ვინ არის შსს-ს მაღალჩინოსანი ხუტა პაჭკორია, რომელმაც „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს აგინა

პირი, რომელმაც „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს აგინა და საქმიანობაში ხელი შეუშალა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის, მოადგილე ხუტა პაჭკორიაა.

ვინ არის ხუტა პაჭკორია

ხუტა პაჭკორიას სახელი წულუკიანის კომისიაზე ახსენეს 6 ივლისს. კომისიაზე გამოიკითხა გიული ავალიშვილი, რომელმაც მისი ძმის, გიორგი ავალიშვილის საქმის შესახებ ისაუბრა. გიული ავალიშვილის თქმით, მისი ძმა 2011 წელს დააკავეს და ციხეში აწამეს.

„სცენარი იყო დაწერილი და ამ სცენარის დამწერი იყო ხუტა პაჭკორია“, – თქვა გიული ავალიშვილმა. ხუტა პაჭკორია იმ დროს კახეთის ფინანსური პოლიციის უფროსი იყო. ავალიშვილმა თქვა, რომ პაჭკორიას დასჯას, წლებია, უშედეგოდ მოითხოვს.

„თქვენი ძმა რომ გამართლდა, ეს იმას ნიშნავს, რომ პაჭკორიადან დაწყებული, კიდევ არაერთ ადამიანს უდანაშაულო ადამიანის გაუბედურებაში წვლილი ჰქონდა… მათ წინააღმდეგ იყო რამე პროცედურა?“, – ჰკითხა ავალიშვილს თეა წულუკიანმა, რაზეც უარი მიიღო.

ხუტა პაჭკორიას და ოთარ ფარცხალაძის მიერ კუდის მაღალჩინოსნების მფარველობაზე საუბრობდა 2015 წელს „წინანდლის ძველი მარნის“ დირექტორი ალექსანდრე მეგუთნიშვილი. მეგუთნიშვილის თქმით, 2010 წელს მას ქონება წაართვეს და კუდის კახეთის სამმართველოს ხელმძღვანელებმა უკანონოდ დააპატიმრეს.

26 ივლისს „ნოდარ მელაძის შაბათში“ გავიდა სიუჟეტი ხუტა პაჭკორიას შესახებ.

სიუჟეტის მიხედვით, ხუტა პაჭკორია მოგვიანებით სუსის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 2015 წელს ის უწყებიდან გაათავისუფლეს. სიუჟეტში ნაჩვენები იყო არქივი – პარლამენტის სხდომაზე ვახტანგ გომელაურს ოპოზიციონერი დეპუტატი ირმა ნადირაშვილი ეკითხება: „ყველამ იცის, რა გახდა [პაჭკორიას] გათავისუფლების მიზეზი. მიზეზი გახდა, რომ დააკავეს პიროვნება სარფში და მან თქვა, რომ შემოჰქონდა ნარკოტიკები პირდაპირ ხუტა პაჭკორიასთვის“.

ვახტანგ გომელაურმა თქვა: „ეს ადამიანი გათავისუფლდა თანამდებობიდან, შემდეგ იქნა აეროპორტში უსაფრთხოების სამსახურში დანიშნული. რატომ მოხსნეს, მიზეზი? რა აუცილებელია, ყველაფერი ვთქვათ, რატომ მოხსნეს?“.

დღეს ხუტა პაჭკორია შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანია.

8 სექტემბერს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პაჭკორიამ აგინა და ხელი შეუშალა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს.

მისი მხრიდან შეურაცხმყოფელ რეპლიკებსა და მუქარაზე წერენ სხვა აქტივისტებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

მურთაზ ზოდელავას ადვოკატი – ბრალს არ ვეთანხმებით, დაუსაბუთებელი ბრალდების ქვეშაა პატიმრობაში, შესაბამისად, ნებისმიერი ღონისძიება უნდა იქნეს მიღებული, რაც მის გათავისუფლებას შეუწყობს ხელს

ლევან ბეჟაშვილი – არ უნდა დავპანიკდეთ – ლევან ხაბეიშვილმა შეძლო და ერთმა ადამიანმა დააშინა ივანიშვილის რეჟიმი, ასი ათასი ადამიანის ძალას შეუძლია საქართველოს ისტორია შეცვალოს, 4 ოქტომბრის პროტესტზე ყველა უნდა გამოვიდეთ