ვიზიან ინდოელ ვიზიტორებს აეროპორტიდან ყოველდღიურად ადეპორტებენ – შალვა ალავერდაშვილი

სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებლის შალვა ალავერდაშვილის ინფორმაციით, მართალია, I კვარტალში, ინდოეთიდან ვიზიტორების რაოდენობა +27.7%-ით გაიზარდა და საქართველოს 26,372 ვიზიტორი ეწვია, მაგრამ ვიზების მქონე ინდოელი ვიზიტორების აეროპორტიდან დარეპორტება ისევ ფიქსირდება.
„წერტილთან“ ინტერვიუში ჰოტელიერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა სახელმწიფო უწყებებს ერთმანეთთან ეფექტიანი კომუნიკაციისკენ, რადგან შალვა ალავერდაშვილის აზრით, -ს მესაზღვრებმა არ იციან, რომ საქართველოს ტურიზმის 2025 წლის სტრატეგიით, ჩინეთი და ინდოეთი სტრატეგიული ბაზრებია და ამ ქვეყნებიდან მომავალ ტურისტებს პრობლემები არ უნდა შეუქმნან.
„კარგია, რომ ინდოეთიდან ვიზიტორები ზრდაა, მაგრამ ძველი პრობლემა ისევ მწვავედ დგას – ყოველდღიურად ხდება ვიზიანი ადამიანების აეროპორტიდან დარეპორტება.
მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ტურიზმის 2025 წლის სტრატეგიაში, რომელიც გაგვაცნო [ტურიზმის ადმინისტრაციის მენეჯმენტმა] და გვითხრა, რომ ესაა ახალი სტრატეგია, ინდოეთი და ჩინეთი ბაზრებს შორისაა. დარწმუნებული ვარ, ამ სტრატეგიას შსს და საგარეო საქმეთა სამინისტრო არ იცნობს. ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვთ შსს-სა და სტრატეგიის დამწერ უწყებას.
შემიძლია, ზუსტად ვთქვა, რომ საზღვარზე, მესაზღვრეები ნამდვილად არ არიან ინფორმირებული, რომ ჩვენი სტრატეგიული მიმართულება ინდოეთია, ამიტომ პატივი უნდა ვცეთ ამ ქვეყნების მოქალაქეებს და უნდა მივიღოთ“ – ამბობს შალვა ალავერდაშვილი და ხაზს უსვამს იმასაც, რომ არასეზონზე ინდოელი ტურისტების მიღება და სასტუმროების დატვირთვა, ძალიან მნიშვნელოვანია.
BMGTV-ისთან ინტერვიუში შალვა ალავერდაშვილმა მიმდინარე წლის დასაწყისში, ტურიზმის ადმინისტრაციასა და ინდოეთის ერთ-ერთ უდიდეს სამოგზაურო კომპანია Thomas Cook-ს შორის გაფორმებული მემორანდუმი გაიხსენა, რომლის მიზანია საქართველოს ცნობადობის ამაღლება ინდოეთის ტურისტულ ბაზარზე, საქართველოს შესახებ ტურისტულად მიმზიდველი მედიაკამპანიის ორგანიზება, გაცნობითი ტურების მოწყობა საქართველოში, საქართველოს საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობა ინდოეთში და ა.შ.
„ფულს ვხარჯავთ ინდოეთში, რომ საქართველო პოპულარული გახდეს და იქნებ ვიზიანი ინდოელი ტურისტები შემოუშვან“ – ამბობს შალვა ალავერდაშვილი.