აშშ-ის და საქართველოს ურთიერთობების 32 წლის მანძილზე, პირველად მოხდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ანტიდასავლური და დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელი პოლიტიკის გამო, „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა და თბილისთან არსებული სტრატეგიული პატრნიორობის გადახედვა დაიწყო.
ვინ არის პასუხისმგებელი ვაშინტონთან ურთიერთობის ამ დონემდე დაზიანების გამო და რას უქადის ევრო-ატლანტიკური კურსიდან მოწყვეტა საქართველოს, ქართველ ხალხს? ამ თემაზე საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის (EPICE) უფროსს მკვლევარს თენგიზ ფხალაძეს, „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ზაზა წულაძე ესაუბრა
ვაშინტონსა და თბილისს შორის უპრეცედენტო ვითარება შეიქმნა, „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა. თან, კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ თუ, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას განაგრძობენ და ანტიდასავლურ კურსს არ გადაუხვევენ, უფრო მკაცრ სანქციებში შეიძლება მოექცნენ…რას უქადის ეს უპრეცედენტო და ძალიან რთული სიტუაცია საქართველოს?
მართლაც უპრეცედენტო რეალობის წინაშე დავდექით, ძალიან კრიტიკული და ძალიან საგანგაშო რეალობის. ამ 32 წლის მანძილზე, სანქციებზე საუბარიც კი არასოდეს ყოფილა.
მნიშვნელოვანია, რომ ეს სანქციები არ არის მიმართული ჩვეულებრივი პირების მიმართ, ეს არის მიმართული ხელისუფლების, პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ. ეს ნიშნავს, რომ მოკავშირეები ჩვენთან აღარ ილაპარაკებენ ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე, სანქცირებულ პირებთან აღარ ისაუბრებენ სტრატეგიული პროექტების განვითარებაზე
დღეს კი ვართ იმ ვითარებაში, როცა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა „ოცნების“ ხელისუფლებას შეზღუდვები დაუწესა გადაადგილებაზე. ეს შეიძლება ყველაზე მსუბუქ სანქციად აღვიქვათ, მაგრამ ვიტყოდი, რომ უკვე საკმაოდ დიდია ზარალი და ზიანიც ქვეყნისთვის.
პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა, რომ როცა გადაადგილების შეზღუდვაზეა საუბარი, ეს არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ვიღაც კონკრეტული ადამიანი ვერ ჩავა აშშ-ში. ჯერ ერთი, ამას ექნება ძალიან დიდი საერთაშორისო გამოხმაურება. როგორც წესი, შტატების ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება ხოლმე, ანალოგიური ნაბიჯები დიდი ბრიტანეთიდან, ევროკავშირიდან და სხვა ქვეყნებიდან.
მეორეც, მნიშვნელოვანია, რომ ეს სანქციები არ არის მიმართული ჩვეულებრივი პირების მიმართ, ეს არის მიმართული ხელისუფლების, პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ. ეს ნიშნავს, რომ მოკავშირეები ჩვენთან აღარ ილაპარაკებენ ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე, სანქცირებულ პირებთან აღარ ისაუბრებენ სტრატეგიული პროექტების განვითარებაზე და ა.შ
უკვე ვხედავთ კიდეც, მაშინ როცა, ერთ თვეში შეერთებულ შტატებში ნატოს სამიტი უნდა გაიმართოს, საქართველოს თემატიკა საერთოდ არ ჩანს და რა ფორმით ვიქნებით ამ სამიტზე გაურკვეველია. მაშინ როცა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული და სტრატეგიული ინტერესია და უსაფრთხოების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია, რომ ამ სამიტზე აქტიურად ვიყოთ წარმოდგენილი.
მსგავსი მძიმე სიტუაცია შეიქმნა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავირებითაც…
დიახ, სამწუხაროდ, დაახლოებით, ანალოგიური ვითარებაა ევროკავშირთან მიმართებითაც, ევროკომისიამ იცით, რომ უკვე გასცა რეკომენდაცია უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკების გახსნისთვის. მაშინ როცა საქართველოსთან დაკავშირებით, სრულიად განსხვავებული ვითარებაა. ანუ ამ სანქციებმა საქართველო უკვე ძალიან მძიმედ დააზარალა.
სავიზო შეზღუდვა მხოლოდ პირველი ნაბიჯია, უფრო მძიმე იქნება და ამის შესახებ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა უკვე განაცხადა, რომ სრულ მასშტაბიანად გადაიხადება აშშ-საქართველოს ურთიერთობები
მეორეც გეთანხმებით იმაში, რომ ეს სავიზო შეზღუდვა მხოლოდ პირველი ნაბიჯია, უფრო მძიმე იქნება და ამის შესახებ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა უკვე განაცხადა, რომ სრულ მასშტაბიანად გადაიხადება აშშ-საქართველოს ურთიერთობები.
ეს კი ნიშნავს იმას, რომ კითხვის და საფრთხის ქვეშ დგება, არა მხოლოდ ცალკეული პირების გადაადგილების თემა, არამედ, ის უზარმაზარი და უაღრესად მნიშვნელოვანი დახმარება, რომელსაც შეერთებული შტატები უკვე 30-წელზე მეტია საქართველოს უწევს ყველა მიმართულებით.
დაწყებული პოლიტიკური, სამხედრო-პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით, რომელი ერთი ჩამოვთვალო, იქნება ეს – უსაფრთხოება, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ფინანსური სტაბილურობა, განათლება, კულტურა, ჯანდაცვა…
არ არსებობს საქართველოში სფერო, რომლის განვითარებაში აშშ-ის წვლილი და ინვესტიცია უაღრესად მნიშვნელოვანი არ იყოს. საერთო, ჯამში, ამას ყველაფერს ქვეყნისთვის განუზომლად დიდი დარტყმის მოტანა შეუძლია და ამიტომაც ეს ძალიან საგანგაშოა.
რამ მიგვიყვანა აქამდე და ვისი პასუხისმგებლობაა, მთავარ სტრატეგიულ პატრნიორთან ურთიერთობის ასეთ დონემდე გაუარესება?
აქამდე მიგვიყვანა, უპრეცედენტო მასშტაბის თავდასხმებმა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე, პირველ რიგში, სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებზე. როდესაც თბილისში იყო ჩამოსული აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენი, მან ნათლად განმარტა, რომ ის კანონი, ე.წ „აგენტების“ შესახებ, რომელიც „ოცნებამ“ მიიღო, საერთო სურათის, მხოლოდ ერთი პატარა ნაწილია.