ვინ ლობირებს პარლამენტში თამბაქოს აქციზის შემცირების ინიციატივას, რომელიც ბიუჯეტს 25 მლნ ლარით აზარალებს

სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიება – „თამბაქოს კორუფციული კვა(მ)ლი“, მოგვითხრობს კანონპროექტის დეტალებზე, რომლითაც თამბაქოს ნედლეულზე აქციზი ნახევრდება, ხოლო ბიუჯეტი ყოველწლიურად 25 მილიონამდე ლარს დაკარგავს. ჟურნალისტური გამოძიებით, ასევე დადგინდა თუ ვისი ოჯახის ინტერესში შედის ამ კანონის მიღება და როგორ ახდენენ თამბაქოს ლობისტები გავლენას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოზე.
თამბაქოს კონტროლის სტრატეგია საქართველოში 2013 წელს დამტკიცდა. 2018 წლიდან ამოქმედდა ფართომასშტაბიანი რეგულაციები. მათ შორისაა – დახურულ სივრცეში თამბაქოს მოწევის აკრძალვა, თამბაქოს რეკლამის შეზღუდვა, ასევე, აქციზისა და ფასის ზრდა.
მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის შემდეგ, თამბაქოზე გადასახადები აქ გაზრდილა, რეგულაციებმა დადებითი შედეგი მაინც მოიტანა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2020 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოში მოზარდებს შორის მწეველთა რაოდენობა 18%-დან 11%-მდე სწორედ ამ შეზღუდვების შედეგად შემცირდა.
მიმდინარე წლის 17 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის თანახმადაც საგადასახადო კოდექსში ცვლილება შევა და დაჭრილ თამბაქოზე, იგივე, თუთუნის ნაწარმზე, აქციზის გადასახადი განახევრდება.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ბიუჯეტი ყოველწლიურად 25 მლნ ლარამდე დაკარგავს. აღნიშნულ განმარტებით ბარათში ასევე ვკითხულობთ, რომ „30 ლარამდე მცირდება აქციზის განაკვეთი და თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების, ჩილიმით მოსაწევი თამბაქოს, „ჰომოგენიზებული“ ან „აღდგენილი“ თამბაქოს, საღეჭი ან საყნოსი თამბაქოს ნაწარმზე“.
კანონპროექტის ავტორები ქართული ოცნების ოთხი დეპუტატია – დავით სონღულაშვილი, ბეჟან წაქაძე, გოჩა ენუქიძე და ელგუჯა გოცირიძე.
„მონიტორის“ ჟურნალისტის კითხვაზე – „რატომ გადაწყვიტეთ ასეთი კანონპროექტის მიღება, რომელიც ბიუჯეტს კოლოსალურად აზარალებს და ვინ ლობირებს ამ კანონს?“
დავით სონღულაშვილმა შემდეგი პასუხი გასცა: „პირველი, რომ არასწორი ინტერპრეტაციაა, რომ ბიუჯეტს კოლოსალურად აზარალებს. ეს ცვლილება რა თქმა უნდა გამოიწვევს, მაგრამ აქ არ არის დათვლილი ცვლილება, რომელიც იქნება გამოწვეული წარმოების შედეგად მიღებული გადასახადით, რომელიც ჩაანაცვლებს ამ ნაწილს და ეს ასე თვლადი, ამ ნაწილში არაა, თუმცა კომპენსირდება ზუსტად ამ ნაწილით“.
ხოლო კითხვაზე, აქციზის ფასების დაწევა გამოიწვევს თუ არა ახალგაზრდების პროვოცირებას, დაიწყონ მოწევა, მან შემდეგნაირად უპასუხა: „არცერთ ვარიანტში“.
ჟურნალისტის კითხვაზე – „კანონპროექტი ბიუჯეტს დაახლოებით 25 მილიონით დააზარალებს. ასევე, გაცნობიერებული გაქვთ თუ არა ის საფრთხეები, რაც შეიძლება ამ აქციზის შემცირებამ გამოიწვიოს? მაგ: დაავადებების გაზრდა“.
ბეჟან წაქაძემ შემდეგი პასუხი გასცა: „ეს კანონპროექტი ბიუჯეტს არ მისცემს ზარალს. როგორც კულტურა, ქართული თამბაქო იკარგება და ამიტომ, რაღაც სტიმულირება თუ არ მიეცით, როგორც კულტურა, საერთოდ დაიკარგება“.
თამბაქოს კონტროლის ალიანსის თავმჯდომარე, გიორგი ბახტურიძე მიიჩნევს, რომ ფასის შემცირების გამო, შესახვევი თამბაქო ხელმისაწვდომი გახდება მოზარდებისთვის.
„მოტივი, ამ კანონპროექტის განხორციელებისა, თურმე ყოფილა აჭარაში ფერმერების ხელშეწყობა. ეს არის სისულელე (პირდაპირ ვიტყვი). ჯერ ერთი, თუ ჩემს მოსახლეობას სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემას უქმნის და მიკლავს, გინდა ადგილობრივმა თამბაქომ მომიკლას და გინდა იმპორტირებულმა, რა მნიშვნელობა აქვს,“ – აღნიშნა ბახტურიძემ.
