ვინმეს თუ სურს კონსტრუქციული მონაწილეობა, დაგვეხმაროს ცხრა რეკომენდაციის შესრულებაში, მათთვის კარი ღიაა – პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ს განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო, ხელისუფლება ცხრა რეკომენდაციის შესასრულებად წარმატებით იმუშავებს და თუ ვინმეს სურს, მიიღოს მონაწილეობა რეკომენდაციების შესრულებაში, მათთვის კარი ღიაა.
„რაც შეეხება ცხრა რეკომენდაციას, რომელიც გასცა ევროკომისიამ, ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტი და ხელისუფლება ზუსტად ისევე კეთილსინდისიერად და წარმატებით იმუშავებენ, როგორც იმუშავეს 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით.ზუსტად ასევე გვექნება ჩვენ საბოლოო ჯამში შედეგი, როგორც გვიდგება შედეგი 12 რეკომენდაციის შემდეგ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ამ რეკომენდაციების შესრულება, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. მგონი, როგორც იქნა ბოლოს ამაზე ოპოზიციაც კი დაგვთანხმდა, მაშინ, როდესაც ისინი საუბრობდნენ, რომ არშესრულება არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. თუკი არშესრულება არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, მაშინ შესრულებაც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ამიტომაც, ხელისუფლება ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით იმუშავებს ძალიან დეტალურად, შემუშავებულია გეგმა, რომელშიც არის პარლამენტის პასუხისმგებლობაც. ჩვენ მალე დავაინიცირებთ ზოგიერთ საკითხს, რომელიც გაწერილია ამ სამუშაო გეგმაში, ერთი მხრივ, საკანონმდებლო ცვლილების სახით და მეორე მხირვ, ამ პროცესში ოპოზიციას, რა თქმა უნდა, შეუძლია მონაწილეობა და საქართველოს ხელისფლების დახმარება. ამიტომ თუკი ვინმეს სურს კონსტრუქციული თანამონაწილეობა და სურს, დაგვეხმაროს ჩვენ ცხრა რეკომენდაციის შესრულებაში, მათთვის კარი ღიაა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილმა ისაუბრა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებითაც და განმარტა, რომ გეგმა ევროკომისიასთან შეთანხმებულია.
„გეგმა მომზადდა უწყებათაშორისი კომისიის მიერ, რომელშიც ჩართული იყო როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის, სასამართლოს წარმომადგენლობა, სხვა უწყებების წარმომადგენლობა სრულად იყო ჩართული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. გასაჯაროვება, ეს კომისიის პრეროგატივაა. ევროკავშირის ელჩმაც დაგიდასტურათ, რომ მისი დამტკიცების მომენტიდანვე ევროკომისიას გაუგზავნა მთავრობამ სამოქმედო გეგმა, მათთან შევთანხმდით საბოლოო ჯამში სამოქმედო გეგმაზე. რა თქმა უნდა, გასაჯაროვდება, ყველა ნახავს”, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.