ვიმეორებ, შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან – ბორელი „აგენტების კანონზე“

საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს“.
ჟოზეპ ბორელმა 22 აპრილს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად განიხილა ვითარება საქართველოში.
„საგარეო მინისტრებმა შეშფოთება გამოხატეს „გამჭვირვალობისა და უცხოური გავლენის კანონთან“ დაკავშირებით“, – თქვა მან.
„საქართველოს ხელისუფლებას დაპირება ჰქონდა დადებული, რომ გაიწვევდა ამ კანონპროექტს, მაგრამ ეს დაპირება არ შესრულებულა“, – განაცხადა ჟოზეპ ბორელმა.
„ვიმეორებ, ეს [კანონპროექტი] შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან“, – აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.
საგარეო საქმეთა საბჭოზე განხილული ძირითადი საკითხები, დღის წესრიგის თანახმად, იყო ს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და უკრაინის დახმარება, ვითარება ახლო აღმოსავლეთში/ღაზაში, და სუდანის ომი.
რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი იუწყება, რომ საბჭოზე გაისმა მოწოდება, გაგზავნონ მინისტრები საქართველოში ვიზიტით, ან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიონ ევროკავშირის მომდევნო საგარეო ურთიერთობათა საბჭოზე.
მომდევნო საბჭო შვიდ მაისსაა დანიშნული
თუმცა ამ საკითხზე ჟოზეპ ბორელს კომენტარი არ გაუკეთებია.
ჯოზეპ ბორელმა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ 17 აპრილს გამოქვეყნებულ ერთობლივ ტექსტში „ძალზე შემაშფოთებელი“ უწოდეს საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას.
მათი განცხადებით, „კანონის საბოლოოდ მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს წინსვლაზე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეს კანონი ევროკავშირის ძირითად ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია“.

ასევე დაგაინტერესებთ