ვილნიუსმა, აეროპორტთან დრონის დაფიქსირების გამო, საჰაერო მიმოსვლა დროებით შეაჩერა

ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსის აეროპორტში საჰაერო მოძრაობა დროებით შეჩერდა მას შემდეგ, რაც ქალაქის მახლობლად უპილოტო საფრენი აპარატი შენიშნეს.
აეროპორტის წარმომადგენლის, ტადას ვასილიაუსკასის განცხადებით, საჰაერო ნავიგაციის სპეციალისტებმა ქალაქში, აეროპორტიდან მოშორებით, უპილოტო საფრენი აპარატი დააფიქსირეს.
ვასილიაუსკასის თქმით, აეროპორტის ადმინისტრაციამ ამ ფაქტს ტერიტორიაზე პატრულირებისა და მეთვალყურეობის გაძლიერებით უპასუხა და საჰაერო მოძრაობა დაახლოებით 30 წუთით შეჩერდა.
ცნობისთვის, 1-ელ აგვისტოს ლიეტუვის ცენტრში ბელარუსიდან შეფრენილი რუსული დრონი აღმოაჩინეს. გენერალურმა პროკურატურამ მოგვიანებით განაცხადა, რომ დრონი ასაფეთქებელ ნივთიერებას შეიცავდა.
ლიეტუვის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს ქვეყნის საჰაერო თავდაცვის დაუყოვნებლივ გაძლიერების თხოვნით მიმართეს.