ვინ დააჯარიმებს დამრღვევ ქვეითებს? – აუვა თუ არა ამას პატრული?

ქვეითებისთვის დაწესებული ჯარიმები იზრდება. აღნიშნულს ითვალისწინებს კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც იგეგმება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანა. ექსპერტები ამბოებნ, რომ შესაბამისი სიახლის დანარგვა აუცილებელია, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევების საკმაო ნაწილი, სწორედ ფეხით მოსიარულეთა გამო ხდება, თუმცა ასევე საინტერესოა, როგორი იქნება აღსრულების მექანიზმი და მონიტორინგი.
ქვეითებისთვის ამჟამადაც მოქმედებს ჯარიმები, თუმცა არსებული სანქცია, ვერ ასრულებს პრევენციულ ფუნქციას, რის გამოც საჭიროა ჯარიმის გაზრდა.
„ბოლო პერიოდში გახშირებულია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა, განსაკუთრებით ქვეითად მოსიარულეთა, მიერ მოძრაობის წესების დარღვევა, კერძოდ, საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა. ქვეითად მოსიარულეთა ამგვარი ქცევა, აფერხებს მოძრაობას, ქმნის საავარიო სიტუაციების რისკს, რაც საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
ქვეითების (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის დარღვევა ან/და საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა აქამდე 10-ლარიან ჯარიმას იწვევდა. იმ შემთხვევაში, თუ პროექტი კანონის ძალას მიიღებს, ჯარიმა 50 ლარი გახდება. ერთი წლის ვადაში იმავე დანაშაულის განმეორების შემთხვევაში ამჟამად ჯარიმა 20 ლარია, დაგეგმილი ცვლილებებით კი 100 ლარი ხდება.
აღსანიშნავია, რომ კანონს ემატება ორი მუხლი, რომლის მიხედვითაც, თუ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა ქვეითების მიერ ჩადენილ იქნა ავტომაგისტრალზე, საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე, პირი 100 ლარით დაჯარიმდება, ერთ წელში დანაშაულის განმეორება კი 200-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.
ცვლილების დაკანონებას მიესალმებიან საავტომობილო სფეროს სფეციალისტები. როგორც “ჩემი ქალაქის მკლავს” დამფუძნებელი გიორგი ჯაფარიძე მიიჩნევს, კანონის აღსრულება ქვეითი პატრულების მეშვეობით უნდა მოხერხდეს.
“პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მნიშველოვანია ჯარიმის გაზრდა, ჩვენ აქტიური კამპანია გვაქვს დაწყებული ამასთან დაკავშირებით და ძალიან ბევრ ვიდეოს შეხვდებით, თუ როგორ არღვევენ ქვეითები წესებს, როგორ ქმნიან საავარიო სიტუაციებს, რითაც საფრთხეს უქმნიან საკუთარ თავს და სხვა ადამიანების სიცოცხლესაც. აქ საუბარი არ არის ცარიელი გზის გადაკვეთაზე, არამედ საუბარია ისეთ ადგილებში გადასვლაზე, სადაც ინტენსიური მოძრაობაა და მაღალი სიჩქარე დაშვებულია.
ჯარიმის გაზრდა კარგია, თუმცა ამ ყველაფერში ყველაზე მნიშვნელოვანია კანონის აღსრულება. მის გარეშე რა აზრი ექნება ჯარიმის მოცულობის გაზრდას? აღსრულება კი ისე უნდა მოხდეს, როგორც სხვა ქვეყნებშია, სადაც არსებობს ქვეითი პატრული. ცენტრალური მნიშვნელობის გზებზე, სადაც აქტიური მოძრაობაა, უნდა გამოიყოს ქვეითი პატრულები, რომლებიც აღასრულებენ შესაბამის კანონს. ერთი პერიოდი იყო მსგავსი ტიპის მონიტორინგი და ხდებოდა კიდეც დაჯარიმება. კანონს უნდა ჰქონდეს სისტემატური სახე და არა ერთჯერადი, რომ დაიწყონ და მერე გაჩერდნენ, რადგან ეს არის დიდი პრობლემა, რასაც მოგვარება სჭირდება.
