ვიზით ვიყავი წასული [ევროპის] ერთ-ერთ ქვეყანაში — კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეაჩერა, მთავრობის წევრები ვიზებს იღებენ.
„ეს შეზღუდვები მოქმედებს ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილებით დიპლომატიურ პასპორტებთან მიმართებით. თუმცა ჩვენ ჩვეულებრივად ვიღებთ ვიზებს, ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში. არანაირი პრობლემა აქ არ არის. ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო გადაწყვეტილება, მაგრამ ეს მათი უფლებაა“, — განაცხადა კობახიძემ.
კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, რომელ ევროპულ ქვეყანაში წასასვლელად დასჭირდა ვიზის აღება.
ევროკავშირმა მიმდინარე წლის დასაწყისში მიიღო გადაწყვეტილება ქართული დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ.
კერძოდ, ევროკავშირმა შეაჩერა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ 2011 წლის შეთანხმების ნაწილი. შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერების ძალაში შესვლის შემდეგ — და იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ — ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შემდეგ ინდივიდუალურად უნდა დაეწესებინათ სავიზო მოთხოვნები დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების და სპეციალური პასპორტების მფლობელთათვის.
ამ დროისთვის ეროვნულ დონეზე პროცედურები დაასრულეს და საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმი აღადგინეს ლატვიამ, ბელგიამ, ბულგარეთმა, ესტონეთმა, ლიეტუვამ, ლუქსემბურგმა, ნიდერლანდებმა, რუმინეთმა, ესპანეთმა, სლოვაკეთმა და შვედეთმა.