ვიზიტების 59% თბილისსა და აჭარაზე მოდის – რა მიზნით სტუმრობენ საქართველოს ყველაზე ხშირად?

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.2 მილიონი შეადგინა, რაც 1.3%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, შესაბამისად, 665.7 ათასი და 301.8 ათასი ვიზიტი, რაც ჯამური რაოდენობის 59%-ია.
I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.5 ღამე შეადგინა, რაც 2024 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (5.45 ღამე) 0.8%-ით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 85.1% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
ამასთან, ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი, 42.2%, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით, რომელსაც მოსდევს მეგობრების/ნათესავების მონახულება 28.7%, ვიზიტების 13.9% კი ტრანზიტის მიზნით იყო.