ვინ გამოიმუშავა ყველაზე მეტი თანხა ჩოგბურთში წელს? (bm.ge)

2025 წლის ივნისის მდგომარეობით, საპრიზო თანხების მიხედვით პროფესიონალურ ჩოგბურთს სათავეში კარლოს ალკარასი უდგას. მან უკვე $7.42 მილიონი გამოიმუშავა ტურნირების მოგებით. ესპანელმა სპორტსმენმა მოიგო ორი თიხის საფარის მასტერსის ტურნირი მონტე კარლოში და რომში, რითაც თითოეულ შემთხვევაში $1 მილიონზე მეტი ჰონორარით დაჯილდოვდა, ხოლო საფრანგეთის ღია პირველობაზე გამარჯვებისთვის მას $2.9 მილიონი გადაეცა. 22 წლის ასაკში ალკარასი უკვე მე-7 ადგილზეა ყველა დროის ATP-ის საპრიზო თანხების რეიტინგში — მისი კარიერული შემოსავლები $44 მილიონს აღემატება.

მეორე ადგილზეა ქალთა რეიტინგის პირველი ნომერი არინა საბალენკა, რომელმაც წლის პირველ ნახევარში მოაგროვა $5.98 მილიონი. მან წააგო ორივე — ავსტრალიის და საფრანგეთის ღია პირველობის ფინალები, თუმცა მოიგო მაიამის და მადრიდის ტურნირები, სადაც თითოეულიდან $1 მილიონზე მეტი ჰონორარი მიიღო. მის შემდეგ მოდის ამერიკელი კოკო გაუფი $5.56 მილიონით — გაუფმა სწორედ საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა საბალენკა.

წლის პირველმა „გრანდ სლემის“ გამარჯვებულებმა შედარებით ნაკლები გამოიმუშავეს. მედისონ კისმა ავსტრალიის ღია პირველობის მოგებისთვის $2.2 მილიონი მიიღო, თუმცა მას შემდეგ ფინალში არ გასულა. იანიკ სინერმა კი ზუსტად იგივე რაოდენობის თანხა მიიღო, თუმცა მას ანტისადოპინგო შეთანხმების ფარგლებში სამ თვიანი დისკვალიფიკაცია დაუწესდა, რომელმაც თებერვლიდან აპრილამდე გასტანა.

2025 წლის სეზონის პირველ ნახევარში საპრიზო თანხების ათეულში ქალები ექვს პოზიციას იკავებენ. წლის შემდეგი დიდი შანსი ფულად მოგებაზე უიმბლდონი იქნება, რომელიც ივნისის ბოლოს იწყება. 2025 წელს უიმბლდონის საპრიზო ფონდი $72 მილიონია და ის თანაბრად განაწილდება მამაკაცებსა და ქალებს შორის, როგორც დანარჩენ სამ “გრანდ სლემზე”.

ცნობისთვის, ყველაზე დიდი ჰონორარები გაიცემა „გრანდ სლემის“ ტურნირებზე: ავსტრალიის ღია პირველობა, როლან გაროსი, უიმბლდონი და აშშ-ის ღია პირველობა. თითოეული მათგანი გამარჯვებულს 2000 სარეიტინგო ქულას ანიჭებს.

მაგალითად, 2024 წლის აშშ-ის ღია პირველობაზე გამარჯვებულებმა მიიღეს $3.6 მილიონი, მაშინ როცა ერთი კვირით ადრე გამართულ 250-იან ტურნირზე, უინსტონ-სეილემში გამარჯვებულმა მხოლოდ $107,000 მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ წლის ბოლო ტურნირები ATP და WTA ფინალები ნაკლებ ყურადღებას იპყრობს, მათში მონაწილეობის მიღება ძალიან მოგებიანია. სინერმა 2024 წლის ATP Finals მოგებისთვის $4.9 მილიონი მიიღო, რაც თითქმის უდრის იმ გამომუშავებულ თანხას, რაც მან ავსტრალიის ($2 მლნ) და აშშ-ის ღია პირველობებზე ($3.6 მლნ) ერთად მიიღო.

მხოლოდ საჩოგბურთო ტურნირებიდან ყველაზე მეტი თანხა კარიერულად ნოვაკ ჯოკოვიჩს აქვს გამომუშავებული, რომელიც 24 „გრანდ სლემის“ ტიტულს ფლობს და 7-ჯერ მოიგო ATP Finals-ი. სერბის კარიერული საპრიზო შემოსავალი $187 მილიონია. მას აქვს ოთხი ყველაზე მაღალი სეზონური ჰონორარის მაჩვენებელი ისტორიაში და $50 მილიონით უსწრებს რაფაელ ნადალს.
bm.ge