ვინც ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ, უნდა მიეცნენ პასუხისგებაში, უკრაინამ უნდა დაიწყოს ნაბიჯების გადადგმა | ხაბეიშვილი
სამოქალაქო საზოგადოება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ვოლოდიმირ ზელენსკის, უკრაინის რადას და ომში მყოფი ქვეყნის სახალხო დამცველს მიმართავს.
„მივმართავთ უკრაინას, რომ ჩაერთოს უკრაინის პროკურატურა და გამოვლინდეს ყველა პირი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულში არის მონაწილე. მე კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო და არის უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი და არა მხოლოდ პოლიტიკოსი – ის არის ზელენსკის მთავრობის მაღალჩინოსანი და ვფიქრობ, რომ უკრაინული მხარე ამ მიმართულებითაც უნდა იყოს ჩართული.“ განაცხადა ღონისძიებაზე მესამე პრეზიდენტის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ.
ენმ-ის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით კი, უკრაინამ უნდა დაიწყოს ნაბიჯების გადადგმა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცნენ ის ადამიანები, რომლებიც ჩართული იყვნენ პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ არაადამიანურ მოპყრობასა და ძალადობაში:
“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ არსებობს პრეცედენტი, როდესაც ევროკავშირი იღებს რეზოლუციას და წერია, რომ კონკრეტული ადამიანი არის პოლიტიკური პატიმარი, ეს შემთხვევა არის პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით. ასევე, უპრეცედენტო რამ მოხდა, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო წარმომადგენლობა აღიარებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებით განხორციელდა მჩაგვრელი, არაადამიანური მოპყრობა. შესაბამისად, კონკრეტული ადამიანები, ვინც ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ და მონაწილეობდნენ არაადამიანურ მოპყრობაში, ძალადობაში და ეს კადრები ჩვენ ყველას კარგად გვაქვს ნანახი, ცხადია ეს ადამიანები უნდა მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ჩვენ და სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არიან ადამიანები, ვინც ფარცხალაძის კვალს აგრძელებენ, ანუ რუსეთის აგენტურა და ისინი არაფერს არ გამოიძიებენ. ვფიქრობთ, რომ უკრაინამ უნდა დაიწყოს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა და კონკრეტული ადამიანები მიეცნენ პასუხისგებაში, ვინც ჩაიდინა დანაშაული.” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა