ვინ აგებს პასუხს ახალაშენებულ უვარგის კორპუსებზე, მათი რღვევის შემთხვევაში?

შენობების მდგრადობის საკითხი სერიოზულ ეჭვს იწვევს. გარდა იმისა, რომ ძველი, საბჭოური კორპუსები უკვე ყავლგასულად მიიჩნევა და თითქმის მასობრივად სჭირდება გამაგრებითი სამუშაოები, ვერც ახალი შენობებია მდრადი. ბოლო დროს ამის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ვაშლიჯვარში ერთ-ერთ კორპუსთან დაკავშირებული გახმაურებული შემთხვევა, როცა 5 წლის წინ აგებული შენობიდან მოსახლეობის გაყვანა გახდა საჭირო. სავარაუდოდ, პრობლემა გაცილებით მასშტაბურია, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა მიწისძვრები საქართველოს მასშტაბით გახშირდა და ასეთ დროს კორპუსის სიმყარეს გადამწყვეტი როლი აკისრია.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ ხშირად არაკვალიფიციური დასკვნები კეთდება, რაც ცხადია, ხარისხზე უარყოფით გავლენას ახდენს. კონკრეტულ ფატქებზე კი პასუხისმგებლობა ფაქტობრივად არავის ეკისრება, არც კონტროლია ძლიერი, რომელიც მობინადრეებს დაიცავს.
ახალაშენებულ კორპუსებთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით სპეციალისტები აცხადებენ, რომ მათი გარკვეული რაოდენობა ხარისხის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, რაც უსაფრთხოების რისკები მაღალია.
როგორც სამშენებლო დარგის ექსპერტი გიორგი შვანგირაძე აცხადებს, პირველ რიგში, პრობლემაა სამშენებლო მასალებთან დაკავშირებით, რადგან მშენებლობისას გამოყენებული მასალების დიდი ნაწილი რეალურად დაბალი ხარისხისაა.
,,სამშენებლო მასალების შემოწმება დიდწილად არ ხდება. მართალია, კანონით მოეთხოვებათ, მაგრამ კონტროლის მექანიზმი სუსტია. მასალებზე გაცემული საბუთების საფუძველზე, რომელიც ლაბორატორიულ შემოწმებას გადის, ყველაფერი მწყობრშია, მაგრამ შენობის ექსპლუატაციაში შესვლამდე ექსპერტების მიერ მისი შემოწმება არ ხდება. რამე რომ მოხდეს და ადამიანი დაშავდეს ან მობინადრეების გაყვანა გახდეს საჭირო, პასუხისმგებლობა, ფაქტობრივად, არავის ეკისრება. ყველაზე მეტად, ეს საკითხია მოუგვარებელი”, – აღნიშნა გიორგი შვანგირაძემ და დასძინა, რომ ყველა ობიექტი მაღალ დონეზე უნდა კონტროლდებოდეს, რათა რისკები გამოირიცხოს და მოსახლეობის უსაფრთხოება გარანტირებულად იყოს დაცული.
,,აკრედიტაციის ეროვნული ბიურო და მერია, რომელიც ამ შედეგს იბარებს, მაქსიმალურად სანდო უნდა იყოს, კონტროლი ამ მიმართულებითაც გასაძლიერებელია. თავიდანვე უნდა გამოირიცხოს ისეთი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მომავალში შენობის მდგრადობის რღვევა. ხარისხობრივ მაჩვენებლების მიმართ ეჭვები არ უნდა გაჩნდეს.
როცა შენობა აშენდება, რკინა-ბეტონის მზიდი ნაწილების ხარვეზი (რომლის შევსება ხდება სამშენებლო ბლოკით და ჩვეულებრივი ადამიანის თვალით შესამჩნევია), შეიძლება საერთოდ არ იყოს საშიში. ვგულისხმობ ცნობილ ვიდეოს, სადაც მობინადრემ შპალერის ჩამოხევისას კედელზე გაჩენილი ხარვეზი დააფიქსირა. რამდენად არის ფაქტი საგანგაშო, ნებისმიერ შემთხვევაში, ექსპერტმა უნდა შეაფასოს რომლის გარეშეც ვერც ერთი გამოვლენილი ხარვეზი პრობლემად ვერ ჩაითვლება.
როცა უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, კონტროლის სისუსტე ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. საკმაოდ მარტივად გასცემენ ნებართვებს, რბილად იბარებენ საბუთებს, ვინაიდან შენობა ექსპლუატაციაში ჩაბარება არ უნდა ხდებოდეს ასე მარტივად. ბევრი კორპუსია, რომ ექსპლუატაციაში საერთოდ არ არის შესული და იქ ხალხი ცხოვრობს. ესეც ცალკე პრობლემაა. იქ რომ რამე უბედურება დატრიალდეს, პასუხს ვინ აგებს?”, – აღნიშნა გიორგი შვანგირაძემ.
