თბილისის მერი კახა კალაძე ირწმუნება, რომ კანონი, რომელიც ცენზურას აწესებს და ლგბტ ადამიანებს უფლებებს უზღუდავს, სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების შეზღუდვისკენ არ არის მიმართული.
კალაძე ამტკიცებს, რომ კანონის მიზანი მხოლოდ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაა. თუმცა არ არსებობს რომელიმე ავტორიტეტული სამეცნიერო ორგანიზაციის კვლევა, რომელიც ამბობს, რომ რაიმე სახის “პროპაგანდას” ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლა შეუძლია.
„ჩვენ ვეწინააღმდეგებით ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდას, რაც როგორც მოზარდებში, ისე ბავშვებში კატეგორიულად მიუღებელია. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ამ ქვეყანაში ყველას უფლება დაცულია, განურჩევლად მათი სარწმუნოების და თუნდაც, სექსუალური ორიენტაციისა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს – ყველა ვართ ჩვეულებრივი ადამიანები და ყველას უფლება დაცულია. ვინ ვისთან დადის, როგორ დადის და რა ფორმით, ეს მათი უფლებაა. როგორც უნდათ, ისე იყვნენ, ეს არ არის ჩვენი განსჯის საგანი. მთავარია, თავიანთი პირადი ჰქონდეთ თავისთვის. არ არის აუცილებელი ამ ყველაფრის პროპაგანდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
17 სექტემბერს პარლამენტმა დაამტკიცა „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ჰომოფობიური საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ცენზურას აწესებს და ლგბტ ადამიანებს უფლებებს უზღუდავს.
„ოცნება“ ამტკიცებს, რომ ჰომოფობიური საკანონმდებლო პაკეტის მიზანი ქალისა და კაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვაა.
აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი არის „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული საკონსტიტუციო ცვლილებების გაგრძელება, რომლითაც მმართველი პარტია აცხადებს, რომ „ლგბტ პროპაგანდას“ ებრძვის, რეალურად კი ლგბტ თემს უფლებებს უზღუდავს, ასევე -აწესებს ცენზურას. აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კრიტიკული დასკვნა მოამზადა ვენეციის კომისიამ, რომელიც აღნიშნავს, რომ ცვლილებები გააღვივებს მტრულ დამოკიდებულებას ლგბტ ადამიანების მიმართ.
მმართველი გუნდში ამტკიცებენ, რომ თითქოსდა არსებობს რაიმე დისკუსია ქორწინების ალტერნატიული ფორმების შემოღების შესახებ, რის გამოც კანონპროექტით დაუშვებელი იქნება ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრაცია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება — ანუ არ იქნება კავშირი ქალსა და კაცს შორის.
ასევე, ცვლილებებით აეკრძალებათ არასრულწლოვანის შვილად აყვანა მათ, ვინც თავს საკუთარი სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებენ ან არ არიან ჰეტეროსექსუალი ადამიანები, მათ შორის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა – მარტოხელა პირებსაც.
კანონით ასევე იკრძალება სქესის შეცვლის ოპერაცია ან რაიმე სახის სხვა სამედიცინო მანიპულაცია და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ან სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემულ საბუთში ადამიანისთვის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება.
მმართველი პარტიის საკანონმდებლო ცვლილებებით, დაუშვებელია საგანმანათლებლო დაწესებულებაში „ლგბტ პროპაგანდის“ წარმოება, მაუწყებლებს კი აეკრძალებათ ლგბტ ადამიანების ინტიმური ურთიერთობის ამსახველი სცენის ეთერში გაშვება:
კიდევ ერთი აკრძალვა ეხება შეკრებისა და მანიფესტაციის საკითხს. კერძოდ, იკრძალება საჯარო შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც მიმართულია „ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“.
ამასთან, კანონით შრომით ურთიერთობებში, როგორც კერძო სამართლებრივ დაწესებულებებში, ისე საჯარო დაწესებულებებში, ბათილი იქნება შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დაკისრებული „ისეთი ვალდებულება, რომელიც მიმართულია ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფისკენ
გარდა ამისა, კანონი ითვალისწინებს შრომის კოდექსში 17 მაისის ოჯახის სიწმინდის დღედ დაწესებას და უქმედ გამოცხადებასაც.
არ არსებობს რომელიმე ავტორიტეტული სამეცნიერო ორგანიზაციის კვლევა, რომელიც ამბობს, რომ რაიმე სახის “პროპაგანდას” ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლა შეუძლია.
მსოფლიოს არაერთ წერტილში, მათ შორის აშშ-ში, ამ თემით მანიპულირებს მრავალი ულტრაკონსერვატიული ჯგუფი, თუმცა — მყარი მეცნიერული დასაბუთების გარეშე. არიან ისეთებიც, რომლებიც ამტკიცებენ ან წარსულში ამტკიცებდნენ, რომ გარკვეულ “თერაპიებს” ლგბტ ადამიანების ორიენტაციის ან იდენტობის შეცვლა ძალუძთ. არაერთმა ასეთმა ფსევდოთერაპევტმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა მავნე და საშიში პრაქტიკის გამოყენებისთვის, ზოგიერთი კი იმაშიც გამოტყდა, რომ თავად გეია.
ამ თემაზე:
· „უნდა აიკრძალოს აშკარა ლგბტ პროპაგანდა“ – „ოცნება“ ახალ კანონპროექტს აანონსებს
· როგორ მანიპულირებს “ოცნება” ამერიკული კვლევით და “ლგბტ პროპაგანდით”
· რატომ გაააქტიურეს საპარლამენტო უმრავლესობაში ანტიდასავლური რიტორიკა
· „გააღვივებს მტრულ დამოკიდებულებას ლგბტ ადამიანების მიმართ“ — ვენეციის კომისია საკონსტიტუციო ცვლილებებზე