ვინ იქნება მომავალ სეზონში “ლივერპულში” მამარდაშვილის მწვრთნელი? – მედიაში ინფორმაციები ვრცელდება

“ლივერპულში” მწვრთნელის, არნე სლოტის მომავალთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება.
სლოტი ზაფხულში „ლივერპულს“ არ დატოვებს, – იტყობინება The Independent-ი.
გამოცემის ცნობით, მერსისაიდული კლუბის ხელმძღვანელობას ესმის, რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდა სლოტი, რომლის ხელმძღვანელობით გუნდი გასულ სეზონში ჩემპიონი გახდა. ნიდერლანდელს ფეხბურთელთა ტრავმების გამო შეექმნა პრობლემები და აგრეთვე, მოთამაშეებზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა დიოგუ ჟოტას გარდაცვალებამ. აღნიშნულია, რომ ამ მიზეზებიდან გამომდინარე, სლოტს გაუჭირდა „წითლების“ უკეთ მომზადება.
„ბილდი“ კი ირწმუნება, რომ მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში 10 მატჩში დამარცხების გამო, „ლივერპული“ სლოტს დაემშვდოდობება და მის ნაცვლად ჩაბი ალონსოს დანიშნავს. მას არ უნდა გუნდი შუა სეზონში ჩაიბაროს და შეთავაზებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ შემადგენლობას თავად შეარჩევს, რისი საშუალებაც „რეალში“ არ მიეცა და შეცდომის განმეორებას არ აპირებს.
„ლივერპული“ 31 ტურის შემდეგ პრემიერლიგაში 49 ქულით მეხუთე ადგილზეა და ამას გარდა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც პსჟ-ს დაუპირისპირდება.
“ლივერპულის” ღირსებას საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი იცავს და მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება გუნდის თავკაცი.