ზოგი ვერ ხვდება და ფიქრობს, სანამ ავტომობილს ბორბლებში ჩაუვარდება, გაჩერდება და ავარია არ მოხდება. ფაქტია, რომ ავაროების შედეგად ყოველწლიურად ბევრი ადამიანი იღუპება საქართველოში. რა თქმა უნდა, მათგან ყველა ქვეითი არ არის, მაგრამ დიდი წილი ფეხით მოსიარულეებზე მოდის. დაუდევრობით, გარდა იმისა, რომ ადამიანი თავს იღუპავს, აუბედურებს მძღოლს, რომელიც დამნაშავე შეიძლება საერთოდ არ იყოს. მაგალითად, დასაშვები სიჩქარით მიდიოდეს თავის ზოლში, თუმცა უბრალოდ ქვეითი არ იყოს ხედვის არეალში და მოხდეს უბედური შემთხვევა.
საბოლოო აზრი არის ის, რომ ამ მხრივ კანონის აღსრულება არის მნიშვნელოვანი, რადგან ეს დიდი პრობლემაა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კანონის აღსრულებით უნდა მივიღოთ ის, რომ ყველა ფეხის მოსიარულე გადავიდეს ქვეითთა გადასასვლელზე. მით უმეტესს, გზების რეაბილიტაციის დროს შუქნიშნების დამონტაჟება არ ენანებათ, ანუ რეალურად სისტემა ქვეითებზე მორგებულია.
მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, წერეთლისა და ჭავჭავაძის გამზირზე ბევრი შუქმნიშანია. რა თქმა უნდა, ყველა ადგილზე არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, თუმცა, ასე თუ ისე, 50-100 მეტრის რადიუსში არის ქვეითთა გადასასვლელები. თუ მძღოლები უნდა დაემორჩილონ დამატებით შუქნიშნებს, რაც ქმნის საცობს, მაშინ ქვეითიც უნდა დაემორჩულოს კანონს, რადგან საგაზო მოძრაობის მონაწილე მხოლოდ ავტომობილის მძღოლი არ არის”, – განაცხადა გიორგი ჯაფარიძემ.
სპეციალისტები იმისაც ამბობენ, რომ ჯარიმების გაზრდასთან ერთად, აუცილებელია სხვადასხვა ცვლილების შეტანა კანონში. ასეთი მოსაზრება აქვს “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარეს ეკა ლალიაშვილს:
“პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ საგზაო უსაფრთხოება არის კომპლექსური საკითხი და როდესაც საუბარია მხოლოდ ქვეითების მიერ დარღვეულ ჯარიმების გაზრდაზე, ბევრ კითხვას იწვევს, რადგან არსებობს სხვადსახვა პრობლემური საკითხები, რასაც ასევე სჭირდება მიხედვა, თუნდაც სიჩქარის გადაჭარბების ფაქტორები ან ბავშვთა სავარძლის არსებობა, ღვედების გამოყენება უკანა სავარძელზე და ა.შ.
ამ შემთხვევაში კი კითხვა ისმის, აღსრულება როგორი იქნება, რადგან ჯარიმა 10 ლარი იქნება თუ 50 ლარი, მთავარი საკითხი მაინც ადმინისტრირებაა. კარგი იქნება, თუ პრიორიტეტული საკითხები ერთმანეთთან თანხვედრაში მოექცევა. რასაკვირველია, ფეხით მოსიარულეთა მხრიდან წესების დარღვევა უნდა იყოს ყურადსაღები, მაგრამ შეიძლება უფრო მეტად არსებობდეს უპირატესი საკითხები, რომლებიც საგზაო უსაფრთხოებას მოემსახურება, ვიდრე ქვეითებისთვის ჯარიმების გაზრდა.
ვისურვებდი, რომ ასეთი ტიპის კანონები იყოს არა დაჩქარებულად მიღებული, არამედ საჯარო დისკუსიებით შემუშავებული. მინიმუმ იმ ექსპერტების ჩართვით, ვინც ამ სფეროში მუშაობს”, – ამბობს ეკა ლალიაშვილი.
2025 წლის პირველ სამ თვეში 1 360 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 112 და დაშავდა 1 760 ადამიანი. ამ პერიოდში გარდაიცვალა 50 ქვეითი, რაც იმას ნიშნავს, რომ დაღუპულთა შორის თითქმის ყოველი მეორე ფეხით მოსიარულეა.