ვიმედოვნებთ, შსს ამჯერად მაინც მოახდენს შესაძლო დამნაშავეთა იდენტიფიცრებას – საია სტუდენტზე თავდასხმაზე – Netgazeti • რუსული კანონი • საია • შინაგან საქმეთა სამინისტრო • Netgazeti.ge

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტზე, ნიკო მანაგაძეზე თავდასხმას. ორგანიზაციის შეფასებით, რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდების და აქტივისტების დევნა და მათზე თავდასხმა უკვე ყოველდღიურობად იქცა.
“რუსული კანონის ინიცირებიდან დღემდე თითქმის ყოველდღიურობად იქცა კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტების და სტუდენტების განსხვავებული აზრის გამო დევნა და ფიზიკური ანგარიშსწორება. აქტივისტების წინააღმდეგ წარსულში ჩადენილ დანაშაულებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არაეფექტიანი რეაგირება ახალისებს მოძალადე ჯგუფების მიერ ჩადენილ დანაშაულებს. იმის გათვალისწნებით, რომ ნიკო მანაგაძეზე თავდასხმა მოხდა საჯარო სივრცეში, ფაქტს შეესწრო არაერთი მოწმე, ადგილზე კი განთავსებულია ვიდეო კამერები, ვიმედოვნებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამჯერად მაინც მოახდენს შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცრებას”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
საია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, სწორი კვალიფიკაცია მისცენ მომხდარს და დროულად დააკავონ თავდამსხმელები. ასევე, უზრუნველყონ, ხვალ, 8 ივნისს დაგეგმილი აქციის დროს მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებების დაცვა.
ორგანიზაცია მოუწოდებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც, “დაიცვას სტუდენტების მშვიდობიანი შეკრების უფლება, მიიღოს ზომები მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება მოახდინოს სტუდენტების უფლებების დარღვევის ფაქტებზე”.

ასევე დაგაინტერესებთ