დღეს საქართველო ორი რადიკალური ძალის „ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ ტყვეობაშია,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ვიკა ფილფანმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს.
„დღეს 2025 წლის 1 ოქტომბერია. ზუსტად 13 წლის წინ, ამ დღეს, ქართველმა ხალხმა მკაცრად უთხრა უარი მოძალადე რეჟიმს და უკეთესობის იმედით შეცვალა ხელისუფლება. თუმცა დღეს, 13 წლის შემდეგ, ქართველ ხალხს ისევ უწევს ძალადობასთან და უსამართლობასთან ბრძოლა. ის იდეა, რომლის გამოც ქართველმა ხალხმა 2012 წელს „ქართული ოცნება“ აირჩია, აღარ არსებობს თავად „ქართულ ოცნებაში“. მათ უღალატეს ქართველი ხალხის ნებას და ნდობას. დღეს, როგორც 13 წლის წინ, რეჟიმი ისევ ძალადობს მოქალაქეებზე. დღესაც ადამიანებს უწევთ ბრძოლა მხოლოდ გადარჩენისთვის. ვინც 2012 წელს ყველაზე მეტად ებრძოდა უსამართლობას, დღესაც ამ ბრძოლაშია. ხოლო ისინი, ვინც მაშინ საკუთარ ძალაუფლებაზე ფიქრობდნენ, დღესაც ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვიან. 13 წლის თავზე მივიღეთ ქვეყანა, სადაც: სასამართლო აღარ არსებობს; პოლიცია ისევ მოქალაქის წინააღმდეგ მოქმედებს და არა მათ დასაცავად; კორუფცია ანადგურებს ადამიანების ცხოვრებას; ნარკომანია და კრიმინალი მმართველმა თვითმარქვია ხელისუფლებამ გააძლიერა; არჩევნები ისევ ყალბდება დაშინების, მოსყიდვისა და შევიწროების გზით; ადამიანების სიცოცხლე ყოველდღიურად საფრთხის ქვეშაა – ქუჩებში, პარკებში, შენობებში. 13 წლის თავზე მივიღეთ ქვეყანა, რომელიც ჩამოშორდა საკუთარ ისტორიულ მისწრაფებას – გახდეს ევროპის დიდი ოჯახის წევრი. ჩამოშორდა მეგობრებს და მარტო დარჩა მტერთან. მივიღეთ ქვეყანა, სადაც შობადობა რეკორდულად შემცირებულია, სიკვდილიანობა გაზრდილი, ხოლო ემიგრაცია – კატასტროფულ ნიშნულზე. დღესაც დევნილები უსახლკაროდ, სოციალურად დაუცველები უკიდურეს გაჭირვებაში, პენსიონერები კი ისევ წამლების გარეშე ცხოვრობენ. დღეს საქართველო ორი რადიკალური ძალის “ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” ტყვეობაშია. მოქალაქეებს სჭირდება რეალური ალტერნატივა – როგორც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, ასევე „ნაც-მოძრაობის“ ამომრჩეველს. ერთი ძალა – „ქართული ოცნების“ სახით – ქვეყანას უკლავს პერსპექტივას, ხალხს აგდებს უიმედობაში და ფულისა და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ღალატობს საკუთარ ქვეყანას. მეორე ძალა – „ნაციონალური მოძრაობა“ – ძალაუფლების დასაბრუნებლად სთავაზობს ქვეყანას რადიკალურ სცენარს და აფერხებს რეალურ ცვლილებას. ნებისმიერი რადიკალური სცენარი, საუბრები დამხობებზე, მოწოდებები ძალადობისკენ , რომელსაც ერთი მხრიდან აანონსებს “ნაციონალური მოძრაობა” და მეორეს მხრივ, ხელს უწყობს “ოცნება”, მიუღებელი და დაუშვებელია. ამას ქვეყანა შეჰყავს გაურკვეველ რისკებში, რომლის დაზღვევის შესაძლებლობა არც ხელისუფლებას, არც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს. ქართველი ამომრჩეველი არცერთი პარტიის საკუთრება არ არის. დროა, მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება, არჩევანი გააკეთონ საქართველოს მომავლის სასიკეთოდ. არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს. გვჯერა, რომ ქართველი ხალხი მივა არჩევნებზე და ხმას მისცემს ამ უსამართლობის წინააღმდეგ“,- განაცხადა ვიკა ფილფანმა.




