანუელ მაკრონმა პრემიერმინისტრად გამარჯვებული პარტიიდან წარდგენილი კანდიდატი უნდა დაამტკიცოს. ახალი სახალხო ფრონტი საკმაოდ მყიფედ და არასტაბილურად შექმნილი მემარცხენე კოალიციაა, რომლის ლიდერიც ჟან-ლუკ მელანშონია და მასში შედის ქედმოუხრელი საფრანგეთი (La France Insoumise), ეკოლოგისტები, სოციალისტური პარტია, საფრანგეთის კომუნისტური პარტია და სხვა შედარებით მცირე მემარცხენე პარტიები.
ახალი სახალხო ფრონტის წარმომადგენლებს არჩევნებამდე წინასწარ არ დაუზუსტებიათ, თუ ვინ იქნებოდა მათი პრემიერმინისტრობის კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში, განსხვავებით ეროვნული ერთობისგან, სადაც ვიცოდით, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში, პრემიერმინისტრი ჟორდან ბარდელა გახდებოდა. მაკრონის კოალიციაშიც ცხადი იყო, რომ პრემიერმინისტრის პოსტზე მუშაობას კვლავ გაბრიელ ატალი გააგრძელებდა. ახალმა სახალხო ფრონტმა პრემიერმინისტრობის კანდიდატი არჩევნებამდე არ დაასახელა, რადგან არ შეეძლოთ ამაზე შეთანხმება. ახალ სახალხო ფრონტს პრემიერმინისტრობის ბევრი პოტენციური კანდიდატი ჰყავს, თუმცა, დიდი ალბათობით, არცერთი ისეთი, რომლის მიერ თანამდებობის დაკავებაც ყველას გაახარებდა.
გამარჯვებული მემარცხენე ფლანგიდან პრემიერმინისტრობის ყველაზე რეალური კანდიდატი ცხადია ჟან-ლუკ მელანშონია. მან 2022 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მესამე ადგილი დაიკავა და ხმების 22% აიღო. მელანშონი მემარცხენე ფლანგზე და ზოგადად ფრანგულ პოლიტიკაში საკმაოდ კონტროვერსიული ფიგურაა თავისი კლასთაშორისი ომის მემარცხენე ნარატივებით და საკამათო საგარეო პოლიტიკური პოზიციებით, განსაკუთრებით ჰამას-ს ომზე. საგარეო პოლიტიკამ მელანშონი ქედმოუხრელი საფრანგეთის მიღმა ზომიერი მემარცხენე ამომრჩევლისთვის ტოქსიკურ კანდიდატად აქცია. ახალი სახალხო ცენტრის ლიდერები არჩევნებამდე ღიად აცხადებდნენ, რომ ისინი გამარჯვების შემთხვევაში მხარს არ დაუჭერდნენ პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ჟან-ლუკ მელანშონის დანიშვნას. ამაზე მელანშონმა დააზუსტა, რომ ის არც წარადგენდა თავის კანდიდატურას ასეთ შემთხვევაში. ეს ყველაფერი არჩევნებამდე სიის ჩამოყალიბების კრიზისულ კვირაში ხდებოდა და ძალიან გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ მხარეები ზოგიერთი პოზიცია შეიცვლება. მელანშონის კანდიდატურის კონტროვერსიულობის გამო შესაძლოა მისმა პარტიამ კოალიციას სხვა კანდიდატები შესთავაზოს, მაგალითად პარლამენტში პარტიის ლიდერი მანუელ ბომპარი, მატილდ პანო, კლემანს გეტე და ერიკ კოკერელი. საინტერესოა, რომ თუ მელანშონი პრემიერმინისტრის პოსტს დაიკავებს, ის საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკაში ყველაზე მხცოვანი პრემიერმინისტრი იქნება, რომელიც ყველაზე ახალგაზრდას – გაბრიელ ატალს შეცვლის.
ქედმოუხრელი საფრანგეთის წევრი, თუმცა მელანშონის მწვავე კრიტიკოსია კლემენტინ ოტანი, რომელსაც პრემიერმინისტრის პოსტის დაკავების რეალური შანკები აქვს. მან სენ-სენ-დენის რაიონში გაიმარჯვა, თუმცა არჩევნებიდან მალევე თქვა, რომ პარლამენტში მელანშონის ფრაქციაში არ დარჩებოდა. ამას გარდა, 2024 წლის ივნისში ოტანმა დაადასტურა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ის თავს პრემიერმინისტრობის ერთ-ერთ კანდიდატად ხედავს.
მემარცხენე კოალიციიდან პრემიერმინისტრობის პოსტზე ასევე განიხილავენ მწვანეების, პარტია ეკოლოგისტების ლიდერს, მარინ ტონდელიეს, რომელიც ცნობილია თავისი მრავალწლიანი დაპირისპირებით მარინ ლე პენის ეროვნულ ერთობასთან. აღსანიშნავია, რომ ტონდელიე ანინ-ბომინის რეგიონიდანაა, რომელიც ლე პენის ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური მოძრაობის საყრდენ რეგიონად ითვლება.