რაც შეეხება, პასუხისმგებლობის საკითხს, იურისტების შეფასებით, არც ამ კუთხით არის მდგომარეობა სტაბილური, რაც საკანონმდებლო ხარვეზია. სამშენებლო სამართლის სპეციალისტის უჩა ზაქაშვილის თქმით, 2021 წელს მიღებული კანონი ექსპლუატაციაში მიუღებელი ობიექტების ფუნქციობა იკრძალება, მაგრამ ჩანაწერში საერთოდ საუბარი არ არის სანქციაზე.
იურისტმა ისაუბრა იმაზეც, რომ შენობა-ნაგებობების ნახევარზე მეტი სახელმწიფოს მიერ შემოწმებას არ გადის და, შესაბამისად, ექსპლუატაციაში მიღებული არ არის.
,,ექსპლუატაციაში მიღების დროს ცალკეული საკითხები არ მოწმდება, მაგრამ მოწმდება ის, რაც გარკვეულ პრევენციას უწყობს ხელს. სახელმწიფოს კონტროლი სადღაც 50%-ით მაინც ამცირებს რისკს, რადგან ისინი ამოწმებენ ძირითად კონსტრუქციას, ზომებს, მდებარეობას, რაც უსაფრთხოების ნაწილში გადამწყვეტია. ავალდებულებენ, რომ ეს ყველაფერი მოიყვანონ წესრიგში და კვლევები ჩაატარონ, რაც პრევენციულია. როგორც ცნობილია, 2021 წელს აიკრძალა ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობების ფუნქციობა, მაგრამ კოდექსში შევიდა ისეთი მუხლი, სადაც არის მხოლოდ აკრძალვა და არ არის სანქცია. გამოდის, რომ იკრძალება, მაგრამ არავინ ისჯება. ამ კანონის განხილვისას, შიდა მოსმენებზე, სხვადასხვა კომიტეტებს ჰქონდათ შენიშვნები, რა აზრი აქვს ამ მუხლის მიღებას, თუ ჯარიმა არ მოსდევსო. ძალიან სწორი შენიშვნები იყო, თუმცა, არ გათვალისწინეს”, – განაცხადა ზაქაშვილი.
შენობების უსაფრთხოების საკითხით ბოლო პერიოდში სეისმოლოგებიც განსაკუთრებით დაინტერესდნენ . როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ ამ რამდენიმე დღის წინ ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა, საქართველო ტექტონიკურად ერთ-ერთი ურთულესი ტერიტორიაა, ამიტომ მოსახლეობა ნუ იყიდის სახლებს აე ვთქვათ, ,,ფურთხით აშენებულ კორპუსებში”და ნუ დატვირთავენ ქალაქებს კორპუსების გაუვალი ჯუნგლებით, რადგან მიწისძვრის დროს შეიძლება დიდი საფრთხე შექმნან.
,,სტატისტიკური მაჩვენებელი დღეში 30-35 ა, ჩვენი სეისმური ქსელის მიერ რეგისტრირებული. გააჩნია სეისმური სადგურების დაფარვის გეომეტრიასა და სიხშირეს. თუ მომყოლი მიწისძვრებია, მაშინ სტატისტიკა მკვეთრად იცვლება. გააჩნია მთავარი ბიძგის სიძლიერეს ან მიწისძვრათა გუნდის სიძლიერეს.
მიწისძვრები ხდებოდა, არის და კიდევ ბევრი მილიონი წელი მოხდება, მათ შორის ძლიერიც. ამიტომ ნუ იყიდით სახლებს ფურთხით აშენებულ კორპუსებში და ნუ დატვირთავთ ქალაქებს კორპუსების გაუვალი ჯუნგლებით. მიწისძვრის დროს, ვეღარავინ გიშველით. მიბაძეთ განვითარებულ ქვეყნებს. უსაშველოდ ლამაზია ერთსართულიანი ამერიკა, კანადა… გაუფრთხილდით საკუთარ თავს, მომავალ თაობებეს და ქვეყანას, თორემ ძლიერი მიწისძვრის შემდეგ დარჩება უქართველო საქართველო, ასე თუ გააგრძელეთ და ამოაკორპუსეთ ქვეყანა”, – დაწერა გოდოლაძემ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, თბილისში 2023 წელს გაიცა 5 611 სამშენებლო ნებართვა, ექსპლუატაციაში მერიამ მიიღო 1 052 ობიექტი. 2024 წლის პირველ კვარტალში გაიცა 1 195 ნებართვა, ექსპლუატაციაში შევიდა: 328.
რაც შეეხება აჭარას, გასულ წელს აჭარაში სულ 712 ნებართვა გაიცა, ექსპლუატაციაში მიღებულია 78 მათგანი. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქსტატი 185 ნებართვას და 12 მიღებულ ობიექტს ითვლის.
მშენებარე პროექტები ხშირად რამდენიმე წელზეა გათვლილი, შესაბამისად, ზუსტი კორელაცია გაცემულ ნებართვასა და მიღებულ ობიექტებს შორის არ არსებობს, თუმცა 2006 წლიდან არსებული მონაცემების მიხედვით, თანაფარდობა თითქმის ყოველ წელს ერთნაირია.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი