„ვითხოვ იმას, რაც კანონით მეკუთვნის“ — 20 ივნისს დაზარალებულს ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა სურს

2019 წლის 20 ივნისის დარბევის (ე.წ. გავრილოვის ღამე) დროს დაზარალებული მოქალაქე დავით ფარადაშვილი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროსგან საკმარის ყურადღებას ვერ იღებს, რაც მუდმივად აფერხებს მისი რეაბილიტაციის პროცესს.
მან დღეს, დაზიანების მიღებიდან ზუსტად 5 წლის შემდეგ, მინისტრთან, სთან შეხვედრის მოთხოვნით სამინისტროში განცხადება შეიტანა. ფარადაშვილი ამბობს, რომ სურს, მინისტრს პირადად გააცნოს პრობლემები, რომელსაც სამინისტროსთან კომუნიკაციისას აწყდება. გარდა საჭირო სერვისებზე წვდომის შეფერხებისა, მას აწუხებს დამოკიდებულება, რასაც სახელმწიფოსგან გრძნობს.
„მინისტრთან შეხვედრა და ჩემი პრობლემების განხილვა მინდა, რომ საჭიროებები დამიკმაყოფილონ. რასაც მპირდებოდნენ, რაც კანონით ისედაც მეკუთვნის. მინდა [კომუნიკაციის] ფორმაზე შევთანხმდეთ, დავხვეწოთ, რათა შედეგიანი იყოს ჩემი დახმარება და არა ისეთი, ოღონდ თავიდან მომიშორონ.
კოორდინატორი მჭირდება. ყოველ ჯერზე მიწევს განცხადების დაწერა, 2-ჯერ, 3-ჯერ მისვლა და ასეთი ადმინისტრაციული საკითხები. ეტლით გადავადგილდები და ძალიან მიჭირს. კოორდინატორს შეუძლია მარტივად მოაგვაროს ეს ყველაფერი,“ — ამბობს ფარადაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.
მისი თქმით, თავიდან მსგავსი ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება თავად არ უწევდა. თუმცა, დროთა განმავლობაში ეს მიდგომა შეიცვალა და ყოველი მომდევნო საჭიროებისას თავიდან უწევს უწყებისთვის მიმართვა, ზოგჯერ – რამდენჯერმე, პასუხს კი ხშირად დაგვიანებით იღებს. ამის გამო, სარეაბილიტაციო კურსის დაწყება ყოველ ჯერზე თავიდან უწევს.
„ყველაზე მეტად მაწუხებს, რომ ჩავარდები [პროცედურებს შორის]. შედეგზე რომ გავდივარ, მერე მიჭიანურებენ დაფინანსებას და ყველაფერი იყრება წყალში. ვიწყებთ თავიდან მკურნალობას. კიდევ, საცხოვრებლის ადაპტირების და ტრანსპორტირების პრობლემებია მოსაგვარებელი.
მე ვცდილობ, როცა საჭიროა მაშინ მივიდე კლინიკაში. არ ვითხოვ სტაციონარში მკურნალობას იმიტომ, რომ ძალიან ძვირი ღირს. მე სახელმწიფოსთვის მტერი კი არა ვარ, ჩემი მიზანი ის კი არაა, მეტი რესურსი წავგლიჯო და დავახარჯვინო, არამედ ეფექტიანად გამოვიყენოთ რესურსი, რომ რაც შეიძლება ეკონომიურად, რაც შეიძლება მცირე რესურსით მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. მესმის, რომ ჩემ გარდა ძალიან ბევრი პაციენტია, ვისაც დახმარება სჭირდება. მე თუ სტაციონარში გადავედი და ამაში ფული გადავახდევინე სახელმწიფოს, ჩემთვისაც დისკომფორტია სახელმწიფოსთვისაც ზედმეტი ხარჯი,“ — გვიყვება ფარადაშვილი.
ის ახლა 36 წლისაა. 2019 წლის 20 ივნისამდე თვითდასაქმებული იყო და საკუთარი ბიზნესი ჰქონდა, თუმცა ტრავმების მიღების შემდეგ, მუშაობას ვეღარ ახერხებს. ამ ეტაპზე მისი შემოსავალი პენსიაა, რომელიც შშმ პირის სტატუსის მიღების შემდეგ დაენიშნა.
„მე თვითდასაქმებული ვიყავი, ჩემი ბიზნესი მქონდა და ჩემი საქმე, სრულიად უზრუნველყოფილი ვიყავი. დღესდღეობით, პენსიის შემყურე ვარ და ვცდილობ იქამდე გამოვიზოგო ფული. დასაქმებული ვერ ვარ. ეს მაქვს შშმ პირის პენსია და არა როგორც სახელმწიფოს მიერ დაზარალებულის. მე მეკუთვის სხვა პენსია, უფრო სოლიდური და უფრო ღირსეული,“ — ამბობს დავით ფარადაშვილი.
მას იმედი აქვს, რომ შეძლებს მისი პრობლემების განხილვას ჯანდაცვის მინისტრთან.
„შუბლის ძარღვი თუ გადააწება და ერთმანეთზე გადააკერა, წესით, უნდა შემხვდეს. ხომ ამბობენ, იმედი ბოლოს კვდებაო?! ჩემი იმედი არასდროს არ კვდება,“ — ამბობს დავით ფარადაშვილი.
20-21 ივნისის ღამის დარბევის დროს დავით ფარადაშვილს თავში ცრემლსადენი გაზის შაშხანა მოხვდა. თავის ქალის დაზიანების გამო მას ოპერაცია ჩაუტარდა. გარდა ამისა, კოორდინაციის დარღვევის გამო დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებს.
დავითი დარბევის ეპიზოდს ასე იხსენებს:
„ჩოჩქოლი ატყდა და მარცხენა მხრიდან მომხვდა, დავინახე, რაც მომხვდა. ცრემლსადენი გაზის შაშხანა მომხვდა, ბოლსაც უშვებდა, ჯერ ენთო კიდევ წითლად. თავში მომხვდა. მახსოვს, რომ დამიბნელდა თვალებში, ძირს დაცემა ვერ მოვახერხე, გვერდით იმდენი ადამიანი იყო. ძირს ვერ დავეცი. წამიყვანეს სასწრაფოების მხარეს, სასწრაფოები სავსე იყო“.
2019 წლის 20 ივნისს საქართველოს ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც საქართველოს პარლამენტში ს დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოსვლას აპროტესტებდნენ.
პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი.

ასევე დაგაინტერესებთ