„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა მთავარმა პროპაგანდისტმა ზაზა შათირიშვილმა განაცხადა, რომ „ზედმეტი ახალგაზრდები“ ქვეყნიდან უნდა წავიდნენ.
„საქართველო ქართველების გარეშე“ – ეს რუსეთის დიდი ხნის ოცნებაა. ასრულდება თუ არა რუსული ოცნება საქართველოში? -– „ბათუმელები“ ამ თემაზე „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენელს აზა გაბუნიას ესაუბრა, რომელიც შათირიშვილის პროპაგანდას ასე გამოეხმაურა ფეისბუქში – „შენი შვილები გაუშვი ემიგრაციაში!“
- აზა, რამდენიმე წლის წინ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ საკმარისი დასაქმების ადგილებს „ოცნება“ ვერ შექმნიდა საქართველოში და ვისაც დასაქმება გინდათ, სხვა ქვეყანაში წადითო. ფაქტობრივად, მან საქართველოს მოქალაქეებს მაშინ ემიგრაციისკენ მოუწოდა. დღეს კი, მისი პროპაგანდისტი პოლიტიკური ემიგრაციისკენ მოუწოდებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან. როგორ ფიქრობთ, ასრულდება რუსულ ოცნებას ამ ქვეყანაში?
ცხადია, შათირიშვილიც და ყველა ის „მოაზროვნე“, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი თუ პოლიტიკოსი, რომელიც „ქართული ოცნების“ კარზე მუშაობს, მუშაობენ რუსეთის, კრემლის და პუტინის პირად პროპაგანდისტებად, საქართველოში იმ პოლიტიკის გატარება სურთ, რაც გაატარეს რუსეთში – არ დატოვეს მოაზროვნე ადამიანი ქვეყანაში და გაქცეულია ყველა. დაცლილია რუსეთი მოაზროვნე ადამიანებისგან.
იგივე გეგმა, იგივე სცენარია საქართველოშიც. უნდათ, რომ საქართველო დატოვონ მოაზროვნე, ინტელექტუალური და ქვეყნის პატრიოტი ადამიანების გარეშე. ცხადია, მათი სამიზნე ახალგაზრდებია, ეგრეთ წოდებულები „ჯენზი“ და მათი ქვეყნიდან გაშვებაზე არიან მობილიზებულები – მათში ხედავენ ძალას, რომელიც ვერ გააჩერეს.
უნდათ, რომ ახალგაზრდებისგან, მოაზროვნე ადამიანებისგან დაცალონ ქვეყანა, ამის შემდეგ არ ეყოლებათ ველზე ადამიანი, რომელიც მათ გააკრიტიკებს, მათ პროპაგანდას წინ აღუდგება, ქუჩაში გამოვა და იქნება პროტესტში ჩართული.
ერთი ნაწილი ამ საზოგადოების ციხეებში გამოკეტეს, ნაწილი, რომელიც დარჩა ქვეყანაში, უნდათ, რომ წავიდნენ. სამწუხაროდ, დიდმა ნაწილმა მართლა დატოვა ქვეყანა.