ამ კანონს მოწინააღმდეგე მხარე მალევე გამოუჩნდა. ესენი არიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.
2020-2021 წლის კვლევებით, მოსახლეობის 28.2% აქტიური მწეველია. 2016 წელს, რეგულაციების ამოქმედებამდე, ეს მაჩვენებელი 31%-ს შეადგენდა.
პარლამენტში წარდგენილმა კანონპროექტმა, შესაძლოა ბოლო წლების პროგრესი, რისკის ქვეშ დააყენოს და საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ახალი პრობლემები წარმოშვას.
თამბაქოს კონტროლის ალიანსის საგანგებო განცხადებაში წერია, რომ „კანონპროექტი ზეგავლენას ახდენს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე, რადგან გადასახადების შემცირება, ხელმისაწვდომს გახდის ამ ლეტალურ პროდუქტს ისეთი მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორიცაა ბავშვები და მოზარდები“.
სტუდია მონიტორი დაინტერესდა, რატომ განიხილავს პარლამენტი კანონპროექტს, რომელიც ერთის მხრივ, დააზარალებს მოქალაქეების ჯანმრთელობას, მეორეს მხრივ კი, ბიუჯეტი ყოველწიურად 25 მილიონ ლარს დაკარგავს. ვის ბიზნესს შეიძლება უკავშირდებოდეს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილება?
რადგან კანონპროექტის ავტორების არგუმენტია – სექტორში ადგილობრივი გადამამუშავებელი ინდუსტრიის სტიმულირება, სტუდია მონიტორმა სტატისტიკის ეროვნული სააგენტოდან ამ კომპანიების სია გამოითხოვა. საუბარია კომპანიებზე, რომლებიც საქართველოში თუთუნს, იგივე დაჭრილ თამბაქოს აწარმოებენ.
12 კომპანიიდან, 11 მცირე ბიზნესის სტატუსით სარგებლობს. რამდენიმე მათგანის შესახებ ინფორმაცია დღესდღეობით არ იძებნება. კომპანიებს შორის ვპოულობთ რამდენიმე მცირე საწარმოსაც და ბაზრის ლიდერ კომპანიას, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის ოჯახის კუთვნილი სააქციო საზოგადოება „თბილისის თამბაქოა“.
დოკუმენტების მიხედვით, „თბილისის თამბაქოს“ 2022 წლიდან მისი შვილები, მიხეილ და ნათია ჩხარტიშვილები ფლობენ. 2021 წლამდე კი კომპანიის 51% თავად ვანო ჩხარტიშვილს ეკუთვნოდა. დანარჩენი წილი კი მის შვილებზე თანაბრად ნაწილდებოდა.
ნედლეულს, რომელსაც ახალი კანონპროექტი ეხება, სწორედ „თბილისის თამბაქო“ აწარმოებს, სახელწოდებით – დაჭრილი თამბაქო. ამავდროულად, თამბაქოს ნედლეული უკვე წლებია გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადიდან. 2022 წელს საგადასახადო კოდექსში, ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც თამბაქოს ნედლეულის იმპორტზე დაწესებული საგადასახადო შეღავათი, 2026 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდა.
განმარტებით ბარათში წერია, რომ ამ ცვლილებით, სახელმწიფო ბიუჯეტი წლიურად, საშუალოდ 1.5 მილიონამდე შემოსავალს დაკარგავს.
სტუდია მონიტორმა შეისწავლა და დაადგინა, რომ აღნიშნული კომპანია მაღალი წლიური მოგებით გამოირჩევა. 2020 წელს „თბილისის თამბაქოს“ მთლიანი მოგების მარჟამ 51% შეადგინა, ხოლო 2021 წელს – 46%. 2022 წელს კი, ეს მაჩვენებელი 45%-ია.
საქართველოში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების ანგარიშების პორტალის მიხედვით, მაჩვენებლებში ამ კომპანიის მთლიანი მოგება, 2020 წელს 17 მლნ ლარი, 2021 წელს 21 მილიონი, ხოლო 2022 წელს 21 მლნ იყო.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანტიკორუფციული პროექტების მენეჯერი, სანდრო ქევხიშვილი საგადასახადო კოდექსში, ამ ცვლილების მიღმა, კორუფციის კვალს ხედავს.
„ივანიშვილის გარდა, მასთან დაახლოებული ადამიანები, სხვა ბიზნესმენებიც, ახერხებენ, რომ მათი ბიზნესისთვის ხელსაყრელი, მორგებული კანონმდებლობები მიაღებინონ მიაღებინონ ინსტიტუციებს.
ვანო ჩხარტიშვილი არის ერთ-ერთი საყრდენი სთვის, რომ გააკონტროლოს ეკონომიკური სექტორი საქართველოში. ხოლო, ამის სანაცვლოდ, ეს ადამიანი იღებს გარკვეულ სარგებელს სახელმწიფო ინსტიტუციებისგან ,“ – აღნიშნა მან.
