გერმანიის ქალაქ ჰანოვერში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სამრეწველო გამოფენაზე ჩინური კომპანია Unitree-ს მიერ შექმნილი ჰუმანოიდი რობოტი გამოჩნდა.
დაახლოებით 130 სმ სიმაღლის G1 ბაზარზე არსებულ სხვა ჰუმანოიდ რობოტებთან შედარებით უფრო პატარა და ხელმისაწვდომია. ის იმდენად მოქნილია, რომ მისი საცეკვაო რუტინებისა და საბრძოლო ილეთების შესრულების ვიდეოები უკვე ვირუსულად გავრცელდა.
დღეს G1-ს Unitree-ს გაყიდვების მენეჯერი პედრო ჟენგი, დისტანციურად მართავს.
Unitree მსოფლიოში ათობით კომპანიიდან მხოლოდ ერთ-ერთია, რომელიც ადამიანის მსგავსი მახასიათებლების მქონე რობოტებს ქმნის.
პოტენციალი კი უზარმაზარია: ისინი ბიზნესებს ჰპირდებიან სამუშაო ძალას, რომელსაც არ დასჭირდება შვებულება ან ხელფასის მომატება. გარდა ამისა, რობოტი შეიძლება გახდეს იდეალური სახლის მოწყობილობა.
თუმცა, ტექნოლოგია ჯერ კიდევ შორს არის მასშტაბურად დანერგვისგან. მიუხედავად იმისა, რომ რობოტული მკლავები და მობილური რობოტები ქარხნებსა და საწყობებში ათწლეულების განმავლობაში გამოიყენება, ასეთ ადგილებში პირობების კონტროლი და მუშაკთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია.
ჰუმანოიდი რობოტის ნაკლებად პროგნოზირებად გარემოში შეყვანა კი გაცილებით რთული ამოცანაა.
სარგებლის მოსატანად, ჰუმანოიდი რობოტები ძლიერები უნდა იყვნენ, თუმცა ეს მათ პოტენციურად საშიშსაც ხდის – მხოლოდ ერთმა დაცემამ არასწორ მომენტში შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანს.
ამიტომაც, ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა გასაწევი ისეთი ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე, რომელიც ასეთ მანქანას გააკონტროლებს.
Unitree-ს წარმომადგენლის განცხადებით, “ხელოვნურმა ინტელექტმა ჯერ ვერ მიაღწია გარღვევის ეტაპს“.
ამ ეტაპზე, ჰუმანოიდი G1 განკუთვნილია კვლევითი ინსტიტუტებისა და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ Unitree-ს ღია კოდის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება განვითარებისთვის.
მეწარმეები ცდილობენ, ჰუმანოიდური რობოტები საწყობებსა და ქარხნებში გამოიყენონ.
მათგან ყველაზე ცნობილია ილონ მასკი. მისი საავტომობილო კომპანია Tesla ქმნის ჰუმანოიდ რობოტს, სახელწოდებით Optimus. იანვარში მასკმა განაცხადა, რომ წელს რამდენიმე ათასი რობოტი შეიქმნება.
მსგავსს გზას მისდევენ სხვა ავტომწარმოებლებიც. BMW-მ ცოტა ხნის წინ აშშ-ში, ერთ-ერთ ქარხანაში, ჰუმანოიდი რობოტები წარადგინა. ამასობაში, სამხრეთ კორეულმა საავტომობილო კომპანია Hyundai-მ Boston Dynamics-ს ათიათასობით რობოტი შეუკვეთა, რომლებიც 2021 წელს შეიძინა.
კვლევითი ფირმა STIQ-ის დამფუძნებელი თომას ანდერსონი აკვირდება 49 კომპანიას, რომლებიც ქმნიან ჰუმანოიდურ რობოტებს. ანდერსონი თვლის, რომ ჩინური კომპანიები, სავარაუდოდ, ბაზარზე დომინირებენ.
„ჩინეთს უზარმაზარი მიწოდების ჯაჭვი და მთელი რობოტიკის ეკოსისტემა აქვს და სწრაფი ინოვაციების დანერგვა და კვლევისა და განვითარების განხორციელება მართლაც მარტივია“, – ამბობს ის.
ამასთან, Unitree-ს აქვს ერთი უპირატესობა, მისი წარმოებული G1 რობოტი იაფია და 16,000 აშშ დოლარი ღირს.
გარდა ამისა, როგორც თომას ანდერსონი აღნიშნავს, ინვესტიციებში უპირატესობა აზიის ქვეყნებს ენიჭებათ.
STIQ-ის ბოლოდროინდელ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჰუმანოიდი რობოტების დაფინანსების თითქმის 60% მოზიდული იქნა აზიაში, დანარჩენი კი შეერთებულ შტატებში.
როგორ შეუძლიათ ამერიკელ და ევროპელ რობოტების მწარმოებლებს კონკურენცია გაუწიონ ჩინეთს?
ბრენ პირსმა ბრისტოლში სამი რობოტიკის კომპანია დააარსა, რომელთაგან უახლესია Kinisi. სტარტაპმა ახლახანს გამოუშვა რობოტი KR1.
მიუხედავად იმისა, რომ რობოტი დიდ ბრიტანეთში შეიქმნა და განვითარდა, ის აზიაში დამზადდება.
“პრობლემა, რომლის წინაშეც ევროპული ან ამერიკული კომპანია დგას, არის ის, რომ ყველა ეს ქვეკომპონენტი ჩინეთში უნდა იყოს შეძენილი. სისულელეა ძრავების, აკუმულატორების, რეზისტორების ყიდვა, მათი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ტრანსპორტირება და ერთ მექანიზმად აწყობა, როდესაც ყველაფრის გაკეთება ადგილზე, ანუ აზიაშია შესაძლებელი,“ – ამბობს ბრენ პირსი.
წელს KR1 პირველ ტესტირებას გაივლის და როგორც ჩანს, რობოტები მალე დატოვებენ ქარხნისა და საწყობის კარიბჭეებს. ისინი მასობრივი წარმოებისთვის ემზადებიან.
სავარაუდოდ 10-15 წელიწადში ჰუმანოიდი რობოტები სამუშაო ძალის დიდი ნაწილს ჩაანაცვლებს.
წყარო: bbc.com bpn.ge
