სოხუმში მცხოვრებმა მოდელმა, ადიცა ბერძენიამ პარიზის მოდის კვირეულზე, giambattista valli-ს Haute Couture კოლექცია წარადგინა. კადრები მან სოციალურ ქსელში თავად გააზიარა.
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოდელი, ადიცა ბერძენია მოდის მოყვარულებისთვის კარგად ნაცნობი პერსონაა. ადიცამ საზოგადოებას თავი განსაკუთრებული გარეგნობით დაამახსოვრა, თუმცა ქართველების ნაწილი საკუთარი პოზიციებით არაერთხელ გააღიზიანა კიდეც.
ადიცა ბერძენიამ კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო. ის “ვიცე მის აფხაზეთი“ გახდა და პოპულარობა სამოდელო სფეროში სწორედ ამის შემდეგ მოიპოვა. როგორც თავად ამბობდა, სილამაზის კონკურსში მონაწილეობისკენ მამიდამ უბიძგა. “კონკურსში მონაწილეობას არ ვაპირებდი, მაგრამ მამიდაჩემმა, მზია ბერძენიამ, რომელიც ჯგუფ “დები ბერძენიების“ პროდიუსერია, მოტივაცია მომცა”, – იხსენებდა ის.
ადიცა ომის შემდეგ დაიბადა აფხაზეთში და იქვე გაიზარდა. სწავლა გააგრძელა მოსკოვის უნივერსიტეტში და “ვიცე მის აფხაზეთის“ სტატუსის მოპოვების შემდეგ, სამოდელო კარიერაც იქ დაიწყო. ადიცას ეკატერინა პოპოვა წარადგენდა, რომელიც ცნობილი რუსული სამოდელო სააგენტოს, Avant Russia-ს აგენტი იყო. ადიცამ არაერთ დიდ თუ პატარა ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა და ამ სფეროში მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწია, განსაკუთრებით აღსანიშნავია რალფ ლორენის ჩვენებაში მონაწილეობა.
ადიცა ბერძენია ხშირად ჩნდება დევიდ კომას ჩენებებზე. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო 2023 წელს ლონდონის მოდის კვირეულზე ახალგაზრდა ელისაბედ II-ის შთაგონებით შექმნილი კოლექციის ჩვენება, სადაც ადიცასთან ერთად ქართველი მატილდა გვარლიანიც გამოვიდა.
ადიცა ბერძენია სხვადასხვა წყაროში რუს მოდელადაა მოხსენიებული. ქართველად თავს არც თავად თვლის და ამის არაერთი დასტური არსებობს. ერთ-ერთი მათგანია მის მიერ სოციალურ ქსელში 27 სექტემბერს გაზიარებული პოსტი, სადაც სოხუმის „გათავისუფლებას” აღნიშნავდა. ადიცას ღიად საკუთარი შეხედულებები და პოზიცია ამ საკითხზე სხვა დროს არ დაუფიქსირებია, თუმცა ქართველი დიაზინერების ჩვენებებში აქტიურად იღებს მონაწილეობას და სამოდელო კარიერას წარმატებით აგრძელებს.