ვინ იქნება ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი აფხაზეთში

ბეჟან მატუა, სოხუმი
აფხაზეთში საბოლოოდ დადასტურდა, ვინ იქნებიან საპრეზიდენტო კანდიდატები აფხაზეთში [დე ფაქტო ს რესპუბლიკა- რედ.] 6 იანვრამდე საპრეზიდენტო პოსტზე კენჭისყრის მსურველი 8 ადამიანი იყო. თუმცა ხელმოწერების შეგროვების ბოლო ვადის ამოწურვამდე, სამი მათგანი რბოლას გამოეთიშა.
19 დეკემბერს პარლამენტში სროლის შედეგად დაშავებულმა დეპუტატმა, კან კვარჩიამ ჯანმრთელობის მიზეზების გამო უარი თქვა კენჭისყრაზე. მან ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებაც გააკეთა.
“სამწუხაროდ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას მივიღო მონაწილეობა აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მომავალ არჩევნებში. ამ მიზეზით, ჩემს კოლეგებთან არაერთი კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, მომეხსნა საკუთარი კანდიდატურა,” – ნათქვამია მის განცხადებაში.
არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაიფიქრა “მარადიულმა კანდიდატმა” შამილ აძინბამაც. ის აფხაზეთის სახალხო პარტიამ წარადგინა, თუმცა 6 დეკემბერს მან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადა, რომ მომავალ არჩევნებზე არ აპირებს კენჭისყრას.
კრასნოდარელმა ბიზნესმენმა, ბესლან კვიცინიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხელმოწერები უბრალოდ არ შეიტანა, რადგან, სავარაუდოდ, საჭირო რაოდენობა ვერ შეაგროვა.
კვიცინიას ვინაობა საკმაოდ იდუმალი აღმოჩნდა. მისი სეხნია სოხუმის საკრებულოს დეპუტატია, ამიტომ აფხაზეთში ხმები გავრცელდა, რომ ქალაქის დეპუტატს კენჭისყრა სურდა. ამ მითის გასაქარწყლებლად, სოხუმის საკრებულოს საჯაროდ მოუწია განცხადების გაკეთება, რომ მათი კოლეგა არ აპირებდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.
ამგვარად, აფხაზეთის პრეზიდენტობის პოსტისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის. პირველი არის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ბადრა გუნბა. ის ალან ბჟანიას მემკვიდრედ მიიჩნევა. მოსკოვიც მასზე დებს ფსონებს. ის თითქმის ყოველდღე აწარმოებს მოლაპარაკებებს ს ფედერაციის პოლიტიკური ძალების ლიდერებთან. მას სატელეფონო საუბრები ჰქონდა რუსი კომუნისტების ლიდერთან, გენადი ზიუგანოვთან, პარტია “სამართლიანი რუსეთის” ხელმძღვანელთან სერგეი მირონოვთან და რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელთან, ლეონიდ სლუცკისთან.
მეორე პრეტენდენტი და ოპოზიციის ერთადერთი წარმომადგენელია – ადგურ არძინბა. ის ასევე ცდილობს მოსკოვის მხარდაჭერის მოპოვებას და ეძებს რუსულ მედიას, სადაც შეუძლია რუსეთთან კავშირის დემონსტრირება. მისი ინტერვიუები გამოქვეყნდა “RBK-სა” და “Interfax-ზე”. არძინბას შტაბს პიარს უწევენ პირები, რომლებიც დონბასში აქტიურად მომუშავე ჟურნალისტები არიან. არძინბას, აფხაზეთის ამჟამინდელი ხელისუფლება რუსოფობიაში ადანაშაულებდა, რადგან მან ხელი შეუშალა აფხაზეთში რუსული იურიდიული პირების საინვესტიციო საქმიანობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას და ასევე გააკრიტიკა შეთანხმება საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებების ურთიერთ აღიარების შესახებ. სწორედ ამიტომ ადგურ არძინბასთვის მნიშვნელოვანია რუსოფობის იარლიყი მოხსნას საკუთარ თავს. ანონიმური ტელეგრამ არხები ამკვიდრებენ მოსაზრებას, რომ თუ ხალხი აირჩევს ოპოზიციას, რუსეთი უარს იტყვის აფხაზეთისთვის ფინანსურ დახმარებაზე. მაგრამ 2004 წელსაც მსგავსი მდგომარეობა არსებობდა. რუსეთის ფედერაცია აქტიურად უჭერდა მხარს “თავის” კანდიდატს – რაულ ხაჯიმბას, მაგრამ არჩევნებში სერგეი ბაღაფშმა გაიმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ კრასნოდარის მხარის მაშინდელმა გუბერნატორმა ალექსანდრ ტკაჩოვმა პირობა დადო, რომ აფხაზეთთან საზღვარს დაკეტავდა, თუ ხალხი ხაჯიმბას არ აირჩევდა, მისი წაგების შემდეგ მოსკოვმა ბაღაფშთან ურთიერთობის დამყარება დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო ხელშეკრულების მთავარი ბენეფიციარი ისევ ალექსანდრ ტკაჩევი იქნება. მისმა კომპანიამ “Mantera Group-მა” შეძლო ოფიციალურად გაეშენებინა მიწა ში, რომელიც მათ სხვადასხვა სქემის მეშვეობით იჯარით ჰქონდათ აღებული.