ჩხარტიშვილის ოჯახის კუთვნილი „სმარტ კაპიტალ ჯგუფი“ ფლობს ს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას. აგრეთვე, ღვინის სასტუმროებისა და უძრავი ქონების ბიზნეს პროექტებს.
ჩხარტიშვილის თამბაქოს ბიზნესსა და ამ საკანონმდებლო ინიციატივას შორის კავშირის დასადგენად, სტუდია მონიტორი „თბილისის თამბაქოს“ დაუკავშირდა. ჯგუფის გენერალურ დირექტორს, რატი ღვამბერიას კითხვებით მიმართეს, თუმცა პასუხად ზოგადი შეფასება მიიღეს.
„თუ კანონპროექტი კონტრაბანდის შემცირებასა და ადგილობრივი მეთამბაქოების განვითარებას შეუწყობს ხელს, ეს სულისკვეთება მისასალმებელია. თუმცა, ჩვენ არ ვართ ამ ინიციატივის არც ავტორები და არც განხილვებში მიგვიღია მონაწილეობა, შესაბამისად, ვერაფერს გეტყვით კანონპროექტის დეტალებზე“.
ამავე საკითხის გარკვევა კანონპროექტის ავტორებთანაც სცადეს:
ბეჟან წაქაძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვებს არ უპასუხა.
დავით სონღულაშვილმა კი შემდეგ პასუხი გასცა: „იმპორტს რომ ადგილობრივი წარმოება ჯობია, მანდ მგონი კითხვა არაა. აღნიშნული კანონი როგორ იქნება ვინმესთვის მიღებული. ეს არის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობისთვის“.
სტუდია მონიტორის თქმით, ოფიციალური დოკუმენტით დგინდება, რომ „თბილისის თამბაქომ“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თანხითაც ისარგებლა. კერძოდ, 2015 წელს სახელმწიფო პროგრამის, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კომპანიამ („თბილისის თამბაქო“) მიზნობრივი თანადაფინანსების სახით, ბიუჯეტიდან 353 589 ლარი მიიღო.
თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ზრდასა და მოქალაქეების დაცვას თამბაქოს მოხმარებისგან, სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიც გვავალდებულებს. ერთ-ერთი ევროკომისიის შედგენილი დოკუმენტია, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ შემუშავდა. ამ დოკუმენტის 28-ე მუხლში წერია, რომ საქართველოს მთავრობა ვალდებულია, სხვადასხვა რეგულაციების შედეგად, მკაცრად აკონტროლოს და შეამციროს თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა.
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების 283-ე მუხლი საქართველოს ავალდებულებს, თამბაქოს ნაწარმზე დაწესებული აქციზი დაუახლოვდეს ევროკავშირის სტანდარტს, რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო-კონვენცია, ხელმომწერ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს, თამბაქოსთან ბრძოლის მიზნით, სხვადასხვა ვალდებულებებს აკისრებს.
კონვენციის მე-6 მუხლი, თამბაქოზე ფასებისა და აქციზის ზრდას ითვალისწინებს. ახალი კანონპროექტი კონვენციის ამ მუხლსაც ეწინააღმდეგება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში სტუდია მონიტორს განუმარტეს, რომ ეს კანონპროექტი ბოლო წლების მიღწევას ჯანდაცვის სფეროში, ხაზს გადაუსვამს.
კახა ღვინიანიძე (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელი) – „ ასეთი ცვლილების შემთხვევაში, ბაზარზე გაჩნდება იაფი თამბაქო, რომელიც პირველ რიგში ხელმისაწვდომი ხდება ყველაზე დაუცველი ფენისთვის, როგორიცაა ახალგაზრდები, ბავშვები, ღარიბები და ა.შ. რაც შედეგად იწვევს იმას, რომ გაიზრდება თამბაქოს მოხმარება, თავისი თანმდევი ეფექტებით.
ეს ეფექტები დღეს და ხვალ შეიძლება არ გამოჩნდეს (კიბო, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები), მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება მომავალში“.
გაეროს ინფორმაციით, თამბაქოს გამო გაწეული ჯანდაცვის პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯებით მიღებული წლიური ზარალი 800 მლნ ლარს აღემატება. ეს თანხა, საქართველოს მშპ-ს 2.4%-ს უტოლდება.
თამბაქოს მავნე ზემოქმედებით გარდაცვლილთა რაოდენობა საქართველოში, ყოველწლიურად, 11 000-ს აჭარბებს. ინიციირებული კანონპროექტის გამო შეშფოთება უკვე გამოთქვა გაერომ.
განცხადებაში წერია, რომ შემოთავაზებული ცვლილებებით, საქართველო დაშორდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს და ისეთ საერთაშორისო ვალდებულებებს, როგორიცაა „თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო კონვენცია“, რომელსაც საქართველო შეუერთდა, რაც შეაფერხებს ქვეყნის მისწრაფებებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

ასევე დაგაინტერესებთ