ლიეტუვამ სანქციები დაუწესა ბოსნიელი სერბების ლიდერს, მილორად დოდიკს და მის ორ ახლო მოკავშირეს – ბოსნია-ჰერცეგოვინას სერბული ერთეულის, „რესპუბლიკა სრპსკას“ პრემიერ-მინისტრ რადოვან ვიშკოვიჩს და პარლამენტის სპიკერ ნენად სტევანდიჩს.
აპრილის ბოლოს, სამივე ეს პოლიტიკოსი ლიეტუვასთვის არასასურველი პირების სიაში შეიყვანეს, რაც მათ ქვეყანაში შესვლას უკრძალავს. შესვლის აკრძალვა 2030 წლის აპრილის შუა რიცხვებამდე დარჩება ძალაში.
„სანქციები დაწესდა იმ ქმედებებისთვის, რომლებიც საფრთხეს უქმნის ბოსნია-ჰერცეგოვინას სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მშვიდობასა და დეიტონის სამშვიდობო შეთანხმებას. ამ ქმედებებმა შეიძლება მოახდინოს რეგიონის დესტაბილიზაცია და დამატებითი საფრთხე შეუქმნას ევროპის უსაფრთხოებას“, – განუცხადა ოთხშაბათს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სააგენტო „ბიზნეს ნიუს სერვისს“ (BNS).
უწყების ცნობით, ეს ნაბიჯი ლიეტუვას მოკავშირეებთან კონსულტაციის შემდეგ გადაიდგა.
„რესპუბლიკა სრპსკას“ სამ ოფიციალურ პირზე სანქციები ევროკავშირისა და ნატო-ს ზოგიერთ სხვა ქვეყანასაც აქვს დაწესებული.
პოლიტიკური დაძაბულობა ბოსნია-ჰერცეგოვინაში წლების განმავლობაში გრძელდება.
მიმდინარე წელს, დოდიკს ბრალი ბოსნიის სამშვიდობო შეთანხმების განხორციელების ზედამხედველი საერთაშორისო ემისრის, კრისტიან შმიდტის ბრძანებებისადმი დაუმორჩილებლობისთვის წაუყენეს.
გადაწყვეტილების მიუხედავად, „რესპუბლიკა სრპსკას“ პრეზიდენტმა მიიღო კანონები, რომელიც ფედერალურ პოლიციასა და სასამართლოებს მისი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე ოპერირებას უკრძალავდა.
მოგვიანებით, საკონსტიტუციო სასამართლომ ეს კანონები ბათილად ცნო.
მარტის შუა რიცხვებში, პროკურორებმა დოდიკის დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცეს, რის მიზეზადაც ბოსნია-ჰერცეგოვინადან გამოყოფის მცდელობა და კონსტიტუციის უგულებელყოფა მიუთითეს.
მილორად დოდიკი არაერთხელ დაიმუქრა, რომ „რესპუბლიკა სრპსკა“, რომელიც უპირატესად სერბებით დასახლებულ რეგიონს წარმაოდგენს, გამოეყოფოდა ბოსნიის ცენტრალურ ინსტიტუტებს, მათ შორის სამხედრო, სასამართლო და საგადასახადო სისტემებს, რამაც შეერთებული შტატები აიძულა, რომ სანქციები შემოეღო.
წყარო: 1tv.ge
