ვიკა ფილფანი – ადამიანების 90%, ვისაც შევხვდი, ამბობს, რომ არჩევნებზე მიდის! – ბევრმა, ვისაც კანდიდატობას ვთავაზობდით, ვერ გაუძლო ზეწოლას, „ქართული ოცნება“ და ბოიკოტის მომხრე ოპოზიცია ამ პროცესში ერთმანეთს დაეხმარა

ყოველდღიურად ვრწმუნდები, რომ მოქალაქეებს „ქართული ოცნება“ არ მოსწონთ, „ქართული ოცნებით“ კმაყოფილი არ არიან, მაგრამ ასევე ეშინიათ ცვლილებების, რა ცვლილებაც მათთვის შეიძლება უფრო ცუდი იყოს – მნიშვნელობა არა აქვს, რა ციფრი დაჯდება 4 ოქტომბერს, მნიშვნელოვანია, ხალხმა დაინახოს, რომ მარტო არ არის და ვიღაც მათთვის იბრძვის, – ეს განცხადება პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ვიკა ფილფანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ გააკეთა.
ფილფანის შეფასებით, ამომრჩევლებში განწყობები კარგია და იმ მოქალაქეთა 90%, ვისაც პირადად ის შეხვდა და ესაუბრა, არჩევნებზე წასვლას აპირებს.
„ყოველდღიურად, როდესაც ჩვენ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დავდივართ, ვრწმუნდებით, რომ დიახ, სწორი იყო, რომ მოქალაქეები „ქართულ ოცნებასთან“ პირისპირ მარტო არ დავტოვეთ. შეხვედრებზე ყოველდღიურად ვაწყდებით იმას, რომ ადამიანებს ისეთი საბაზისო პრობლემები აქვთ, რომელიც მათ 20 წლის წინ და 12 წლის წინ ჰქონდათ. მოქალაქეები ყოველდღიურად თავის გადარჩენისთვის იბრძვიან და რაც ყველაზე მძიმეა, არიან იმედგაცრუებული. აქვთ განაცხადა, რომ საკუთარი თავის გარდა, მათი პატრონი არავინაა და ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, არავის იმედი არა აქვთ.
მოქალაქეებს ყოველდღიურად აქვთ სასიცოცხლო, საბაზისო მნიშვნელობის პრობლემები. განწყობები კარგია – ყველა მიდის არჩევნებზე! 90%, ვისაც მე შევხვდი და პირადად ვესაუბრე, ამბობს, რომ არჩევნებზე მიდის. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება სწორი იყო თუნდაც იმიტომ, რომ ამ ადამიანებს ეგრძნოთ, რომ ისინი „ქართულ ოცნებასთან“ მარტო არ არიან“, – განაცხადა ვიკა ფილფანმა.
ფილფანი იმ ფაქტს, რომ მთელ რიგ მუნიციპალიტეტში მათი პოლიტიკური გაერთიანებისა და ასევე, „ლელოს“ მხრიდან მერობის და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარდგენილი არ არის, „ქართული ოცნების“ და საარჩევნო ბოიკოტის მომხრე ოპოზიციის ზეწოლით ხსნის. ფილფანის განცხადებით, „ქართული ოცნება“ და ბოიკოტის მომხრე ოპოზიცია ამ პროცესში ერთმანეთს დაეხმარა“.
„ვიცოდით, რომ ურთულესი იქნებოდა. ურთულესი იქნებოდა კანდიდატების მოძებნა, ვინაიდან ერთი მხრივ, არის „ქართული ოცნების“ გაზრდილი წნეხი და მეორე მხრივ – ბოიკოტისტების წნეხი.
ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც არჩევნებში მონაწილეობას და კანდიდატობას ვთავაზობდით, პირდაპირ ამბობდა, რომ არჩევნებში ბრძოლის სურვილი ჰქონდათ, მაგრამ ვერ უძლებდნენ ზეწოლას, რომელიც ერთი მხრივ, ბოიკოტის მომხრე ოპოზიციის მხრიდან მოდიოდა და მეორე მხრივ, ვერ უძლებდნენ „ქართული ოცნების“ მუქარებს. “ქართული ოცნება“ და ბოიკოტის მომხრე ოპოზიცია ამ პროცესში ერთმანეთს დაეხმარა და დადგა ის შედეგი, რა შედეგიც დადგა.
ჩვენი საარჩევნო სია ყველა მუნიციპალიტეტში წარდგენილია და მგონია, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გვეყოლება ადამიანი, რომელიც მოქალაქეების სათქმელს მიიტანს იქ, სადაც საჭიროა“, – განაცხადა ვიკა ფილფანმა.
რაც შეეხება კითხვას: შევა თუ არა პარლამენტში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ის 12 წევრი, რომელთა უფლებამოსილებაც პარლამენტმა მათი პარტიის მანდატშეწყვეტილი წევრების ნაცვლად ცნო, ფილფანმა განაცხადა, რომ ისინი საპარლამენტო ბოიკოტში არიან და პოლიტიკურ ბოიკოტში რჩებიან. ფილფანმა ასევე თქვა, რომ ოპოზიციის მხრიდან საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმას შეცდომად მიიჩნევს.
„ამ წუთის მოცემულობით, ბოიკოტი უფრო სასარგებლოა. შესაბამისად, ჩვენ პოლიტიკურ ბოიკოტში ვრჩებით. მომავალში რა როგორ შეიცვლება, ამ გადაწყვეტილებას სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე მივიღებთ.
პერსონალურად ჩემი აზრია, რომ ოპოზიციას მანდატები უნდა გამოეყენებინა – მინიმუმ არ უნდა გაეუქმებინა, რადგან ყოველთვის შესაძლებელია, რომ პოლიტიკურ ბოიკოტში იყო. თავიდანვე ვამბობდი, რომ რა თქმა უნდა, მანდატების დახევა სწორი არ იყო, რადგან ფაქტობრივად ბიძინა ივანიშვილს ბერკეტი მისცეს ხელში – მათ შორის მათი დაკავების შესაძლებლობის ბერკეტი. ამას ბევრი სხვა ბერკეტი ახლავს თან.
ამ გადმოსახედიდან და თავდაპირველადაც ასე ვფიქრობდი, რომ კი, ეს იყო შეცდომა“, – განაცხადა ვიკა ფილფანმა.