ვილი სანიოლი – გარკვეული ჩავარდნა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო, მიწაზე დაშვებას გარკვეული დრო დასჭირდა – ახლა ამას ვცდილობთ, გუნდი ისეთივე მონდომებული და ემოციური იყოს, როგორც ევრომდე

ბოლო წლის შედეგები დამაკმაყოფილებელი არაა – გარკვეული ჩავარდნა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო, მიწაზე დაშვებას გარკვეული დრო დასჭირდა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვილი სანიოლის თქმით, გუნდში უკეთესი განწყობაა, ვიდრე სექტემბერსა და ოქტომბერში იყო და მომდევნო ორი მატჩის შემდეგ „უფრო მეტად ვიქნებით მზად ახალი გამოწვევებისთვის“.
„გუნდთან ბევრი ვისაუბრე, ხაზი გავუსვი, რომ ბოლო წლის შედეგები დამაკმაყოფილებელი არაა. ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, რა უნდა გამოვასწოროთ. ბიჭების გამოხმაურება ადეკვატური იყო.
ესპანეთი ძალიან ძლიერი გუნდია და მასთან გამარჯვების დაგეგმვა რთულია. ესპანეთში ცოტა გავუშვით, მაგრამ არ მომეწონა, რომ განწყობა არ გვქონდა. ახლა შიშის გარეშე და გუნდურად უნდა ვითამაშოთ. გულშემატკივრებმა უნდა დაინახონ, რომ გუნდი უფრო ამბიციური და ემოციურია. გარკვეული ჩავარდნა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო. მიწაზე დაშვებას გარკვეული დრო დასჭირდა. ბევრისთვის ევროპის ჩემპიონატი კარიერის მწვერვალი იყო, ამის შემდეგ კი ემოცია და ამბიცია დაიკარგა. ახლა ამას ვცდილობთ, გუნდი ისეთივე მონდომებული და ემოციური იყოს, როგორც ევრომდე. ისიცაა, ჩვენ პატარა გუნდი ვართ და 2-3 ფეხბურთელის ჩანაცვლება გვიჭირს. მნიშვნელოვანია, ნაკრებში ახალი ფეხბურთელები გამოჩნდნენ და ყველაფერი 2-3 ფეხბურთელზე დამოკიდებული არ იყოს. ამ მატჩების შემდეგ უფრო მეტად ვიქნებით მზად ახალი გამოწვევებისთვის.
გუნდსა და გულშემატკივარს შორის ურთიერთობა ქორწინებას ჰგავს, არსებობს როგორც კარგი, ასევე ცუდი პერიოდები. ამ რთულ პერიოდში მხარდაჭერა სჭირდება, რაც ბოლო წლებში ქართველ გულშემატკივრებს აშკარად ჰქონდათ”, – განაცხადა ვილი სანიოლმა.
აღნიშნულ ინფორმაციას sportall.ge ავრცელებს.
ინფორმაციისთვის, 15 ნოემბერს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები ესპანეთს უმასპინძლებს.