აფხაზეთის პრეზიდენტის პოსტზე მესამე პრეტენდენტი ოლეგ ბარციცია, აფხაზეთის ყოფილი სავაჭრო წარმომადგენელი რუსეთში. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ იწინასწარმეტყველეს, რომ ის საარჩევნო კამპანიაში მიიღებდა მონაწილეობას. მოსალოდნელი იყო, რომ ის 2020 წლის არჩევნებშიც მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ გავრცელდა ჭორი, რომ მან ვერ ჩააბარა აფხაზური ენის თავისუფლად ფლობის გამოცდა, რაც მომავალი პრეზიდენტისთვის სავალდებულო მოთხოვნაა.
მეოთხე კანდიდატი აფხაზეთის კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე რობერტ არშბაა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მას მხარს უჭერს ყოფილი პრემიერი, ალექსანდრე ანქვაბი, რომელსაც აფინანსებს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, ოთარ არშბა, თავის მხრივ, საკმაოდ მსხვილი ინვესტორი საქართველოში [ბათუმში რამდენიმე სასტუმროს მფლობელი]. მეორე ვერსიით, რობერტ არშბას პრეზიდენტად პარლამენტის თავმჯდომარე, ლაშა აშუბა და მისი მოადგილე, ასტამურ არშბა ასახელებენ. ეს მათ, გავრცელებული ხმების თანახმად, სჭირდებათ, რომ აკონტროლონ სოხუმის ქალაქის ბიუჯეტი ლაშა აშუბას ძმის, ასტამურის მეშვეობით, რომელიც მერის თანამდებობისთვისაა მიჩნეული. ხოლო ასტამურ არშბა ქალაქ გაგრის მეთაურობას გეგმავს. ამგვარად, ისინი გახდებიან ფინანსური ნაკადების ხელმძღვანელი აფხაზეთის იმ ორ ქალაქში, სადაც ფული “კეთდება”, დანარჩენისგან განსხვავებით, რომლებიც სუბსიდირებულია.
კიდევ ერთი კანდიდატია ადგურ ხურხუმალი, წამგებიანი “შავი ზღვის განვითარების ბანკის” თავმჯდომარე. არსებული ინფორმაციით, მან ბანკს ასობით მილიონი რუბლის ოდენობის დავალიანება აქვს სესხების გამო, რომელთა დაბრუნებაც მოგვიანებით ვერ შეძლო. ოპოზიცია მას ადგურ არძინბას “სპოილერს “უწოდებს, ანუ კანდიდატს, რომელიც ხმებს წაართმევს ადგურ არძინბას, რომელიც შესაძლოა უყურადღებო ამომრჩევლებს ადგურ ხურხუმალში აერიოთ.
17 იანვრამდე ცენტრალური საარჩევნო კომისია საინიციატივო ჯგუფების მიერ შეგროვებულ ხელმოწერებს შეამოწმებს, ამიტომ საპრეზიდენტო ს შემადგენლობა შესაძლოა მაინც შეიცვალოს. არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება, თუმცა, სავარაუდოდ, პირველი ტურით არ დასრულდება.