საქართველოში ბიზნესასოციაცია “ქართულ-რუსული” შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელიც ბიზნესმენი ზაზა ნიშნიანიძეა. აღნიშნული bm.ge-ს თავად ბიზნესმენმა დაუდასტურა.
ნიშნიანიძის თქმით, შეხვედრაზე 60-მდე კომპანია იმყოფებოდა. რაც შეეხება იმას, ვინ არიან ასოციაციის წევრები, ნიშნიანიძე მხოლოდ რამდენიმეს ასახელებს.
“ძირითადად, როგორც გითხარით მეღვინეები არიან. შეხვედრაზე 60 კომპანია იყო მოსული. შემიძლია დაგისახელოთ – მაგალითად, ბიზნესმენი ბადრი კაკაბაძე, რომელიც საქართველოშიც და რუსეთშიც საკმაოდ ცნობილი ბიზნესმენია. მარად შაიდიევი, რომელიც ასევე აქტიურად მუშაობს ორივე ქვეყანაში, ლევან და თემურ ანჩაბაძეები და ჯიმი ჩხაიძე… იყვნენ სხვა ბიზნესმენები და მეწარმეები. რუსეთის მხრიდან არის რაღაც მოძრაობები, ბევრ ადამიანს უნდა შემოერთება, მაგრამ ჯერ კონკრეტული არაფერი”, – თქვა ბიზნესმენმა bm.ge-სთან.
ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ასოციაციის უმთავრესი მიზანი იქნება, დაეხმაროს იმ ბიზნესმენებს, რომლებიც რუსეთში ექსპორტით არიან დაკავებული.