ვინ იქნებოდნენ ქართველი მოჩვენებები, Ghosts რომ ჩვენთანაც გადაეღოთ

ზებუნებრივ არსებებზე კომედიები თუ გიყვარს, უთუოდ გეცოდინება ბრიტანული სერიალი Ghosts (“მოჩვენებები”), რომელიც რამდენიმე წლის წინ BBC-მ გადაიღო. სერიალი მთელ მსოფლიოში ისეთი პოპულარული გახდა, რომ მისი ანალოგი არაერთ ქვეყანაში შექმნეს: ჯერ -ში, შემდეგ კი ავსტრალიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და საბერძნეთშიც კი.
ყველა ქვეყნის ვერსიას სიუჟეტის მსგავსი, ჟანრულ კლიშედ ქცეული სტარტი აერთიანებს: ახალგაზრდა წყვილი საცხოვრებლად გადადის ძველისძველ, უზარმაზარ სახლში, სადაც — სწორად მიხვდით — მოჩვენებები ბინადრობენ. თუმცა, საქმე ისაა, რომ ამ სულებს მხოლოდ გოგო ხედავს, ისიც მას შემდეგ, რაც ლამის თავადაც მოკვდება. მოჩვენებები არიან ისინი, ვინც სიკვდილის შემდეგ ვერც სამოთხეში ვერ მოხვდნენ და ვერც — ჯოჯოხეთში, ამიტომ, დედამიწაზე “გაიჭედნენ” და მარადისობის იმ ადგილას გატარება მიესაჯათ, სადაც დაიღუპნენ.
ორიგინალ სერიალს დახვეწილი ბრიტანული იუმორი გამოარჩევს, მაგრამ ყველა ქვეყნის ვერსია თავისებურად საინტერესო და განსხვავებულია, რადგან თითოეული მათგანი ისტორიული და კულტურული ალუზიებითაა გაჯერებული. თავად მოჩვენებებიც სწორედ მოცემული ქვეყნის ისტორიის ცნობილ მონაკვეთებთან თუ მოვლენებთან არიან დაკავშირებულები. მაგალითად, ბრიტანულ ვერსიაში ვხვდებით მე-17 საუკუნეში კუდიანობაში დადანაშაულებული და კოცონზე დამწვარი ქალის მოჩვენებას (რომელსაც, რატომღაც, სახე გამურვია), ამერიკულ ვერსიაში კოლონიზაციის პერიოდის ინდიელი და ვუდსტოკის ფესტივალზე ნარკოტიკული თრობის ქვეშ გარდაცვლილი ჰიპი არიან, ბერძნულ ვერსიაში კი — ქალღმერთ ათენას თაყვანისმცემელი, ანტიკურ ქიტონში გამოწყობილი თეოფანია.
Ghosts ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სიტკომი გახდა და გასაკვირი არაა, რომ ყურებისას სულ მეფიქრებოდა, როგორი იქნებოდა მისი ქართული ვერსია? ვინ იქნებოდნენ ქართველი მოჩვენებები — ისინი, ვინც, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მრავალათასწლოვან ისტორიას ასახავდნენ, მეორე მხრივ კი, თანამედროვე საქართველოს ტრაგიკომიკურ სურათს წარმოაჩენდნენ?
სანამ ქართველი მოჩვენებების შემადგენლობას წარმოგიდგენთ, განვსაზღვროთ მთავარი პერსონაჟებიც — ქეთა და ბექა, რომლებმაც ეს-ესაა, ძველი სახლი იქირავეს…
1. ზეზვა — დმანისელი ადამიანი
ფოტო: Giphy
ცხოვრობდა ჩვენს დრომდე 1,7 მილიონი წლით ადრეგარდაიცვალა ნადირობისას, ცხოველის თავდასხმის შედეგად
მოჩვენებების ყველა ვერსიაში (ამერიკულისა და ავსტრალიურის გარდა), ვხვდებით პრეისტორიული ხანის სულს, რომელიც მილიონი წლის შემდეგაც შეუჩვეველია ცივილიზაციას. და ვინ იქნებოდა პირველი ქართველი (და ევროპელი!) მოჩვენება, თუ არა ჰომო გეორგიკუსი, რომელსაც, მისი ცნობილი წარმომადგენლის მსგავსად, ზეზვა ერქმეოდა და ქვის განუყრელი იარაღი ეჭირებოდა ხელში. აი, მის მზიას კი რა ბედი ეწია, ამას ცალკე ეპიზოდი დაეთმობოდა.
2. დალი — კოლხი ასული
ფოტო: Giphy
ცხოვრობდა ძვ.წ. X საუკუნეშიგარდაიცვალა ინფექციური დაავადებით
“ასაკით” მეორე ყველაზე უფროსი მოჩვენება დალი იქნებოდა — ძველი ეგრისის სამეფოს მკვიდრი, მეფის კართან დაახლოებული დიდგვაროვანი, რომელსაც სახელი ქართული მითოსის ქალღმერთის პატივსაცემად დაარქვეს. დალი მითური ამბების მომსწრეც იქნებოდა და სხვა მოჩვენებებს ალბათ ტვინს გაუბურღავდა არგონავტების ისტორიის მეათიათასედ მოყოლით და იმით დაკვეხნებით, რომ მედეა მისი დაქალი იყო, ოღონდ მართლა!
