ვიმედოვნებ, ხალხის დახმარებით საქართველოს მთავრობა დაუბრუნდება ევროპულ გზას – მარტა კოსი

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი, ასევე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დაწყებამდე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ.
მარტა კოსმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „საქართველოს აქვს ისეთი უკუსვლა [ევროინტეგრაციის გზაზე], როგორიც არცერთ სხვა ქვეყანას“.
„მთავრობის საყურადღებოდ ვიტყვი: თუკი ქვეყანას სურს წინსვლა ევროპულ გზაზე, სხვაგვარად უნდა იმოქმედონ. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას, ვინაიდან ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ იმისთვის, რომ ხალხს იმედი მივცეთ, არამედ მთავრობისთვის იმის სათქმელად, რომ არასწორია ხალხის სურვილის გაუთვალისწინებლობა“, – თქვა მან.
„საქართველოზე ლაპარაკისას, მე მართლაც, მართლაც ვიმედოვნებ, რომ თქვენი ხალხის დახმარებით, საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა დაუბრუნდება ევროპულ გზას. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მათ ხელშია“, – განაცხადა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში.