ე.წ. პირბადეების საქმეზე სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ „დემოკრატიის მცველების“ თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძე იმ კითხვებზე ისაუბრა, რაც მას დაუსვეს.
მშვენიერაძე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დღეს, 4 სექტემბერს, გამოკითხეს.
მშვენიერაძის თქმით, მასთან კითხვები ჰქონდათ ფეისბუქ პოსტებზე, ასევე იმაზე, თუ ვინ იყო აქციების ორგანიზატორი.
„პროკურატურის წარმომადგენლებს ან არ ჰქონდათ წაკითხული ორგანიზაციის წესდება ან აინტერესებდათ, მე რამდენად კარგად ვიცნობდი იმ ორგანიზაციის წესდება, რომლის გამგეობის თავმჯდომარეც ვარ. ვფიქრობ, ეს გამოცდა კარგად ჩავაბარე.
მათ ჰქონდათ შეკითხვები ჩემს ზოგიერთ ფეისბუქ პოსტთან დაკავშირებით. ამაყი ვარ, რომ ეს პოსტები მიწერია და მომავალშიც, ალბათ, ბევრს დავწერ მსგავსს. საუბარი ძირითადად იყო მაგალითად იმაზე, რომ აქციები რომელიც ქუჩაში იმართებოდა ნოემბერში და დეკემბერში, რატომ მიმაჩნია, რომ არის კარგი და მნიშვნელოვანი. იყო საკითხი დასმული, თუ ვინ იყო ორგანიზატორი 2024 წლის პროტესტისო, მე დავუსახელე ორგანიზატორი, რომ ეს არის ბატონი ირაკლი კობახიძე, რომელმაც საკუთარი განცხადებით 28 ნოემბერს, ფაქტობრივად, მთელი საქართველოს მობილიზება გააკეთა და ხალხის ქუჩაში გამოსვლა უზრუნველყო საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად. იმედია, ბატონ ირაკლის ჰკითხავენ, რატომ გააკეთა ეს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ.
ასევე ზოგიერთი კითხვა დაკავშირებული იყო შესყიდვების დოკუმენტებთან. რაზეც მქონდა ინფორმაცია გავუზიარე, თუმცა არ ყოფილა არცერთი დოკუმენტი, რომელშიც რაიმე უკანონო საგანია შესყიდული ვინმეს მიერ“, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
გუშინ ამავე საქმეზე მაგისტრი მოსამართლის წინაშე „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) ყოფილი დირექტორი, ნინო დოლიძე გამოიკითხა.
27 აგვისტოს პროკურატურის მოთხოვნით, 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. დაყადაღებულია შემდეგი ორგანიზაციების ანგარიშები:
· „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“,
· „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“
· „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“,
· „დემოკრატიის მცველების“ ,
· „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“,
· „საფარის“
· „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“.
ორგანიზაციებისთვის ყადაღის დადება პროკურატურამ „საბოტაჟის“ შესახებ გამოძიების ფარგლებში მოითხოვა. აღნიშნული გამოძიება პროკურატურაში ვატო შაქარაშვილის მოძრაობის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედი“ შესყიდვის დოკუმენტებს აქვეყნებს იმის “დასტურად”, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ანგარიშები დაუყადაღეს, „ძალადობრივ აქციებს ორგანიზებას და დაფინანსებას“ უწევდნენ.
27 აგვისტოს „იმედმა“ 5 არასამთავრობო ორგანიზაციის შესყიდვების დოკუმენტაცია გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციებზე სიუჟეტის ავტორის, სოფო ბერიძის განცხადებით, დოკუმენტები „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა“. საუბარია: „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“, „დემოკრატიის მცველების“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შესყიდვებზე.
ამავე ინფორმაციის თანახმად, ამ 5 ორგანიზაციამ აქციების დროს პირბადეებზე, რესპირატორებზე და სხვა დამცავ საშუალებებზე ჯამში, სულ დაახლოებით, 7 500 ლარი დახარჯა.
28 აგვისტოს „იმედმა“ „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) წინააღმდეგ არსებული „მტკიცებულებებიც“ გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციებზე სიუჟეტის ავტორმა, სოფო ბერიძემ ამჯერადაც თქვა, რომ „ექსკლუზიურად მოიპოვეს“ ISFED -ის შესყიდვის დოკუმენტი, რომელიც „საბოტაჟის“ საქმეში დევს.
„იმედის“ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ISFED-მა 2024 წლის 1 მაისს 18 რესპირატორის და 20 დამცავი სათვალე შეიძინა, რაშიც 1200 ლარზე მეტი გადაიხადა.
· “საბოტაჟი” 7500 ლარით? – “იმედმა” ყადაღადადებული ორგანიზაციების შესყიდვების დოკუმენტი გამოაქვეყნა
