ალბათ, ყველაფერი გაცილებით მარტივი ხდება, როცა რეცეპტს ზედმიწევნით მივყვებით. ეს მხოლოდ კულინარიას კი არა, ბრენდინგის ნაწილსაც იდეალურად შეესაბამება: აიღეთ გამოცდილება, მეტი მოხერხებულობისთვის დაყავით რამდენიმე ნაწილად, აურიეთ ჭიქა შთაგონება, დაამატეთ სუფრის კოვზი ადგილობრივი ეთნიკური სანელებლებით და დაასხით ცოტაოდენი სიგიჟე.
ხომ გითხარით, საკმაოდ მარტივად ჟღერს… უბრალოდ, ისე, როგორც ნებისმიერ რეცეპტში, ეშმაკი დეტალებშია. თუ სხვადასხვა ინგრედიენტის პროპორციას შეცვლით და ზედმეტად გამოიყენებთ რომელიმე კონკრეტულს, საბოლოო შედეგი სრულიად განსხვავებული იქნება. როგორც თავად დიზაინერები აღნიშნავენ, The Vintage Cook Book – Author’s Blend-ის შემთხვევაშიც ამ პრინციპით შეიმუშავეს ბოთლის დიზაინი.
„ვინტაჟი შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს — მოდუნებული, უცნაური, ცალსახად სკანდალური. შეუძლია, სხვადასხვა ფორმა მიიღოს, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, რა მხრიდან მიუდგებით მას… ნებისმიერ შემთხვევაში, არსი ერთი და იგივეა — ძველი დროის კარგი გემო, რომელსაც კვლავ შთაგონებისთვის ვიყენებთ“. ასე მივიდნენ ვიზუალურ იდენტობამდე, რომელიც სამზარეულოს თანამედროვე ტენდენციებთან სინქრონულად, დეკონსტრუირებული კერძების სფეროს მიეკუთვნება.