კრიპტობაზრის თანადამფუძნებელი, ნიკა თოდუა აცხადებს, რომ ბოლო წლებში, ვინც საზღვარგარეთიდან საქართველოს ბაზარზე შემოსვლას აპირებდა, ყველა გაიქცა, რადგან მათთვის უკვე აღარ იყო ქვეყანა საინტერესო ბაზარი.
მისივე ცნობით, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ კანონმდებლობა მიიღო, ერთ-ერთი ინვესტორი, რომელთანაც კომპანია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ქვეყნიდან წავიდა. ამის მიზეზი ისაა, რომ კრიპტო ბაზარი ძალიან სპეციფიკური და არაპროგნოზირებადია, შესაბამისად, ბიუროკრატიაში შესვლა უარყოფით შედეგს იძლევა.
„ადამიანებს, რომლებსაც კრიპტო ინდუსტრიაში პრობლემა ჰქონდათ, საბოლოო ჯამში, პირდაპირ თუ ირიბად ეძებდნენ გზას, რომ რაღაცნაირად სახელმწიფოსთან დაკავშირებულიყვნენ ან პრობლემები გვერდის ავლით მოეგვარებინათ.
მჯერა, რომ სიტუაცია განიმუხტება. უბრალოდ ყველას გთხოვთ, რომ მაქსიმალურად სამართლიანები და ღია იყოთ, რადგან როდესაც ეს კრიზისი გადაივლის, ისევ იგივე სპირალში არ მოგვიწიოს შესვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ვიცი ამ ქვეყნისგან რაღა უნდა დარჩეს. მეტსაც გეტყვით, ვინც უცხოეთიდან კრიპტობაზრის ინდუსტრიაში შემოსვლას აპირებდა, თითქმის ყველა გაიქცა. არავის არ აინტერესებს ეს ბაზარი. ერთ-ერთ ინვესტორთან გვქონდა საუბარი და ამ კანონმდებლობის (ე.წ. რუსული კანონის) შემდეგ, ეს ინვესტორი უბრალოდ გაიქცა, რადგან ეს ბაზარი სპეციფიკურად ისეთია, რომ ამის კონტროლი ისედაც პრაქტიკულად რთულია, მაგრამ თეორიულად ვინც კი უაზრო ბიუროკრატიაში შედის, ცუდ შედეგებს იღებს“, – განაცხადა თოდუამ.