საქართველოს დაცულ ტერიტორიებს მიმდინარე წლის 5 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით მეტი ვიზიტორი ესტუმრა. იანვარ-მაისის პერიოდში ვიზიტორების რაოდენობამ 243 777 შეადგინა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე აღნიშნულ მაჩვენებელს უპრეცედენტოს უწოდებს და „კომერსანტთან“ ამბობს, რომ მათი მოლოდინით წლის განმავლობაში ვიზიტორთა რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.
,,დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. თუმცა, უპრეცედენტოა ის ზრდა რაც მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში მივიღეთ. გასულ წელთან შედარებით 5 თვის განმავლობაში ვიზიტორების ჯამი 20%-ით არის მომატებული. ეს გვაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ წლის განმავლობაში (წინ ივლისი, აგვისტო და სექტემბერი გვაქვს) კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ვიზიტორთა რაოდენობა. ზაფხული ეს არის ის პერიოდი, როდესაც გაცილებით მეტი ვიზიტორი სტუმრობს ბუნებას. შესაბამისად, ველოდებით, რომ წლის განმავლობაში 20%-იანი ზრდის დინამიკა შენარჩუნდება. გასულ წლებს თუ შევადარებთ, დაახლოებით 15-17%-იან ჭრილში მერყეობდა ხოლმე ვიზიტორების რაოდენობის ზრდა. შესაბამისად, 20% ნამდვილად გვაძლევს პოზიტიური დასკვნების გაკეთების საშუალებას.”- აცხადებს თამარ ხახიშვილი.
ვიზიტორებს შორის ჭარბობენ უცხოელები. მათი წილი 60%-ს შეადგენს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ კვლავ პოპულარობით სარგებლობს მარტვილის კანიონი და პრომეთეს მღვიმე. აჭარის რეგიონში კი ყველაზე მეტად მონახულებადი მტირალას ეროვნული პარკია.
,,დიდია დაინტერესება უცხოელების მხრიდან, რომლებიც საქართველოს სტუმრობენ. ვიზიტორებიდან დაახლოებით 60% სწორედ უცხოელები არიან. დიდი პოპულარობით გამოირჩევა კვლავ მარტვილის კანიონი და პრომეთეს მღვიმე, რაც ვიზიტორთა რაოდენობიდან დაახლოებით 20-25%-ს იკავებს. ასევე პოპულარულია სათაფლიას მღვიმე, თბილისის ეროვნული პარკი. ასევე პოპულარულია აჭარაში მტირალას ეროვნული პარკი. გამომდინარე იქიდან, რომ ბათუმთან ახლოს არის ყოველწლიურად ბევრი ვიზიტორი ადის მტირალას ეროვნულ პარკში. დარწმუნებული ვარ, ეს რიცხვები კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება აგვისტო-სექტემბრის პერიოდის შემდეგ.”- აცხადებს თამარ ხახიშვილი.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ვიზიტორების რაოდენობის მაღალ ზრდას განხორციელებული კომპლექსური პოლიტიკით ხსნის, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე მარკეტინგული კამპანიების განხორციელებასა და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას გულისხმობს. თამარ ხახიშვილი ზრდის ტენდენციას პირდაპირი ფრენების დანიშვნასაც უკავშირებს. მიმდინარე წელს პირდაპირი ფრენები ჩინეთიდან და ინდოეთიდან სრულდება. ინდოეთიდან კი ვიზიტორების ნაკადი მზარდია და ის საერთოს სტატისტიკაში ტურისტების რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილს იკავებს.
,,ეს ალბათ უფრო კომპლექსური პოლიტიკის შედეგია. როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედებების, ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, რომელიც მარკეტინგის მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ვფიქრობთ, რომ ძალიან დიდი როლი ითამაშა პირდაპირი ფრენების დანიშვნამ სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახა ამ ქვეყნებიდან ვიზიტორების რაოდენობის ზრდაში. მაგალითად, პირდაპირი ფრენები დაინიშნა ჩინეთიდან, ინდოეთიდან. ამის შემდეგ ინდოეთი მეორე ადგილზეა ვიზიტორების რაოდენობის თვალსაზრისით. აქტიურად ვმუშაობთ მარკეტინგის მიმართულებით, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. თუ ვისაუბრებთ საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციის მიმართულებაზე, წლის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს არა ერთ გამოფენაში მონაწილეობა, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველოს ეროვნული პარკები გავაცნოთ კიდევ უფრო დიდ აუდიტორიას. წელს მონაწილეობა უკვე მივიღეთ საუდის არაბეთის, ინდოეთისა და ჰონკონგის გამოფენებში. წლის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს, ასევე კატარის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის გამოფენებში მონაწილეობის მიღება. რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ის სეგმენტები მოვიცვათ, რაც საქართველოსთვის სტრატეგიულ ბაზრებს წარმოადგენს და კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ სამიზნე ბაზრებიდან ვიზიტორების შემოდინების შესაძლებლობები.”- აცხადებს თამარ ხახიშვილი.
