პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 29 ნოემბერს უკრაინის სამხრეთში, ოდესაში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. ოდესა რუსეთის იერიშების რეგულარული სამიზნეა. იერიშები მიმართულია საპორტო ობიექტებზე, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია სურსათისა და მარცვლეულის ექსპორტისთვის.
„ბევრი მნიშვნელოვანი კითხვა… შავ ზღვაში არსებული ვითარება, ნაღმების საწინააღმდეგო ზომები და „მარცვლეულის დერეფნის“ უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საჰაერო თავდაცვის მუშაობა… ოდესის დაცვა, „მარცვლეულის დერეფნის“ ინფრასტრუქტურა და ჩვენი ბრიგადები“, – თქვა ზელენსკიმ სოციალურ პლატფორმა “ტელეგრამზე” ოდესაში ვიზიტის თაობაზე საუბრისას.
ზელენსკი უკრაინელ სამხედროებს შეხვდა და მათ ომში გამოჩენილი სიმამაცისთვი მედლები და ჯილდოები გადასცა.
პრეზიდენტი ასევე შეხვდა ადგილობრივ რეგიონულ ხელისუფლებას, და მათთან ერთად ოდესასა და სამხრეთის სხვა რეგიონებში ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დასაბრუნებლად საჭირო ღონისძიებები განიხილა. რეგიონს თავს შტორმი და უამინდობა დაატყდა, შედეგად მინიმუმ 12 ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა.
იმავდროულად, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მოუწოდა კიევის მოკავშირეებს გააძლიერონ ძალისხმევა შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდის მხრივ.
„მთელი ევროპის რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მისმა თავდაცვის მრეწველობამ უნდა გაზარდოს წარმოება, კოორდინირება და მუშაობა“, – თქვა კულებამ, ნატო-უკრაინის საბჭოს შეხვედრაზე ბრიუსელში 29 ნოემბერს.
ნატო-უკრაინის საბჭო, ერთობლივი ორგანო, რომლის წევრების კიევი და ნატოს მოკავშირეები არიან, ივლისში ვილნიუსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით ამოქმედდა.
ამ თვის დასაწყისში, ევროპელმა დიპლომატებმა „რადიო თავისუფლებას“ ანონიმურობის დაცვის პირობით უთხრეს, რომ ევროკავშირი შეშფოთებულია, რომ ის ვერ მიაწოდებს უკრაინას 1 მილიონი საარტილერიო მასალას მომავალი წლის მარტამდე, როგორც ამას კიევს გაზაფხულზე დაჰპირდნენ.
მანამდე, 29 ნოემბერს, რუსეთის დაბომბვამ უკრაინის დონეცკისა და ხარკივის რეგიონებში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მოიგერია დრონების დიდი შეტევა უკრაინის რამდენიმე ნაწილში.
შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა დონეცკში ღამით – განაცხადა 29 ნოემბერს რეგიონის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა იჰორ მოროზმა. მოროზმა „ტელეგრამზე“ თქვა, რომ ხუთი მცხოვრები დაიჭრა ინდუსტრიულ ქალაქ ტორეცკში და ორი – სევერნიში.
გუბერნატორმა ოლეჰ სინიეჰუბოვმა განაცხადა, რომ ხარკოვის რეგიონში რუსულმა დაბომბვამ დიდი ზიანი მიაყენა ინფრასტრუქტურას, საცხოვრებელ უბნებს, ადმინისტრაციულ შენობებს, ბიზნეს-ობიექტებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს. სინეჰუბოვის თქმით, ქალაქები ხარკივი, ჩუჰუევი და კუპიანსკი რუსეთის მასშტაბური დაბომბვის სამიზნე იყო. მსხვერპლის შესახებ ცნობები ამ ეტაპზე არ არის გავრცელებული.
უკრაინის საჰაერო ძალებმა 29 ნოემბრის დილას განაცხადეს, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დრონებით კიდევ ერთი იერიში მიიტანა. “მტრის ყველა თავდასხმითი დრონი განადგურდა ოდესის, დნიპროპეტროვსკის, კიევის, ხერსონის, ზაპორიჟიას და ხმელნიცკის რაიონებში. ასევე, ორი მართვადი რაკეტა განადგურდა მიკოლაივის რეგიონში. მესამემ ვერ მიაღწია მიზანს”, – განაცხადეს საჰაერო ძალებში. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
უკრაინის გენერალურმა შტაბმა 29 ნოემბერს თავის ყოველდღიურ მოხსენებაში თქვა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტის ხაზზე უკრაინული ძალები 87 უშუალო ბრძოლაში მონაწილეობდნენ.
მძიმე შეტაკებები გრძელდება ხარკივისა და დონეცკის რეგიონებშიც, სადაც რუსული ძალები განუწყვეტლივ უტევს უკრაინის პოზიციებს ინდუსტრიულ ქალაქ ავდიივკაში. მოსკოვის ჯარები რამდენიმე კვირის განმავლობაში წარუმატებლად ცდილობს ქალაქის ალყაში მოქცევას. უკრაინა ამბობს, რომ რუსულ ძალებში დიდია მსხვერპლი და დაზიანებულია დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკაც.