“მე და ჩემი ოთხი ბავშვი:) ჩემი ოჯახი იდეალური არაა. ვჩხუბობთ, ვკამათობთ, მაგრამ უზომოდ გვიყვარს ერთმანეთი.. ასეთია ჩემი ოჯახი:) მაგრამ მე რომ პოლიტიკოსი ვყოფილიყავი, ზუსტად ვიცი ჩემთვის ოჯახი არასდროს იქნებოდა პიარის იარაღი. ოჯახი თავშესაფარია და არა სხვებისთვის მიშვერილი იარაღი. არც საარჩევნო და საჩვენებელი ბანერია.
17 მაისი გახდა დღე, როცა სულ ჩუმად ვუყურებ, როგორ ატყუებენ გარყვნილი პოლიტიკოსები საკუთარ თანამოქალაქეებს, ამომრჩევლებს. ვუყურებ ამ ფარსს. მე ჩუმად უნდა ვიყო, თავად კი ჩაიცვამენ ჩოხებს, ამოიყენებენ ცოლებს, დროებით აუკრძალავენ დარეკვას საყვარლებს, რომელთა შორის არიან კაცებიც და ქალებიც და ხმამაღლა ყვირიან: “ოჯახის სიწმინდე!”.. პოზირებენ კამერების წინ ისინი, ვის ცხოვრებაშიც უსიყვარულობაა, ძალადობა, გარყვნილება, ტყუილი, არანაირი პატივისცემა, არაფერია რითაც ოჯახებმა უნდა იამაყონ.
ჩემს ოჯახში შეიძლება ყველაფერი ისე არაა, როგორც მე მინდა:) ნეტა ასე იყოს:)) მაგრამ მე არ ვასწავლი ჩემს შვილებს სიძულვილს და ესეც მაბედნიერებს. ვასწავლი მათ, რომ სხვის ცხოვრებაში ქექვა სირცხვილია, რომ განსხვავებულები უნდა დაიცვან, რომ სიყვარული ყველაფერზე მაღლა დგას.. რომ მშვიდობა, სცენაზე თეთრი დროშის ფრიალი არაა, არც მონობაა და არც სიღარიბეში ცხოვრება, არც თავისუფლების დაკარგვაა, არც ომში მყოფი მოქალაქეების შეხარბება.. მშვიდობა იქ იწყება, სადაც ადამიანი ადამიანს აფასებს, თანასწორად აღიქვამს, მშვიდობა ბედნიერებაა, კეთილდღეობაა, ის დილაა, როცა საკუთარ თავს შენვე განაგებ, საკუთარი თავი გიყვარს.. განა შეიძლება მშვიდობიანი იყოს ის ღამე, როცა მშიერ ბავშვებს სასოწარკვეთილი დედები აძინებენ, რომ შიმშილმა არ შეაწუხოთ ისინი?” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვიკა ბუკია.