ვილი სანიოლი – ფეხბურთელებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბეს, ვამაყობ – კვლავ ბოლომდე ვიბრძოლებთ!

ვამაყობ, რომ ამ ფეხბურთელების დამრიგებელი ვარ, საქართველოს იმიჯი შესანიშნავად წარმოაჩინეს, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა საქართველო-პორტუგალიას მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სანიოლის თქმით, საქართველოს ნაკრებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
“ფეხბურთელების მიმართ მთავარი გზავნილი ეს იყო – ითამაშეთ! როცა არ გაქვთ ბურთი, დისციპლინა დაიცავით, როცა გაქვთ ბურთი, ითამაშეთ. მართლაც შესანიშნავად გაისარჯნენ და ყველა მოლოდინს გადააჭარბეს!
დღეს ბევრის თქმა არ შემიძლია, გაანალიზება უფრო გვიან ხდება. ვამაყობ, რომ ამ ფეხბურთელების დამრიგებელი ვარ, საქართველოს იმიჯი შესანიშნავად წარმოაჩინეს. მთავარი იყო, რამე არ გვენანა. როცა დებიუტანტი ხარ, განსაკუთრებული წნეხი არ გაქვს. მთავარი იყო, საქართველოსთვის სიამაყე მოგვეტანა და ასეც გავაკეთეთ!
როცა საქართველოში ჩავედი, ცოტა სხვა ფეხბურთი იყო. ფეხბურთის ფედერაციამ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ბევრი გააკეთა. ბიჭებს სურთ, არა მხოლოდ მოიგონ, არამედ კარგი თამაშით გაიმარჯვონ.
ფეხბურთში წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ. რაც შეეხება კიტეიშვილს, ევროპის ტოპ-ლიგებში თამაშს იმსახურებს. ჩვენ არც კი გვიცდია მომავალ მეტოქეებზე წინასწარ მსჯელობა. კვლავ ბოლომდე ვიბრძოლებთ!
მსაჯის სასტვენი სანამ არ არ გავიგეთ, მანამდე შედეგზე ფოკუსირებულები ვიყავით”, – განაცხადა სანიოლმა.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე მ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, მეორე ტაიმში, პენალტით გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
30 ივნისს, მერვედფინალში საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება.
როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა, შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.

ასევე დაგაინტერესებთ