ვინ ააშენებს ანაკლიის პორტს – რამდენიმე დღეში გამარჯვებულად ჩინური კომპანია გამოვლინდება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის გამოვლენის საერთაშოროსო კონკურსში, რომლის ფინალურ ეტაპზე ორი კომპანია მონაწილეობდა, საბოლოოდ საკუთარი წინადადება მხოლოდ ერთმა ჩინურ-სინგაპურულმა ჰოლდინგმა წარადგინა. კითხვაზე, შეიძლება თუ არა აღნიშნული კომპანია უკვე ჩაითვალოს კონკურსში გამარჯვებულად, დავითაშვილი პასუხობს, რომ ვინაიდან განაცხადი სრულყოფილად არის შევსებული, ეს კომპანია კონკურსში გამარჯვებულად ფაქტობრივად შეიძლება ჩაითვალოს.
“კონკურსში მონაწილე იყო შვეიცარულ ლუქსემბურგული კომპანია Terminal Investment Limited-ი და ასევე ჩინურ-სინგაპურული ჰოლდინგი China Communication Construction Company Limited-ის და China Harbor Investment-თან ერთად, რომლებსაც 2024 წლის 24 მაისამდე უნდა წარმოედგინათ საკუთარი ტექნიკური, კომერციული, ფინანსური წინადადებები აგრეთვე საკუთარი კომენტარები. ეს ვადა გავიდა და გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ 20 მაისს ანაკლიის განვითარების სააგენტოში წინადადება წარმოადგინა მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა, რომელსაც ჰყავს ორი მნიშვნელოვანი ქვეკონტრაქტორი CRBC და ჩინდაო პორტ ინთერნეიშენალი, ჩინ დაო პორტი მინდა გითხრათ რომ მსოფლიოში არის მეექვსე-მეშვიდე ადგილზე საპორტო ტვირთბრუნვით. ჩვენ უახლოეს ხანებში გვექნება წინადადებების შეფასება კომისიის მიერ და გამარჯვებულის გამოვლენა.
პირველადი შეფასებით წინადადება სრულყოფილადაა წარმოდგენილი და დიდი შანსია, რომ კომისიამ გამარჯვებულად გამოაცხადოს. ამისთვის რამდენიმე დაზუსტებაა საჭირო და ვფიქრობ, რამდენიმე დღეში ჩვენ ჩინურ კონსორციუმს გამოვაცხადებთ გამარჯვებულად,”- განაცხადა ლევან დავითაშვილი.
BMG-იმ ეკონომიკის მინისტრს ჰკითხა თუ რა ინვესტიციების განხორციელებას მოიცავს აღნიშნული პროექტი, რაზეც ლევან დავითაშვილი პასუხობს, რომ პროექტის პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 600 მილიონი დოლარია.
“ეს არის ანაკლიის პორტის განვითარების პირველი ფაზა, პირველი ფაზა მოიცავს ისეთი ნავმისადგომის მშენებლობას, რომლის გამტარიანობაც წლიურად 7 მილიონი ტონა ტვირთებისა და 600 ათასი კონტეინერის მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობას. ეს არის პირველი ფაზა და მისი საინვესტიციო ღირებულება 600 მილიონი დოლარია,”- აცხადებს დავითაშვილი,
საქართველოს მთავრობა ანაკლიის მშენებარე პორტში მაჟორიტარი აქციონერი იქნება და საკონტროლო 51% პაკეტი მის მფლობელობაში იქნება. შესაბამისად, გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვით სახელმწიფო ეძებდა ინვესტორს, რომელიც პორტში 49%-იანი წილის მფლობელი იქნება.