ვილნიუსის ქუჩებში თვითმართავი ავტობუსი მოძრაობს. უჟუპისის რაიონში მას, რამდენიმე თვის განმავლობაში, ტესტირება ჩაუტარდება.
„თვითმართვადი საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანერგვით, ვილნიუსი ლიეტუვაში ინოვაციების ლიდერი ხდება. ეს არის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ქალაქში უფრო უსაფრთხო, ეფექტური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნას და მომავალში, შესაძლოა, მძღოლების დეფიციტის პრობლემა ნაწილობრივ გადაჭრას“, – აცხადებს ვილნიუსის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ადომას ბუჟინსკასი.
„ტესტირების შედეგად მიღებული ინფორმაცია გახდება საფუძველი ვილნიუსის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში თვითმართვადი მანქანების პოტენციალის შესაფასებლად“, – დასძინა მან.
თვითმართვადი ავტობუსი უჟუპისში სამუშაო დღეებში 7:00 საათიდან 19:00 საათამდე იმოძრავებს. ოთხკილომეტრიანი მარშრუტის გავლას დაახლოებით 50 წუთი დასჭირდება, ავტობუსი 13 გაჩერებაზე გაჩერდება, აქედან 11 სპეციალურად თვითმართვადი ავტობუსის ტესტირებისთვის მოეწყო.
თვითმართვადი ავტობუსი ტესტირების პერიოდში უფასოდ იმუშავებს. მას ერთდროულად ექვსი მგზავრის გადაყვანა შეეძლება, თუმცა, შეზღუდული სივრცის გამო, მასში ველოსიპედებს და სკუტერების შეტანა არ შეიძლება.
ტესტირების დროს შეგროვდება და გაანალიზდება ინფორმაცია უჟუპისში სამგზავრო ნაკადების, ინფრასტრუქტურის ხარისხისა და თვითმართვადი ტრანსპორტისთვის ამ რაიონის ვარგისიანობის შესახებ.ს
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი