ვითხოვთ ანტონ ჩეჩინის და სხვა საქმეების ხელახალ, სამართლიან განხილვას – Amnesty-ს წარმომადგენელი

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის ევროპისა ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევი ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ანტონ ჩეჩინისათვის 8-ნახევარი წლით პატიმრობის მისჯას.
„ანტონ ჩეჩინი აცხადებს, რომ პოლიციამ მას ნარკოტიკები ჩაუდო. მან გაგვიზიარა დაკავების დეტალები: ჩხრეკა ჩატარდა მოწმეებისა და ჩართული სამხრე კამერების გარეშე; მას წაართვეს ქურთუკი და როდესაც დააბრუნეს, მასში ნარკოტიკები „იპოვეს“ – უკვე თარჯიმნის თანდასწრებით, რომელიც შემდგომში ბრალდების მხარემ მოწმედ დაარეგისტრირა“, – აცხადებს კრივოშეევი.
„მსგავს მოვლენებს ვაკვირდებით საქართველოში სხვა მომიტინგეების საქმეშიც, რომლებიც ნარკოდანაშაულთან დაკავშირები მუხლებით დააკავეს“, – ამბობს იგი.
„ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით გასამართლებული ყველა მომიტინგე უარყოფს წარდგენილ ბრალდებას და აცხადებს, რომ მათ ნარკოტიკები ჩაუდეს. თუმცა, სასამართლომ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო მხოლოდ ორი გაამართლა“, – აცხადებს Amnesty-ს წარმომადგენელი.
„ანტონ ჩეჩინისა და ყველა მსჯავრდადებული პირისთვის ჩვენ ვითხოვთ ხელახალ სასამართლო პროცესს – სამართლიან სასამართლო პროცესს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი უნდა გაათავისუფლონ“, – დასძინა მან.
2024 წლის დეკემბერში დაკავებული დემონსტრანტებიდან ნარკოდანაშაულის ბრალდება რამდენიმეს აქვს. მათგან ორი, გიორგი ახობაძე და თედო აბრამოვი, თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
განაჩენს ელოდება ნიკა კაცია.
სასამართლომ თითქმის დაასრულა ასევე ანასტასია ზინოვკინას და არტემ ბრიგულის საქმის განხილვა და მოსამართლემ გადაწყვეტილება შესაძლოა 12 სექტემბერს გამოაცხადოს.
ფორუმი