3. მამამზე — ციხისთავი დიდი თურქობის დროში
ფოტო: Giphy
ცხოვრობდა XI საუკუნეშიგარდაიცვალა თურქ-სელჩუკთა ლაშქართან ბრძოლაში
როცა მარადისობაში დრო გაქვს გასაყვანი, სხვა რა დაგრჩენია, ან სხვების მოყოლილ ამბებს უნდა უსმინო, ან თავად უნდა მოჰყვე ისტორიებს. ჰოდა, როცა დალი გულს იჯერებდა ლეგენდების თხრობით, მამამზე გაიხსენებდა ხოლმე თავისი წარმატებული სარდლობის ამბებს, ფეოდალური საქართველოს მძიმე ყოველდღიურობას და, ვინ იცის, იქნებ დავით აღმაშენებლის ბავშვობასაც კი…
4. ქაიხოსრო — რომანტიკოსი პოეტი
ფოტო: Giphy
ცხოვრობდა XIX საუკუნის პირველ ნახევარშიგარდაიცვალა დუელში
რომანტიკოსი პოეტების სულებს სხვა ქვეყნების ვერსიებშიც ვხვდებით, ამიტომ, ქართული მოჩვენებები ქაიხოსროს გარეშე ძნელად წარმოსადგენი იქნებოდა. დიდი სახელებისგან განსხვავებით, მას ცხოვრებაში აღიარება არ ღირსებია, ასე რომ, თავის პოეზიას ჯერ სხვა მოჩვენებებს წაუკითხავდა, სახლში წყვილის გადმოსვლის შემდეგ კი შეეცდებოდა, ლექსები ქეთასთვის ეკარნახა და სიკვდილის მერე მაინც ექცია კრებულად.
5. ოლღა — პუბლიცისტი და ქალების უფლებებისთვის მებრძოლი
ფოტო: Giphy
ცხოვრობდა XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისშიგარდაიცვალა ტუბერკულოზით
ქაიხოსრო წერით გატაცებული ერთადერთი მოჩვენება როდი იქნებოდა?! მეტიც, კრებულის გამოცემის იდეას მას ოლღა მიაწვდიდა, რომელიც სანდომიანი, XIX საუკუნის ყაიდის არისტოკრატი ქალი გახლავთ ჩიხტიკოპით თავზე. იგი სიცოცხლეში სხვადასხვა გაზეთში ფსევდონიმით გამოაქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს და ქალებისთვის უფლებების მოსაპოვებლად იბრძოლებდა. თუმცა, სამწუხაროდ, ვერ მოესწრებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას.
6. ბორისი — თავგამოდებული კომუნისტი
ფოტო: Giphy
ცხოვრობდა 1980-იან წლებამდეგარდაიცვალა კიბეზე დაგორებით
ვისთან ექნებოდა ოლღას ყველაზე დაძაბული ურთიერთობა, თუ არა კომუნისტური პარტიის გამორჩეულ წევრთან, უხიაგ და ყველაფრით უკმაყოფილო ბორისთან, რომელიც მისი სიკვდილიდან მალევე დაბადებულა. ბორისი ყველაზე ხანდაზმულ ასაკში გარდაცვლილი ქართველი მოჩვენება იქნებოდა, რომელსაც, ამავდროულად, ყველაზე აუტანელი ხასიათი გამოარჩევდა. იგი საბჭოეთის აღსასრულს არ მოსწრებია, მაგრამ მოჩვენებად ქცეულიც, ხელიდან არ გაუშვებდა შანსს, თანამედროვეობა და კაპიტალიზმი გაელანძღა.
7. ლალი — ქართულის მასწავლებელი
ფოტო: Giphy
ცხოვრობდა 2000-იან წლებამდეგარდაიცვალა ინსულტით
ბორისთან კამათში ოლღას ყოველთვის მხარს აუბამდა ლალი, რომელიც სიცოცხლეში მხურვალე პატრიოტი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, სიკვდილის შემდეგ კი ყველაზე მეგობრული და მზრუნველი მოჩვენება იქნებოდა. როგორც არაამქვეყნიური ნებისყოფის პატრონს, რომელსაც დროც თავზე საყრელად აქვს, არ დაეზარებოდა და ზეზვას წერა-კითხვას ასწავლიდა, მერე კი, ქაიხოსროს კრებულის რედაქტორობასაც ითავებდა.
8. ზაზა — დამრტყმელი-პურისმჭამელი
ფოტო: Giphy
ცხოვრობდა 2010-იან წლებამდეგარდაიცვალა გულის შეტევით
დაბოლოს, ყველაზე “ახალგაზრდა” მოჩვენება — ანუ ბოლოს გარდაცვლილი — მუშაობაზე მეტად ქეიფით გადაღლილი ზაზა იქნებოდა, რომელიც სიკვდილის შემდეგაც არ მოიშლიდა დროსტარებისა და ტაში-ტუშის სიყვარულს, მაგრამ რადგან სუფრას ვეღარ მიუჯდებოდა, ალბათ ქეთას სთხოვდა, უბრალოდ, დარდიმანდული სიმღერები ჩაერთო. დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ზაზას ალბათ ჩვენი ქვიზებიც ეყვარებოდა…
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…