ევროპარლამენტის არჩევნებში სოციალისტური პარტიის წარმატების გამო დიდ პოლიტიკურ მომავალს წინასწარმეტყველებდნენ რაფაელ გლუკსმანისთვის, რომელმაც, შეიძლება ითქვას, რომ სოციალისტური პარტია დააბრუნა ფრანგულ პოლიტიკურ დღის წესრიგში – 2022 წელს სოციალისტური პარტიის კანდიდატმა არჩევნებზე მხოლოდ 1.7% მოიპოვა, ხოლო 2024 წელს ევროპარლამენტის არჩევნებზე 14%. ევროპარლამენტის არჩევნებში ტრიუმფის მიუხედავად, გლუკსმანი მემარცხენე კოალიციაში წინასაარჩევნო აჟიოტაჟმა უკანა ფლანგზე გადაიწია. სოციალისტური პარტიიდან პრემიერმინისტრობის შანსი აქვთ პარტიის ამჟამინდელ ლიდერს, ოლივიე ფორს და ბორის ვალოდს. გლუკსმანი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მხარს უჭერს უკრაინისადმი გაზრდილ მხარდაჭერას და რუსული ძალებისადმი წინააღმდეგობას. ქედმოუხრელი საფრანგეთის დაბალანსების პროცესში სოციალისტებს ფრანგი მწვანეების, ეკოლოგისტების მხარდაჭერის იმედი აქვთ.
სოციალისტური ფლანგიდან პრემიერმინისტრის პოსტის დაკავების შანსი სოციალისტ ექსპრეზიდენტ ფრანსუა ოლანდსაც აქვს, რომელიც პოლიტიკაში მოულოდნელად ვადამდელი არჩევნების დანიშვნით გამოწვეულ ქაოსში დაბრუნდა. ოლანდმა მანდატი ახალი სახალხო ფრონტის სიით სამხრეთდასავლეთ კორეზის ოლქში მოიპოვა. “მე არაფერი მინდა ჩემი თავისთვის, მე მხოლოდ მინდა, რომ საფრანგეთის სამსახურში ვიყო” – თქვა ფრანსუა ოლანდმა პოლიტიკაში დაბრუნებისას.
კიდევ ერთი სავარაუდო კანდიდატია ჟურნალისტი და რეჟისორი ფრანსუა რუფინი პოლიტიკაში ის 2017 წელს ჩაერთო და მელანშონის ქედმოუხრელი საფრანგეთის რიგებში შესვლამდე დამოუკიდებელი კანდიდატი იყო. რუფინი მელანშონს 2024 წელს საარჩევნო სტრატეგიის საკითხზე დაუპირისპირდა, რუფინის კრიტიკის სამიზნე ქედმოუხრელი საფრანგეთის რურალურ ადგილებში არასაკმარისი წარმომადგენლობა იყო. როგორც ცნობილია, ფრანსუა რუფინი 2027 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.
55 წლის ლორენ ბერგერი საფრანგეთის მთავარი სავაჭრო გაერთიანების, CFDT-ს ყოფილი უფროსია და უკვე მრავალი წელია მარინ ლე პენის ეროვნული ერთობის ხისტ ოპოზიციაშია. ლორენ ბერგერმა თქვა, რომ მას პრემიერმინისტრობა არ სურდა, ამის მიუხედავად, მისი სახელი მემარცხენე კოალიციაში ბევრმა წინ წამოწია და ამტკიცებენ, რომ მას გამაერთიანებელი პოლიტიკური ფიგურის როლის ჟან-ლუკ მელანშონზე კარგად შესრულება შეუძლია.
პრემიერმინისტრობის კიდევ ერთ კანდიდატად შეგვიძლია ასევე მივიჩნიოთ საფრანგეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი ფაბიან რუსელი. რუსელი კომუნისტურ პარტიას 16 წლის ასაკში შეუერთდა და ახალგაზრდობაში განსაკუთრებით აქტიურობდა ანტი-აპართეიდულ მოძრაობებში. ფაბიან რუსელი საფრანგეთში ბირთვული ენერგიის დიდი დამცველია, რომელიც ბოლო წლებში ბევრი მწვანე პარტიის თავდასხმის სამიზნეა.
იმ ფონზე რომ არჩევნებში სამმა მსხვილმა კოალიციამ თითქმის თანაბარი მანდატები მოიპოვა, ინსტიტუციური ჩიხური სიტუაციის შექმნის ალბათობა საფრანგეთში იზრდება. საფრანგეთის კონსტიტუცია არ გვთავაზობს ცხად გეგმას ან დროით ჩარჩოს, თუ რა ვადაში უნდა მოახერხონ საპარლამენტო კოალიციებმა მთავრობის წევრებზე და პრემიერმინისტრის კანდიდატურაზე შეთანხმება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მსგავს გაურკვეველ პოლიტიკურ კლიმატში ქვეყანა ჩვეულებრივ აგრძელებს ცხოვრებას – ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე გენერალურ ასამბლეას ერთმევა საკანონმდებლო აქტების მიღების უფლება. ამავე დროს საფრანგეთის კონსტიტუცია კრძალავს მოქმედი გენერალური ასამბლეის დაშლას არჩევნებიდან ერთი წლის მანძილზე, შესაბამისად, 2025 წლის ივლისამდე საფრანგეთში ტექნიკური თუ სრულფასოვანი მთავრობებით პოლიტიკური ცხოვრება არჩევნების გარეშე გაგრძელდება. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მოახერხებს ჭრელი მემარცხენე კოალიცია ერთ კონსენსუსურ კანდიდატზე შეთანხმებას, რაც არჩევნებამდე მათ ვერ შეძლეს.